ვახტანგ ძაბირაძე – “მეორე ტური ვაშაძესა და უსუფაშვილს შორის გაიმართება”

ვახტანგ ძაბირაძე - "მეორე ტური ვაშაძესა და უსუფაშვილს შორის გაიმართება"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დაწყების საკითხზე განცხადებები გააკეთა, რასაც “ქართული ოცნება” გაემიჯნა, ხომ არ ფიქრობთ, რომ არჩევნებზეც გაემიჯნოს?
– ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა დაიტოვა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატს. ოპოზიციისა და გარკვეულწილად მედიის განწყობა სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებებზე ცალსახაა. ეს იყო შტურმი.
– ამის შემდეგ როგორი იქნება “ოცნების” პოზიცია?
– მე მაინც მგონია, რომ “ოცნება” ჯერ კიდევ ლოდინის რეჟიმშია. ხელისუფლება აკვირდება, რა რეაქცია გამოიწვია ამ განცხადებემა და ამ გამოსვლებმა არა მხოლოდ სოცილაურ ქსელებში, არამედ მთლიანად მოსახლეობაში.
სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადებებით “ოცნებას” მეტი მანევრირების საშუალება მისცა. ამიტომ, “ოცნებისთვის” თუ უფრო უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება ან გამოჩნდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ხელისუფლების ნდობას მოიპოვებს, მაშინ მისი მხარდაჭერა სწორედ ამ კანდიდატისკენ იქნება მიმართული და არა სალომე ზურაბიშვილისკენ.
– ვინ შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს?
– დღეს ხელისუფლებას არჩევნების წაგება არ შეუძლია, რადგან თუ ხელისუფლება წააგებს ამ არჩევნებს (მონაწილეობის შემთხვევაში), ეს იმას ნიშნავს, რომ ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პირწმინდად წააგებს. “ოცნებამ” კარგად იცის, რომ დაცურება და კისრის მოტეხვა ერთიდაიგივეა. თუმცა, დღეის მდგომარეობით, “ოცნება” ამ არჩევნებს გაერიდა და ასეთი პირდაპირი დარტყმა არ გამოვა.
ზოგადად, “ქართული ოცნებისთვის” ამ პოზიციიდან დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი იმ სამართლებრივი მექანიზმებიდან გამომდინარე, რომლებიც ახალ პრეზიდენტს ექნება კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ. ამიტომ, ასეთი ღია მხარდაჭერისგან “ოცნება” თავს შეიკავებს.
– ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი?
– დიახ. ალბათ არავის არ დაუჭერს მხარს და ეს ყველაზე უკეთესი პოზიცია იქნება “ოცნებისთვის.”
– გამორიცხავთ, რომ ბოლო წუთში ვინმე შემოაგდონ?
– არ მგონია, რომ ასე განვითარდეს მოვლენები. “ოცნებამ” არჩევანი უნდა გააკეთოს: ან მართლაც საერთოდ უნდა გაერიდოს პროცესებს, ან თუ უნდა ჩაერთოს, მაშინ ღიად უნდა თქვას ეს. ერთი ცალსახაა: თუ “ქართული ოცნება” საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს, მაშინ მეორე ტური გარდაუვალია.
– უშვებთ ალბათობას, რომ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო” გავიდეს თუ აქამდე არ მიიყვანს საქმეს “ოცნება”?
– არ მგონია, რომ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო” გავიდეს და თუ გავლენ, ამით “ოცნება” დიდად წაგებული არ დარჩება.
– ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვება მათი ხელისუფლებაში მობრუნების ტოლფასი არ იქნება?
– ძალიან მცირე ალბათობაა, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გახდეს გამარჯვებული. მე მაინც მგონია, რომ ცოტა სხვა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.
– რას გულისხმობთ?
– ზურაბიშვილი და უსუფაშვილი მუშაობენ, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მიიმხრონ, რომ ეს ხმები მათ წაიღონ. “ოცნების” ის ამომრჩეველი, რომელიც მხარს დაუჭერდა “ქართული ოცნების” კანდიდატსა და “ოცნების” ის ამომრჩეველიც, რომელიც უკვე აღარ დაუჭერს მათ მხარს, არჩევანს გააკეთებს არა ნაციონალური მოძრაობისა და “ევროპული საქართველოს” სასარგებლოდ, არამედ დავით უსუფაშვილის ან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
დღეს არსებული მონაცემებით, მე ვვარაუდობ, რომ მეორე ტური გრიგოლ ვაშაძესა და დავით უსუფაშვილს შორის გაიმართება. ამ შემთხვევაში ალბათ “ოცნება” ჩაერთვება და აქ ექნება მას გადამწყვეტი სიტყვა. ალბათ, ეს სცენარები განიხილება, რაც რეალური სცენარებია, მაგრამ რას შეუძლია ეს დაარღვიოს? რასაკვირველია თუ გიორგი მარგველაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას. გარკვეული რეზონანსი ექნება ალეკო ელისაშვილის ფაქტორსაც.
– ივანიშვილის კანდიდატობას საერთოდ გამორიცხავთ?
– როდესაც “ქართულ ოცნებაზეა” საუბარი, რამის გამორიცხვა როგორ შეიძლება, მაგრამ მე ვერანაირ არგუმენტს ვერ ვნახულობ იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა იყაროს კენჭი ივანიშვილმა. ეს რა პლუსს მოუტანს ქვეყანას, არ ვიცი, თუმცა ვიცი, რა მინუსს მოუტანს: თუ ივანიშვილი კენჭს იყრის და ის პრეზიდენტი გახდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქაღალდზე გვექნება საპარლამენტო მმართველობა, რეალურად კი – საპრეზიდენტო.
მე მაქვს არგუმენტები, თუ რატომ უნდა იყოს ივანიშვილი პრემიერი, მაგრამ რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი, ამის არგუმენტი არ მაქვს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა