“ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში”- კახა კალაძე

"ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში"- კახა კალაძეგურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია აგრესიის ტალღა რომელიც გურამ კაშიას მიმართ ბოლო დღეებში აგორდა:

„გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა იმას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მინდა, რომ ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში.“- განაცხადა კახა კალაძემ.

გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.