ზაზა სარალიძე: “ახლა გერმანიის ციხეში ვიჯდებოდი, ამათი გეგმა რომ შესრულებულიყო”

ზაზა სარალიძე: "ახლა გერმანიის ციხეში ვიჯდებოდი, ამათი გეგმა რომ შესრულებულიყო"რას აპირებენ შვილმოკლული მშობლები, რატომ აღარ დაიყენებენ გვერდით პოლიტიკოსებს, რა პროვოკაციას გეგმავდა ხელისუფლება პანკისის ხეობაში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ზაზა სარალიძე ესაუბრება.
– ივნისის დასაწყისში თქვენ მიერ დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა მთავარი პროკურორი და პრემიერი შეიწირეს. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ელოდით, რომ სასამართლო ხორავას საქმეზე დაკავებულ რამდენიმე პირს გირაოთი გამოუშვებდა?
სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ სასამართლო ასეთ უნამუსო და უსამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა. რაკი ამაზე წავიდნენ, პასუხად ისევ აქციებს მიიღებენ. სექტემბრიდან აქციების ახალი ტალღა დაიწყება, ოღონდ პოლიტიკოსების გარეშე.
სექტემბრისთვის დაგეგმილი აქციებისთვის მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ეს ყველაფერი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე გავაკეთოთ. ერთად უნდა დავდგეთ და შერჩევითი სამართალი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვსპოთ ქვეყანაში.
– პოლიტიკოსების გარეშე რატომ გადაწყვიტეთ აქციების მოწყობა?
– პირველ რიგში იმიტომ, რომ რაღაც იარლიყები აღარ მომაწებონ.
– აქციების გამართვას საზოგადოებასთან ერთად აპირებთ და გაქვთ იმის იმედი, რომ ხალხი თქვენ გვერდით დადგება?
– ხალხის იმედი რომ მაქვს, იმიტომ დავაანონსე ეს აქციები. თან ახლა სიტუაციაც შეიცვალა – ზაზა სარალიძეს კი აღარ სჭირდება გვერდში დგომა, არამედ ქვეყანას სჭირდება მხარდაჭერა.
ზაზა სარალიძე არც პირველი შვილმოკლული მშობელია და არც უკანასკნელი, რომელიც სამართალს ვერ პოულობს. ჩემს დღეში უამრავი ადამიანია, ჩვენი ბედი შესაძლოა კიდევ ბევრმა მშობელმა გაიზიაროს.
იმისთვის, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოისპოს, აქციაზე ის ხალხიც უნდა მოვიდეს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაზარალდნენ. ამ დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მომმართა. მათ ეტყობა ჰგონიათ, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.
– თქვენმა აქციებმა ზაფხულის დასაწყისში ჯერ მთავარი პროკურორი, შემდეგ კი პრემიერი გადაიყოლა. ასე რომ, რაღაცის გაკეთება მართლაც შეგიძლიათ.
– ამას ხალხთან ერთად მივაღწიე. ახლაც ერთიანობა და ხალხის გამოსვლაა საჭირო, რომ სამართალმა პური ჭამოს. ჩვენი მთავარი ამოცანა შერჩევითი სამართლის დასრულებაა. ეს პოლიტიკოსების და პოლიტიკის გარეშე უნდა გავაკეთოთ.
მე თუ მკითხავთ, უკვე დროა, ხელისუფლებაში ახალი სახეები მოვიდნენ. სხვანაირად ხელისუფლების შეცვლას აზრი არა აქვს. როგორც არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, იქ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც დარჩებიან. “ოცნებაში” დღეს 60-70% ნაციონალია.
– საინტერესოა, რომ ყველაზე აქტიურად ეს ყოფილი ნაციონალები გადანაშაულებენ იმაში, რომ ნაციონალების მხარდამჭერი ხართ.
– ეს იყო სიბინძურე და შავი პიარი. ხალხს არწმუნებდნენ, რომ ნაციონალები მედგნენ გვერდით. მე ნაციონალების გვერდით არასდროს დავმდგარვარ.
– სამაგიეროდ, ისინი დადგნენ თქვენ გვერდით.
– პირადად მე არც ნაციონალებისთვის და არც სხვა პარტიისთვის არ მითხოვია მხარდაჭერა. მხარდაჭერა მე ხალხს ვთხოვე. საზოგადოება ძალიან ჭრელია. ზოგი “ოცნებას” უჭერს მხარს, ზოგი ნაციონალებს და ზოგი კიდევ სხვას. საქართველოში უამრავი პოლიტიკური პარტიია და ყველა მათგანს ჰყავს მხარდამჭერი.
საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც არცერთი პარტიის მიმართ არა აქვს სიმპატია. პირადად მე არცერთი პოლიტიკური პარტია არ მომწონს და არცერთ მათგანს არ ვემხრობი.
ასეთი განწყობა იმიტომ მაქვს, რომ მთელი ამდენი ხნის მანძილზე პარტიებისგან ვერანაირი სიკეთე ვერ დავინახე. 39 წლის ვარ და 39 წელია ვუყურებ, რომ ეს პოლიტიკოსები მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ.
ამიტომაც არ იქნებიან ჩვენს აქციაზე ისინი, საქმე ხალხმა უნდა გააკეთოს. ამ დღეებში ყველამ კარგად ვნახეთ, რისი კადრება შეუძლიათ პოლიტიკოსებს. იმის ნაცვლად რომ მკვლელები დასაჯონ, ჩემი მოშორება გადაწყვიტეს.
– რას გულისმობთ, როცა ამბობთ, ჩემი მოშორება გადაწყვიტესო?
– აგვისტოს დასაწყისში მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ელისო კილაძესთან ერთად ვაპირებდი სტრასბურში წასვლას. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ევროპაში მოეწყო ჩვენთვის პროვოკაცია.
მათ ევროპის ქვეყნებში გააგზავნეს ინფორმაციები, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. მიუნხენის აეროპორტში მას, როგორც ტერორისტებთან დაახლოებულს, ისე დააკავებდნენ. დაგვაკავებდნენ მე და ელისო კილაძესაც, რადგანაც მისი თანმხლები პირები ვიყავით. ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო, ახლა მე გერმანიის ციხეში ვიჯდებოდი.
ფაქტია, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებით საქართველოს ხელისუფლება იყო დაინტერესებული. გერმანელ სამართალდამცავებს ამ ინფორმაციას სხვა ვერ მიაწვდიდა. კერძო პირებს რომ მიეწოდებინათ, არც დაუჯერებდნენ მათ ევროპაში.
ამ დეზინფორმაციის გავრცელებით ხელისუფლება ჩვენ ფაქტიურად ქვეყნიდან გასვლა შეგვიზღუდა. გერმანიის ფედერალური პოლიციიდან შემოგვითვალეს, რომ სანამ ამ საქმის გამოძიება არ დასრულდება, საქართველოდან არ გავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ჩვენი დაკავება.
ისე გათავხედდნენ, რომ ტერორიზმში ამერიკის მოქალაქეც კი დაადანაშაულეს. სტრასბურში ჩვენს ჩასვლას ორგანიზებას სწორედ აშშ-ს მოქალაქე პაატა აბჟანდაძე უწევდა. კიდევ კარგი, რომ ის ჩვენზე ერთი დღით ადრე ჩაფრინდა მიუნხენში. დაკავებისას მას უთხრეს, რომ იმ ჯგუფში, რომელსაც თქვენ მიაცილებთ, ერთ-ერთი პირი ტერორიზმშია ბრალდებულიო.
გერმანელმა სამართალდამცავებმა პაატა აბჟანდაძეს ქართული პასპორტი მოსთხოვეს და როცა ნახეს, რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო, შოკში ჩავარდნენ. შოკში ჩავარდა ამერიკაც, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეგრევე დაიწყო საქმის გამოძიება – რას ნიშნავს, ჩვენს მოქალაქეს ტერორისტობაში ადანაშაულებო.
მიუნხენში ჩვენი დაკავება მხოლოდ იმაზე არ იყო გათვლილი, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მოეშორებინათ. აქ უფრო შორსმიმავალი გეგმები იკვეთება.
– რას გულისხმობთ?
– ყველაფერი ისე რომ მომხდარიყო, როგორც ეს ხელისუფლებას უნდოდა, პანკისის ხეობაში ვინმეს დავაჯერებდით, რომ ეს დაკავება ჩვენ მიერ არ იყო მოწყობილი? ამას ქისტებში ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ცხელ გულზე ისინი ქართველებს დაუპირისპირდებოდნენ. რუსებს მეტი რა უნდოდათ, ეგრევე გადმოისროდნენ ხალხს პანკისში.
ეს არის ამ ხელისუფლების ჩანაფიქრი, სამწუხაროდ, ყველაფერზე ღიად საუბარი არ შეიძლება. სამი თვის მანძილზე იმდენი რამე გავიგე, რომ შოკირებული და ძალიან აჟიტირებული ვარ.
იმან, რაც გავიგე, დამარწმუნა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერ ვიპოვი. ამის შანსი ნულის ტოლია.
– საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე რას იტყვით? გაქვთ იმედი, რომ რაიმე შეიცვლება საქმეში?
– საპარლამენტო კომისიის მუშაობას ერთი რაღაც ჰქონდა დადებითი, ეს სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ხალხმა თავისი თვალით ნახა, ვინ რა დააშავა და ვინ ცდილობდა ამ საქმის გაფუჭებას.
საპარლამენტო კომისიამ ახლა დასკვნა უნდა დაწეროს. დაველოდები, რა დასკვნას მიიღებს პარლამენტი და ამის შემდეგ გავაკეთებ შეფასებას. ერთი რამეც იცოდეთ, რა დასკვნაც არ უნდა დადოს პარლამენტმა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პროკურატურამ უნდა მიიღოს.
– პროკურატურის თქვენ არ გჯერათ.
– რა თქმა უნდა, არ მჯერა. მთელი საქართველო ხედავს, რა უკანონობაც ხდება ჩემი შვილის საქმის გარშემო. რამდენიმე დღის წინ გირაოთი გამოუშვეს ის ხალხი, რომლებიც ჩემი შვილის საქმეზე იყვნენ დაკავებული. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ, იმედი ჰქონდათ, წყობილებიდან გამოვიდოდი.
– თქვენი წყობილებიდან გამოყვანა რაში სჭირდებოდათ?
– იმედი ჰქონდათ, რომ რაიმე შეცდომას დავუშვებდი, მაგრან გამორიცხულია, ზაზა სარალიძეს წყობილებიდან ვერ გამოიყვანენ. მყარად მაქვს გადაწყვეტილი, ამ საქმეს ბოლომდე მივყვე.
ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს დღეში, ძალიან ბევრი ვერ პოულობს სამართალს. სამართლის პოვნა მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია. ერთად თუ დავდგებით, აუცილებლად დავანგრევთ ამ მახინჯ სისტემას. სისტემა თუ არ დაინგრა, სამართალი არ იქნება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სექტემბერში დაგეგმილ აქციებზე პოლიტიკოსები არ იქნებიან. ეს იქნება სახალხო პროტესტი.
– აქციაზე პოლიტიკოსებს არ მიუშვებთ?
– ორგანიზატორებში არ იქნებიან და არც სიტყვით არ გამოვლენ. აქციას თუ დაესწრებიან, ამას ვერ ავუკრძალავთ. ამის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს.
– თქვენ ცოტა ხნის წინ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ითხოვდით შეხვედრას. რამე ისმის მთავრობის ადმინისტრაციიდან?
– არაფერი არ ისმის. არ შემხვდება მე პრემიერი. აღარც მინდა ეს შეხვედრა. მასთან საუბარი მანამდე მინდოდა, სანამ სტრასბურში წავიდოდი. იქ არ გაგვიშვეს. ახლა ჩვენ აქციებისთვის ვემზადებით.
– ბევრი ხალხი თუ იქნა აქციაზე, ალბათ თავად მოვა იქ პრემიერი, რამდენიმე თვის წინ ასე მოიქცა გიორგი კვირიკაშვილიც.
– ხალხი აუცილებლად მოვა. ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საქართველოში სამართლიანობას.
– მალხაზ მაჩალიკაშვილიც იქნება ამ აქციაზე?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით სიმართლისთვის. შვილმოკლული მშობლები აუცილებლად დავანგრევთ ამ სისტემას.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა