აუტისტი ბავშვი ქუთაისის აეროპორტში ათენის თვითმფრინავში არ აუშვეს

აუტისტი ბავშვი ქუთაისის აეროპორტში ათენის თვითმფრინავში არ აუშვესდღეს გამთენიისას ქუთაისი-ათენის რეისზე ინციდენტი მოხდა. აუტისტური სპექტრის მქონე 9 წლის ბავშვი ხომალდის მეთაურმა ბორტზე არ აუშვა და რეისი ბავშვის და მისი ახლობლების გარეშე განხორციელდა.

მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” განცხადება გააკეთა.

გაერთიანება  მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ავიაკომპანია „ვიზეართან“ შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან.

,,ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა. შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანი ,,ვიზეარს“ შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაფრინდებიან“ – ნათქვამია განცხადებაში.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი, ნანა ანთიძე ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს, რადგანაც ფრენამდე მისი შვილი გაღიზიანებული იყო.

იმედინიუსი