ჭირვეულის მორჯულება – ტორპედო-კუკეში 5:2 – ვიდეო

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ტორპედომ” “კუკეში” დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა.

საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ “ტორპედოსთან” ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს – დიპლომატიურსო. მოკლედ, მათმა უაზრო ჭირვეულობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა და მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იყო, სამწუხაროდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად არ მივიდა  და მატჩი სტუმართა ხანგრძლივი შეტევით დაიწყო, რომლის მოგერიებას ლამაზი კონტრიერიში და კუხიანიძის გოლი მოჰყვა. მე-10 წუთზე “ტორპედომ” ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან – აქტიურმა კუხიანიძემ კოხტა პასით გეგეჭკორი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ გეგეჭკორმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა კუხიანიძემ, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ქიმაძემ გაუკეთა.

ამის შემდეგ ინიციატივას ქუთაისელები დაეუფლნენ, გამოიკვეთა მათი ტექნიკური უპირატესობა, ბურთიც გააგორეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო ალბანელი ჰარბას მიერ გატანილი საპასუხო გოლი. ცოტა ხანში კი რეჯინალდომ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ერთი სიტყვით, გადავრჩით და 28-ე წუთზე კუხიანიძემ გამოზომილი პასი გაუკეთა მარინს და 3:1. მერე “კუკეშმა” ნაკუთხურალი ბურთი უხეიროდ მოიგერია და ქიმაძემ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ “ტორპედომ” სტრატეგია შეცვალა, თამაში დააწყნარა, მეტოქის შეცდომას ელოდებოდა და მიეცა კიდევაც შანსი, მაგრამ მე-60 წუთზე ლაჩნიმ ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ მეტოქის დაცვა ლამაზი ფინტით გაარღვია და მეკარესთან ერთი – ერთზე გასულმა მეხუთედ დალაშქრა ალბანელთა კარი. ბოლოს კი ჰოჯა პირადი ინიციატივით წაიქცა ქუთაისელთა საჯარიმოში, მსაჯმა ჩათვალა, რომ მარინმა თამაშის წესები დაარღვია და პენალტით პლაკუმ ანგარიში 2:5 გახადა.

“ტორპედომ” თავისი ამოცანა შეასრულა, შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და ალბანეთში სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. თუმცა, რომ არა არბიტრის უხეში შეცდომა, შეეძლო უფრო დიდი სხვაობითაც გაემარჯვა. აუცილებლად ხაზგასასმელია კვასხვაძის კარგი თამაშიც, რომელმაც კომპენსირებულ დროში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

თბილისი. “მიხეილ მესხი”.
ტორპედო – კუკეში 5:2
გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31), 5:1 კაპანაძე (86), 5:2 პლაკუ (87, პენ)

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (დაფე 72), გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე (ხურცილავა 79), კუხიანიძე, ლაჩნი (კაპანაძე 67), მარინი, ცინცაძე

კუკეში: ფრაჩერი, გირბჯა (პლაკუ 64), ძარია (შკოდრა 64), ჰარბა, ჰოქსჰა, მუსოლი, ქაგი, რეჯინალდო, რუმბულაკუ, ჩამეტი, ვილიამი

სპორტალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018