რა მოსთხოვა სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს პრეზიდენტის კანდიდატურის დაყენების სანაცვლოდ

რა მოსთხოვა სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს პრეზიდენტის კანდიდატურის დაყენების სანაცვლოდრა მოსთხოვა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილმა, როგორ გადააგდო ის ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ გავიდა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები, რატომ ჩამოჰყავთ მთავრობის გადასახალისებლად ხალხი რუსეთიდან? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.
გიგლა ბარამიძე:
– ყველას გვაქვს ნანახი ამერიკული ფილმი “ჩარლის ანგელოზები”, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება თუ ტოტალურად ივანიშვილის შინა-ყმებად გადაიქცეოდა, ძნელად წარმომედგინა.
9 აგვისტოს ჩვენ მოვისმინეთ ახლადწამოჩიტული პრემიერ მინისტრის მოწოდება “რუსეთო, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაიყვანე ჯარი”. მივმართავ ბნ პრემიერ მინისტრს, იმისათვის რომ რუსებმა ჯარი გაიყვანოს, მუშაობაა საჭირო და არა ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. მალე მეშვიდე წელი დაიწყება, რაც “ოცნება-ბოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა და ამ მიმართულებით თითი თითზე არ დაგიკარებიათ. რუსეთს რომ ხელებს უქნევთ, თავად არა გაქვთ რუსეთში განათლება მიღებული და მანდვე არ გაქვთ ბიზნესები? მთავრობის შესავსებად რუსეთიდან არ ჩამოგყავთ მინისტრები?!
– არ გჯერათ, რომ ხელისუფლებას მართლა უნდა საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანა?
– რუსული ჯარების გაყვანა რომ სდომნოდათ, ამ წლების განმავლობაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ. არ მჯერა კიდევ იმიტომ, რომ მმართველი პარტია გამუდმებით ატყუებს ამომრჩეველს.
“ქართული ოცნება-ბოცნების” სიცრუისადმი მიდრეკილების გამომჟღავნება იყო განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ვერ ასახელებენ და ამას დემოკრატიის გამოვლინებად ასაღებენ.
დემოკრატიულობაზე როცა გაქვთ პრეტენზია, შეფარული გავლენის აგენტივით პრეზიდენტობის კანდიდატი კი არ უნდა მოძებნო და მას დაუჭირო მხარი, არამედ ვადამდელი არჩევნები უნდა დაგენიშნათ და საარჩევნო სისტემა შეგეცვალათ.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის რჩეულის, ბალზაკის ასაკს უკვე გადაცილებული ქალბატონის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ-დიპლომატიური ლაფსუსები უკვე გასაოცარია. ამ ქალს უნდა შევარქვათ მე-მე – სამყაროს შექმნიდან დღემდე, თუკი რამე კარგი გაკეთებულა ბედკრულ საქართველოში, ყველაფერს თავად იბრალებს.
სააკაშვილის მიერ 2004 წელს საქართველოში ჩამოყვანილი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ევროპული საარჩევნო კამპანია მექნებაო. ამ ევროპულ კამპანიას ის ორი უდიდესი ტყუილით იწყებს.
– რა ტყუილებით?
– პირველი ის, რომ არის დამოუკიდებელი. ერთი საპარლამენტო არჩევნებზე იყო მთაწმინდის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი და მეორე ახლა იქნება. 2016 წელს მთელი სუსი და პოლიცია მის სასარგებლოდ მუშაობდა.
ასევე ტყუილია ის, რომ საქართველოდან რუსული ჯარები მან გაიყვანა. ადამიანი, რომელიც დიპლომატობით და ევროპულობით ტრაბახობს, ასეთ რაღაცას არ უნდა კადრულობდეს. სადაც მზად იყო, ვანო მერაბიშვილის მოადგილე გამხდარიყო, იქ ასეთი ტყუილებიც არაა გასაკვირი.
– როდის შესთავაზა მერაბიშვილმა მოადგილეობა?
– პირადად მისთვის არ შეუთავაზებია მერაბიშვილს მოადგილეობა, თავად მოინდომა ამ პოსტის დაკავება. მინისტრობიდან რომ გადადგა, ქალბატონი სალომე ოპოზიციაში წავიდა. 2009 წელს ისიც გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით იდგა. ოპოზიციამ მაშინ მძლავრი საპროტესტო ტალღა ააგორა.
მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და განაცხადა, რომ მზად იყო, ერთ-ერთი მათგანი თავის მოადგილედ დაენიშნა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ეს შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღეს და თქვეს, რომ ამ პოსტის დაკავება სამარცხვინო საქციელი იქნებოდა.
მათგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილმა და დათანხმდა სისხლიანი ვანო მერაბიშვილის მოადგილეობას.
– ეს კი დათანხმდა, მაგრამ იმათ ხომ არ დაუნიშნავთ?
– ნაცები არც აპირებდნენ შს მინისტრის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას. შეთავაზება ოპოზიციის გამოსაცდელად გაკეთდა მხოლოდ.
არის ასეთი ქართული ანდაზა – ბავშვს ჰკითხეს, რატომ ტირიხარ, გამდის და ვტირივარო. ასე არის ეს ქალიც. ჯერ სააკაშვილის დროს გასდიოდა, რაც უნდოდა და ახლა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულს გასდის ყველაფერი.
ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმ პირობებზე საუბრისგან, რაც მან იმის სანაცვლოდ დააყენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგენდა თავს. სხვათა შორის, ისიც ვიცით, რა მოითხოვა, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.
– იცით, მაგრამ არ იტყვით.
– მოვა დრო და ვიტყვი, ახლა ამის თქმა საჭიროდ არ მიმაჩნია. სიმართლე რომ გითხრათ, არც მაინტერესებს. ეს ამბავი იმას მოვაყოლე, რომ ამ ქალს ჯერჯერობით გასდის, რაც უნდა.
– მოდით, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე ვისაუბროთ. როგორ გავიდნენ რუსული ჯარები საქართველოდან და ამაში ზურაბიშვილს საერთოდ არანაირი წვლილი არ შეუტანია, მან ხომ ლავროვთან შეთანხმებას მოაწერა ხელი?
– არ უარვყოფ, რომ სააკაშვილის მიერ ხელდასმული საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა რუსული ჯარების გაყვანის პროცესის დასრულებაში. თავად პროცესი დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. იმ დროს, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ეს საკითხი პოლიტიკურად 100%-ით იყო გადაწყვეტილი, ტექნიკურ-ორგანიზაციულად კი – 95%-ით.
იმისთვის, რომ “ოცნება-ბოცნების” და მათი მხარდაჭერილების ზღაპრები აღარ ვისმინოთ, საქართველოს მოსახლეობას შევახსენებ, როგორ დაიწყო ეს პროცესი.
1999 წლის 17 ნოემბერს სტამბულში ეუთოს სამიტი ჩატარდა. ამ სამიტის მუშაობაში 38 ქვეყანა მონაწილეობდა. ცალკე მიმდინარეობდა სამიტი და ცალკე იმართებოდა ამ სამიტში მონაწილე ქვეყნების პირველი პირების შეხვედრები.
სამიტზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილებოდა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა. ამ მოლაპარაკებებში თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩართულები აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, თურქეთის პრემიერი დემირელი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი. მოლაპარაკებებში, ბუნებრივია, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები – ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინიც მონაწილეობდნენ.
იმ სამიტს მეც ვესწრებოდი და კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. იქ იყო საქართველოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. მისი მინისტრობის დროს დაიწყო რუსული ჯარების გაყვანა და ამ ადამიანს ერთხელაც არსად დასცდენია, რუსული ჯარები მე გავიყვანეო.
ამით თავს არც კლინტონი იწონებს. არადა, ეს საკითხი კბილებით გაიტანა და ელცინთან ლამის ხელჩართული ბრძოლა ჰქონდა გამართული.
იმ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ვიყავი, მაგრამ შევარდნაძემ კიდევ ერთი თანამდებობა მომცა და გავხდი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სომხეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ და საზღვრისპირა საკითხებში.
ეს თანამდებობა სპეციალურად შექმნა შევარდნაძემ, რომ როცა ჯავახეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყებოდა, ამ პროცესებში ჩავრთულიყავი.
ახალქალაქის ბაზის გაყვანამდე ახალციხიდან და ბათუმიდან რუსი მესაზღვრეები გავიდნენ. ამ პროცესში აქტიურად ვმონაწილეობდი, იმიტომ, რომ შევარდნაძის სპეცწარმომადგენელი ვიყავი.
– სტამბულის სამიტს დავუბრუნდეთ. რუსეთი ასე მარტივად არ დათანხმდებოდა საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანას.
– სერიოზული ჭიდაობა წავიდა. რუსეთი თავიდან ბაზების გასაყვანად 10-12 წელს ითხოვდა. მერე ეს ვადა 7-დან 8 წლამდე შემცირდა. ბოლოს დაჩქარდა და 2-3 წელზე დავიდა. როცა სალომე ზურაბიშვილმა სერგეი ლავროვთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რუსული ჯარების 90% საქართველოდან უკვე გაყვანილი იყო.
– რუსი მესაზღვრეების გაყვანა როგორ მოხდა?
– 1998 წლის აგვისტოში გადაწყდა, რომ მომდევნო წელს უნდა დაწყებულიყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან რუსი მესაზღვრეების გასვლა. გადაწყდა, რომ ისინი ეტაპობრივად გადმოგვაბარებდნენ 210 კილომეტრიან საზღვრის მონაკვეთს. ეს რეგიონი თურქეთს და სომხეთს ესაზღვრება.
ახალციხეში განთავსებული იყო მესაზღვრეების 38-ე ბაზა, რომელსაც ეთნიკური ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე ლევან კამკამიძე ხელმძღვანელობდა. პოლკოვნიკი კამკამიძე ძალიან ღირსეული ადამიანია.
პოლკოვნიკი კამკამიძის, თქვენი მონამორჩილის და ცხონებული ვალერი ჩხეიძის თავდადების შედეგად რუსი მესაზღვრეები ყოველგვარი გართულებების გარეშე გავიდნენ.
რუსებს ქართველი მესაზღვრეები ჩაენაცვლნენ. ეს ისტორიული ფაქტი იყო, რადგან მე-16 საუკუნის შემდეგ, იქ ქართველი მესაზღვრეები არ მდგარან.
– ასე მარტივად გადაიბარეთ საზღვარი?
– რაღაც პრობლემები შეიქმნა, მაგრამ უმტკივნეულოდ მოვაგვარეთ. ეს ქალბატონი სალომეს ჩარევის გარეშე მოვახერხეთ. მაშინ მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდით.
ახალციხის გარდა, რუს მესაზღვრეებს ბათუმშიც ჰქონდათ ბაზა. ეს ბაზაც უპრობლემოდ გაიყვანეს. 2000 წლის დასაწყისისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები აღარ იყვნენ.
– რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზების გაყვანის პროცესი როგორი იყო?
– ვაზიანიდან და ბათუმიდან როგორ მოხდა მათი გაყვანა, ამაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ახალქალაქის ბაზაზე დეტალურად შემიძლია გესაუბროთ. იქ რუსებს ძალიან მძლავრი ბაზა ჰქონდათ. საუბარია 62-ე დივიზიის ბაზაზე. ამ ბაზის 99% 2000 წლის დასაწყისში უკვე გასული იყო.
ამ ბაზის გაყვანის პროცესში, როგორც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ისე ვმონაწილეობდი. ჩემთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორი ოფიცერი.
ბაზის გაყვანა სპეციალური გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. გეგმაში გვეწერა, დღეში რამდენი ჯარისკაცი უნდა გასულიყო ახალქალაქის ბაზიდან.
ამის პარალელურად აქტიური მუშაობა მიდიოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროცესის დასაწყისში მათთან ძალიან სერიოზული პრობლემები იყო.
– რა პრობლემები?
– ჯავახეთში მცხოვრები სომხების ნაწილი რუსულ ბაზაზე იყო დასაქმებული. ისინი რუსული ჯარის გასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. პრობლემები შეიქმნა, როცა იქ ქართველი სამხედროები შეგვყავდა. ამის გამო პროცესი დროებით შეჩერდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ქართულ ჯარს ჩასაფრება მოუწყო. ეს საკითხი მალევე მოგვარდა და რუსი სამხედროების ადგილი ქართველებმა დაიკავეს.
რუსული სამხედრო ბაზიდან ჩემი ხელით ჩამოვხსენი რუსული დროშა და ქართული სახელმწიფო დროშა აღვმართე.
ახლა იმასაც მოგახსენებთ, რა გავიყვანეთ სალომეს საქართველოში ჩამოსვლამდე. ახალქალაქიდან გავიყვანეთ 2 მოტომსროლელი პოლკი, 1 საარტილერიო პოლკი, 1 კავშირგაბმულობის ბატალიონი, 1 დაზვერვის ბატალიონი, ტანკსაწინააღმდეგო დივიზია. სულ 3.500 კაცი.
გარდა ამისა, გავიყვანეთ სამხედრო ტექნიკა, კერძოდ: 50 ტანკი, 90 ჯავშანმანქანა, 62 საარტილერიო ქვემეხი. ასობით ტრაილერით გატანილ იქნა ტყვია-წამალი. გატანილ იქნა ათასობით ავტომატი და ტყვიამფრქვევი.
– ეს ყველაფერი გიუმრის მიმართულებით გავიდა?
– იქ წავიდა. სომხეთის საზღვრამდე მივაცილებდით ცოცხალ ძალას და ტექნიკას და იქ ხდებოდა რუსებისთვის გადაბარება.
2000 წელს გენერალმა ზოლოტოვმა ახალქალაქში სახალხო მიტინგზე ოფიციალურად გადმოგვცა სამხედრო ბაზის გასაღები. ახალქალაქის მერიას გადაეცა ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი. რუსებმა გადმოგვცეს საავადმყოფოც.
ეს პროცესი 2001 წელს დასრულდა. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა დადგა სპექტაკლი და განაცხადა, ახალქალაქიდან ბაზა გავიყვანეო. არადა იმ დროისთვის ბაზაზე მხოლოდ ერთი დაფეხვილი სამხიდიანი კამაზი იყო დარჩენილი.
ის კამაზი წამოიყვანეს და ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ტელევიზია მთელი დღე აშუქებდა მის გადაადგილებას. სანამ ლარსამდე ჩააღწევდა, ეს მანქანა გზაში 5-ჯერ მაინც გაფუჭდა.
– ხალხმა რატომ დაიჯერა, რომ სააკაშვილმა გაიყვანა ეს ბაზა? 
– იმიტომ, რომ თავის დროზე ჯავახეთიდან რუსული ბაზის გაყვანა ქართულ მედიას არ გაუშუქებია. ტელევიზიებს მაშინ მოქკავშირის ერთი ფრთა აკონტროლებდა. მათ აკრძალეს ამ თემის გაშუქება.
ამის გამო უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიასაც, კი დავურეკე. მან მითხრა, რომ ამ საკითხს ვერ გადაწყვეტდა და მირჩია, მოქკავშირის ახალგაზრდა ლიდერებს დავკავშირებოდი. მათთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა და არ დამირეკია. ინგა გრიგოლიას ვთხოვე, რომ ეს თემა გაეშუქებინა. მას დიდი სიუჟეტის გაკეთების უფლება არ მისცეს. ძალიან მოკლედ აჩვენეს, როგორ მიგრუხუნებდა რუსული სამხედრო მანქანა ჯავახეთის ნისლიან გზაზე.
ასე მიიწერა სააკაშვილმა საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა, ახლა ამას თავის თავზე იბრალებს ზურაბიშვილი. არცერთი მათგანი არ იხსენებს იმას, თუ რა სამუშაო გასწია ამერიკულმა მხარემ. კოლინ პაუელი ლამის ყოველკვირა ატარებდა თათბირს. აქ ჩამოდიოდნენ თეთრი სახლის წარმომადგენლები, აკონტროლებდნენ, როგორ ასრულებდა რუსეთი სტამბოლის შეთანხმებას.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა