ნაზი ჯანეზაშვილი – “ორშაბათს ნინო გვენეტაძე გადადგომას არ აპირებდა”

ნაზი ჯანეზაშვილი - "ორშაბათს ნინო გვენეტაძე გადადგომას არ აპირებდა"ნინო გვენეტაძე საუბრობდა სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე, მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ იგი აპირებდა გადადგომას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომის საკითხი სასამართლოში არსებულ „გავლენიან ჯგუფებს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირა.

„ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იყო ნამდვილად მოულოდნელი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც დღეს განცხადება გააკეთეს. მე ორშაბათს შევხვდი ქალბატონ ნინოს, როდესაც ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა. ჩვენ გვქონდა ერთობლივად გარკვეული გეგმები. ის საუბრობდა სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე. მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ იგი აპირებდა გადადგომას. ამიტომ სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო ეს ჩემთვის“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება გახდეს თანამდებობიდან გადადგომის ობიექტური მიზეზი, თუმცა მას ნინო გვენეტაძესთან პირად საუბრებში არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ გადადგომას აპირებდა. „აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმ მოვლენებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, მით უმეტეს თუ რა ხდებოდა გვენეტაძესთან მიმართებაში.

ეს გახლავთ გასული წლის 6 ნოემბრის სხდომა, რომელსაც მე ვესწრებოდი, სადაც გვენეტაძემ განაცხადა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ამას წინ უძღოდა საბჭოს წევრების მიერ სერიოზული შეტევა, რომელსაც მე ბულინგი დავარქვი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოების და მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან არ გაკეთდა გარკვეული განცხადება და შეფასება გვენეტაძის მაშინდელ განცხადებაზე.

ინტერპრესნიუსი