ადვოკატი ჩუთლაშვილი – “მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება თავის აფეთქების შესახებ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს”

ადვოკატი ჩუთლაშვილი - "მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება თავის აფეთქების შესახებ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს"მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის განმარტებით, მაჩალიკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არარელევანტურია.
როგორც ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება არავითარი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება.
“ამ განცხადებასთან და ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ თვითონ ბატონი მალხაზის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გამოძიების დაწყება და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით არის დაწყებული გამოძიება. ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია იმის მიუხედავად, რომ გამოძიების თაობაზე მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვეთ განემარტათ, სსკ-ის რომელი მუხლით გათვალისწინებულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საგამოძიებო ორგანოს ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია და შესაბამისად, არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ”, – განაცხადა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა.
მახლაზ მაჩალიკაშვილი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე აქციაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომლის თანახმადაც ის სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

ინტერპრესნიუსი