ადვოკატი კეკენაძე – “შსს და პროკურატურა გიორგი ჭანტურიას ოჯახს პირადი მასალებით აშანტაჟებენ”

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახელმწიფო უწყებებს შანტაჟში ადანაშაულებს.

ადვოკატის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ჭანტურიების ოჯახსა და მათ გარემოცვას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან, სანაცვლოდ კი მათგან ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას ითხოვენ.

უფლებადამცველის თქმით, ამასთან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს სხვადასხვა უწყებებს და სახალხო დამცველს, თუმცა, უშედეგოდ.

„ყოველგვარ ზღვარს არის გადასული შს სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა, ვინაიდან ისინი მანიპულირებენ და აშანტაჟებენ მოწმეებს და პირებს, რომლებიც გარკვეულ შემხებლობაში არიან აღნიშნულ საქმესთან. თუკი ისინი არ მისცემენ გიორგი ჭანტურიას საწინააღმდეგო ჩვენებებს, ასეთ შემთხვევაში, მათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ჩანაწერების გავრცელებით ემუქრებიან,“ – ამბობს ჭანტურიას ადვოკატი, ანა კეკენაძე.