“ივანიშვილი ზურაბიშვილის კანდიდატურას თავისით არ წამოაყენებდა”

"ივანიშვილი ზურაბიშვილის კანდიდატურას თავისით არ წამოაყენებდა"“ქართული ოცნების” პოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი დააბნია საქართველოს საზოგადოება. დამოუკიდებელი, ჯერ არდარეგისტრირებული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილს, მიმართ ზოგჯერ სოლიდარულმა და ზოგჯერ კრიტიკულმა გამონათქვამებმა გააჩინეს აზრი, რომ “ოცნებას” შეიძლება სხვა დამოუკიდებელი ფავორიტი ჰყავდეს.
ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატსა და დისიდენტს თამარ ჩხეიძეს.
თამარ ჩხეიძე:
– მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ მითქმა-მოთქმა იყო მმართველი პარტიის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, ვამბობდი, რომ თუ ეს მართალია, ბიძინა ივანიშვილიშვილის ინიციატივა არ უნდა იყოს-მეთქი.
– ახლაც ასე გგონიათ?
– რასაკვირველია. ივანიშვილი ზურაბიშვილის კანდიდატურას თავისით არაფრით არ წამოაყენებდა. მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა, კარგი წარმოდგენის არ ვარ სალომე ზურაბიშვილზე. ამის მიზეზი მისი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და შეფასებებია, ბიძინა ივანიშვილი კი მას სულ სხვა მიზეზით იწუნებს. ივანიშვილი ვერ იტანს ამბიციურ ადამიანებს, მათ, ვისაც საკუთარი ბიოგრაფია და თავისი სახელი (ცუდი ან კარგი) აქვს დამკვიდრებული.
იმაზე, რაც სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით თქვა, ივანიშვილსაც ულაპარაკია. ორივეს მიაჩნია, რომ ეს ომი საქართველომ დაიწყო, რაც აბსურდული და ანტისახელმწიფოებრივია. ზურაბიშვილმა ამ ომის შემდეგ ფრანგულ ენაზე წიგნიც გამოსცა, სადაც ეს მოსაზრებებია გავრცობილი. სალომე ზურაბიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენისა არა ვარ, თუმცა, ეს პიროვნება არც სულელად მიმაჩნია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მან დავალებით გააკეთა.
– ვისი დავალებით?
– პუტინისა და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ივანიშვილსაც რუსეთმა მიუთითა, რომ მხარი დაეჭირა მისი კანდიდატურისათვის. რუსეთის სპეცსამსახურები მისი პერსონით ადრევე დაინტერესდნენ. ზურაბიშვილის ქართული ფესვები, კარგი ოჯახი, დიპლომატიური სამსახური და პროდასავლური იმიჯი იყო ის, რაც რუსეთისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. მათ ახლაც იაქტიურეს და მოითხოვეს ზურაბიშვილის კანდიდატად დასახელება.
– “ქართული ოცნება” არ აცხადებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
– მმართველი გუნდი არ ჩქარობს თავისი პოზიციის გამოცხადებას. გუნდის შიგნით სალომე ზურაბიშვილზე მზე არავის ამოსდის. მათ შორის, არც ივანიშვილს. ეს ხალხი უცდის, რამდენად სკანდალური იქნება ზურაბიშვილის მოქმედებები. იდეოლოგიურად “ქართულ ოცნებას” და ზურაბიშვილს ერთმანეთთან უთანხმოება არ გააჩნიათ. შეიძლება, საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდეს, რომ ივანიშვილმა პუტინს შეუთვალოს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურა სკანდალებს იწვევს და გამსვლელი არ არის. ამ ეტაპზე “ოცნებაში” ფეხს ითრევენ და ბოლო მომენტამდე იცდიან. ღმერთმა ნუ ქნას, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდეს.
– ის საშიში იქნება?
– წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, როცა საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ადანაშაულებს? ეს რუსეთის აგრესიის, რუსეთის პოლიტიკის გამართლება იქნება. მოსკოვის მიზანი სწორედ ეს არის. ქვეყნისთვის აჯობებს, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდევე უარს იტყვის თავის გეგმებზე ან, უარეს შემთხვევაში, წააგებს არჩევნებს.
– დავუშვათ, სალომე ზურაბიშვილი ადრევე გამოთიშა არჩევნებს, ან დამარცხდა. რა გარანტია გვაქვს, რომ მმართველი პარტია არ მოძებნის სხვას, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს?
– ასეთის გამონახვა არ გაუჭირდებათ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი უფრო სახიფათოა. მას იცნობენ. ზურაბიშვილს თავისი ბიოგრაფია აქვს. ერთია, როცა საშიშ განცხადებებს აკეთებს ცნობილი ზურაბიშვილი, და მეორეა, როცა ამას აკეთებს მარიონეტი, ცარიელი ადგილი. კარგი იქნება, თუ საზოგადოების ზეწოლით ზურაბიშვილი უარს იტყვის საარჩევნო კამპანიაზე და არ დაარეგისტრირებს თავის კანდიდატურას. საზოგადოების ზეწოლას და მის შედეგებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
– “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტის არჩევნებზე. პრეზიდენტს რომ შეკვეცილი უფლებები ექნება, ვიცით. მათი განცხადებებით, ამ არჩევნებს აზრი დაეკარგა. ხომ არ უნდათ  არჩევნების ჩაშლა?
– არა მგონია, ჩაშლა ჰქონდეთ დაგეგმილი. უბრალოდ, მმართველი პარტია განმარტავს, თუ რატომ არ აყენებს კანდიდატურას თავისი პარტიიდან.
– იმათში, ვინც ზურაბიშვილის გარდა უკვე მონაწილეობს საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიაში, ძნელად შეიძლება ვინმეს უწოდო პროდასავლელი კანდიდატი.
– მკვეთრად და გამოკვეთილად პროდასავლურს ვერც მე ვუწოდებდი ვინმეს. კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია არ დაიქსაქსებოდა, შეჯერდებოდა ერთ შეთანხმებულ და სანდო კანდიდატურაზე. ოპოზიციაში ვგულისხმობ პროდასავლურ ძალებს. პრორუსულები ოპოზიციად არ მიმაჩნია. ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში ხალხიც დაირაზმებოდა, აიწევდა მუხტი და გაჩნდებოდა გამარჯვების შანსი.
– ახლა ხშირად არც იგრძნობა, რომ არჩევნები ახლოვდება.
– ეს, ნაწილობრივ, ზაფხულის ბრალიცაა. შემოდგომის მოახლოება ტემპერატურასაც გაზრდის. მუხტი შეიძლება გარკვეულმა მოვლენებმაც ასწიოს.
– რომელიმე ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატურის მხრიდან ტემპერატურის აწევა არ არის მოსალოდნელია?
– შესაძლოა, გამოჩნდეს ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მართლა დამოუკიდებელი კანდიდატურა და მას ხალხმაც დაუჭიროს მხარი, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მას ჰქონდეს ზურგი და რესურსები. ამ ეტაპზე მისი გამარჯვება არარეალურია.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა