19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.

ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: “და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი” (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: “მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა” (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ” (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: “აღდეგით და ნუ გეშინინ” (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო.

ხალხური რწმენით, უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში.როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს – პეტრეს, იაკობსა და იოანეს.