“მეღვინეობა ხარებამ” მეღვინეობა “მარანული” შეიძინა

"მეღვინეობა ხარებამ" მეღვინეობა "მარანული" შეიძინა“მეღვინეობა ხარებამ” მეღვინეობა “მარანული“ შეიძინა, რითაც კომპანიის წარმადობა წელიწადში 1 მილიონი ბოთლით გაიზრდება – ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ეზუგბაიამ განუცხადა. “მარანული“ საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს, ამიერიდან კი ის “ხარება ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანია გახდება. მარანი კახეთის რეგიონში, მუკუზანის მიკროზონაში მდებარეობს.

“მარანული“ ახალგაზრდა კომპანიაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა. კომპანიას საკმაოდ დიდი წარმადობის მარანი აქვს, რომელსაც სეზონზე 1000 ტონა ყურძნის გადამუშავება და წელიწადში 1 მილიონი ბოთლი ღვინის წარმოება შეუძლია. ჩვენ ვაპირებთ ამ საწარმოს კიდევ უფრო განვითარებას, მის გადაიარაღებას და განახლებას. ეს იქნება “ხარება ჯგუფში“ შემავალი კიდევ ერთი კომპანია, სადაც ღვინის წარმოება “მარანულის“ ბრენდით მოხდება.“ – განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

“მეღვინეობა ხარებას“ სამი ღვინის საწარმო აქვს, მათ შორის ერთი თერჯოლაში, ერთი სოფელ ვაჩნაძიანში, ერთი კი მუკუზანშია. კომპანიის წარმადობა წელიწადში 6 მილიონი ბოთლია, საიდანაც 20-25% ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი კი ექსპორტზე 20 ქვეყანაში იყიდება.

კომპანია ასევე ფლობს 1500 ჰექტარ ვენახს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია. ღვინის წარმოებისთის საჭირო ყურძნის 90-95% სწორედ ამ ვენახებშია მოწეული. მათ შორის საკოლექციო ვენახებიცაა, სადაც საქართველოში არსებული 525 ვაზის ჯიშიდან 321 ჯიშია დაცული და ყოველწლიურად მათი რაოდენობა იზრდება.

“ყოველწლიურად, 2020 წლის ჩათვლით, გვაქვს ვენახების ზრდის გეგმა, რასაც ყველა რეგიონში განვახორციელებთ. მათ შორის გამოვყოფდი მეგრულ ჯიშს ოჯალეშს, რომელიც მარტვილში მოდის. ამ ჯიშის განვითარებისთვის სერიოზული გეგმა გვაქვს” – განაცხადა ეზუგბაიამ.