ადვოკატი მალხაზ კობაურზე – ”წარმოუდგენელია, ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს”

ადვოკატი მალხაზ კობაურზე - ”წარმოუდგენელია, ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს”სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დღეს მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა.

საქმის პროკურორ არჩილ ბედუკაძის განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს, თუმცა ამის შესახებ დღეს ვერ ისაუბრებს და ყველა მტკიცებულება საქმის არსებით განხილვაზე იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვებას, რომლის თანახმადაც ბრალდებული კობაური დღეს პატიმრობაში დარჩა, პროკურორის თქმით, ის საფრთხეები, რომლების გამოც მას პირველ პროცესზე პატიმრობა შეეფარდა, არათუ შენარჩუნებული, არამედ გაზრდილია.

“დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო მთლიანად შერჩეული აღმკვეთი ღონისძიების სახე. ჩვენი პოზიცია ითვალისწინებდა იმ აღმკვეთი ღონისძიების შენარჩუნებას, რაც შეფარდებული აქვს. არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა იმისთვის, რომ პატიმრობა შეცვლილიყო. ის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულს პირველივე სხდომაზე შეეფარდა პატიმრობა, ყველა ძალაშია, პირიქით, სხვა საფრთხეებიც მომატებულია სხვადასხვა მტკიცებულებიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და პატიმრობის შესახებ აღმკვეთი ღონისძიება დატოვა ძალაში. ეს საფრთხეებია – მიმალვის საფრთხე, სხვა დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ა.შ.”,- განაცხადა ბედუკაძემ.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ კობაურის ოჯახის წევრები, რომლებიც დღეს პროცესს ესწრებოდნენ.

ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის დატოვების შესახებ, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. არ არის დასაბუთებული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო უფრო მეტად სამართალშემოქმედებითად მიუდგება აღნიშნულ საკითხს და უფრო მეტად გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ყურადღებას, რაზეც დაცვის მხარე საუბრობს.

შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი მთელი რიგი უზუსტობებია და ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში”,- განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.