გომბორის ავარიის მონაწილე მძღოლს 8 წელი მიესაჯა

გომბორის ავარიის მონაწილე მძღოლს 8 წელი მიესაჯაგომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევაში, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო “სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ბ.კ.-მ, რომელიც „დოჯი სპრინტერის“ მარკის ავტომობილს მართავდა და ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა, სოფელთეთრიწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს დაარღვია მოძრაობის წესები.

მოსახვევში გადაჭარბებული სიჩქარის გამო შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და ჯერ მცირე ზომის კლდეზე, შემდეგ კი საავტომობილო გზაზე გადავარდა.

სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის მძღოლი იმავე დღეს დააკავეს.

გომბორის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.