“დილით ლოცვებს ვკითხულობ, შემდეგ კი ჩემს შვილს ყავას ვუხარშავ და საფლავთან ვუდგამ” – დოდო ჯოხაძე 8 მიცვალებულთან ერთად სასაფლაოზე ცხოვრობს

"დილით ლოცვებს ვკითხულობ, შემდეგ კი ჩემს შვილს ყავას ვუხარშავ და საფლავთან ვუდგამ" - დოდო ჯოხაძე 8 მიცვალებულთან ერთად სასაფლაოზე ცხოვრობსსამეგრელოში, კერძოდ კი, ზუგდიდში „მაცხოვრის კარის“ სასაფლაოზე ქალი დასთან ერთად მეცხრე წელია, ცხოვრობს.

დოდო ჯოხაძემ ჯერ ქმარი დაკარგა, ორი წლის შემდეგ კი  ერთადერთი ვაჟი – დავით (ჯაჯა) ჯანჯღავა, რომელიც 2009 წლის 4 დეკემბერს, სოფელ ჩხორიაში  მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას  ემსხვერპლა.

მგლოვიარე დედამ შვილის დაკრძალვა  თავდაპირველად  საკუთარ ეზოში მოინდომა, თუმცა აზრი შეიცვალა და სასაფლაოზე გადაწყვიტა, სადაც 8 მიცვალებულია. შვილის დაკრძალვიდან დღემდე იქ დასთან, როზა ჯოხაძესთან ერთად ცხოვრობს.

როგორც დოდო ჯოხაძე ამბობს, დაახლოებით ერთ  წელზე მეტი  სასაფლაოზე მძიმე პირობებში ცხოვრობდა. შვილმკვდარ დედას, მის დასთან ერთად, აწვიმდა და ათოვდა, მაგრამ მისი მგლოვიარე სხეული ვერაფერს გრძნობდა.

დოდო ჯოხაძე:

– 2009 წლის 4 დეკემბერს შეიცვალა  ჩემი ცხოვრება…  ჩემი შვილი  სოფელ ორულუში, ღონისძიებაზე იყო წასული,  იქიდან რომ დაბრუნდა, დაურეკეს მეგობრებმა და და სადღაც წაყვანა სთხოვეს.  ჩემს შვილს წასვლა არ უნდოდა, ალბათ გული უგრძნობდა, მაგრამ  მათ არ დააყენეს და გაბრაზებული წავიდა მათთან. მე კი დამიბარა, მალე დავბრუნდებიო.

უკვე ღამის 10 საათი შესრულდა, და რომ არ დაბრუნდა, დავურეკე, ვიღაცამ აიღო ტელეფონი. გამიკვირდა,  ყურმილი ჩემმა დამ გამომტაცა და უთხრეს ავარიის ამბავი. სასწრაფოდ ავდექით და საავადმყოფოში მივედით და რომ შევედით, ვისაც გაჰყვა, გ.დარასელიას და ი.ციმინტიას მშობლებიც იქ იყვნენ და ყვიროდნენ, ჩვენი შვილია მკვდარი, ჩვენი შვილიო, ვითომ მე მაწყნარებდნენ (მათ დღემდე ვმტრობ).

მე შიგნით არ შემიშვეს და ამბავი  ჩემს ძმას უთხრეს და ასე გავიგეთ. საავადმყოფოდან გამომიშვეს და თურმე ჩემი შვილი გასაკვეთად ექსპერტიზაზე წაიყვანეს, სადაც ის მეორეჯერ მომიკლეს, დაუკითხავად გაკვეთეს.

თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, საკუთარ ოჯახში დამეკრძალა, თუმცა საფლავზე გადავწყვიტე.

– ქალბატონო დოდო, როგორც ვიცი, დიდი წინააღმდეგობა გქონდათ ამ საკითხზე ნათესავებთან.

– დიახ, ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება არ შევცვალე. გადავწყვიტე, შვილი  საფლავზე დამესაფლავებინა იმ პირობით, თუ საცხოვრებლად მეც მასთან ერთად გადმოვიდოდი, ასეც მოვიქეცით. მას შემდეგ შვილთან და ჩემს გარდაცვლილ ნათესავებთან სასაფლაოზე მე და ჩემი და ვცხოვრობთ.

– როგორ შეძელით, საფლავი ჩვეულებრი საცხოვრებელ სახლად გექციათ?

– ერთ წელზე მეტი ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით. მერე  ჩემი შვილის მეგობრების დახმარებითა  და ჩემი ფიზიკური შრომით საფლავი საცხოვრებელს დაემსგავსა.  აქ  არც წყალია და არც ბუნებრივი გაზი. ელექტროენერგია, რა თქმა უნდა, გვაქვს,  სველ წეტილებს რაც შეეხება, მარტო საპირფარეშოა. აქვე ახლოს ჩემი ძმა  ცხოვრობს და მასთან დავდივართ ხოლმე დასაბანად.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– დილით ადრე ვდგები. პირველ რიგში ვანთებ სანთელს და ლოცვებს ვკითხულობ, შემდეგ კი ჩემს შვილს ყავას ვუხარშავ და საფლავთან ვუდგამ. მერე როგორც ოჯახში ხდება ხოლმე, სხვა საქმეებსაც ვაკეთებ. როცა საკურთხის დღეა, დათოს მეგობრები, ახლობლები და ნათესავები მოდიან და აღვნიშნავთ.

– ქალბატონო დოდო, სანათესაო, საზოგადოება თქვენს  გადაწყვეტილებას შეეგუვნენ. რას ფიქრობენ სასულიერო პირები?

– თავიდან მირჩევდნენ, რომ არ გამეკეთებინა, რადგან ეს მიუღებელი იყო. საბოლოოდ კი მათ ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს. მონასტერში ხომ ცხოვრობენ დედებიო და ესეც მისი შვილის გვერდით ცხოვრობსო, უთქვამს ერთ-ერთ მამაოს.

– ქალაქი ცხრა წელია, თვალით არ გინახავთ. თქვენი ცხოვრება საკანში მჯდომ პატიმრისას ჰგავს, რადგან სასაფლაოს ტერიტორიას არ ცდებით.

– კი. ქალაქი ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ თვალით არ მინახავს. საფლავს იშვიათად ვტოვებ, როცა გვერდით სხვა ახალგაზრდების საფლავზე გადავდივარ ან ჩემ ძმასთან გადავდივარ, რომელიც აქვე ცხოვრობს.

– ქალბატონო დოდო, თქვენი შვილისა და ნათესავების გარდა, ძალიან ბევრი გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტოა. გვიამბეთ ამ ფოტოების ისტორიები.

– ფოტოები, რომლებსაც თქვენ აქ ხედავთ,  ჩემი ბიჭის „იმქვეყნიური მეგობრები“ არიან. თითოეული ეს ფოტო  ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ვინც დათოს შემდეგ  ნაცნობი ახალგზარდა გარდაიცვალა,  თითქმის ყველას ფოტოებს ვაგროვებ. აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდის ფოტოა. მათ მშობლებთან  მაქვს კონტაქტი, როცა სასაფლაოზე მოდიან.

– შიში არ გაქვთ, ამხელა სასაფლაოზე სრულიად მარტო თქვენ და თქვენი და რომ ცხოვრობთ?

– არანაირი შიში არ გვაქვს.  დასაფლავების დღიდან არაფრის მეშინია. ვგრძნობ, ჩემი შვილი ჩემ გვერდითაა და რისი ან ვისი უნდა მეშინოდეს?!

– გადაწყვეტილების შეცვლაზე არასდროს გიფიქრიათ?

– არასდროს. რადგან დათოს გარდა, არ მყავდა შვილი. ყოველთვის ვამბობდი, სადაც ჩემი შვილი იქნება, მეც იქ ვიქნები-თქო. სამწუხაროდ, ცხოვრებამ ასეთი ბედი მარგუნა, მაგრამ შევეგუეე. მე ჩემი შვილის გვერდით ვარ, ძალიან ხშირად ველაპარაკები და  თავს ვიმშვიდებ.

ჯემალ ღამბაშიძე