ლევან ვასაძეს პრეზიდენტობის კანდიდატობას სთავაზობენ

ლევან ვასაძეს პრეზიდენტობის კანდიდატობას სთავაზობენპარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატობაზე პარტიაში ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. ვასაძისგან უარის მიღების შემთხვევაში კი, პრეზიდენტობისთვის დიდი ალბათობით თავად კახა კუკავა იბრძოლებს.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ვიქნები მე თუ ვინმე სხვა ჩვენი პარტიიდან, მომავალ კვირას მივიღებთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანდიდატს რაც შეეხება, პირადად შევთავაზეთ და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილებოდა ლევან ვასაძე. გვაქვს კონსულტაციები სხვა კანდიდატებთანაც“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი და განაცხადი ცესკო-ში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ წარადგინა.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.