„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს…”

„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს..."ჟურნალისტი და “საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მიქიაშვილის თქმით ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ისეთი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს:

„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს – ვარძიის ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობას! “ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით მესხური ტერასების რეკონსტრუქცია მიმდინარეობსო, – ეს არის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ოფიციალური კომენტარი. რეალურად იქ მესხური ტერასები არასდროს ყოფილა. ეს ამბავი გუშინწინ გავიგე და სანამ ასე საჯაროდ მოგმართავდით, სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარე.

ამ ცემენტით დათხაპნილი ტერასებიდან რამდენიმე მეტრით ქვემოთ (იქ სადაც მუზეუმის ადმინისტრაციის მოქმედი შენობაა), ბლოკით უსახური შენობა აუგიათ. განმიმარტეს, რომ ეს იქნება მუზეუმის ადმინისტრაციის ახალი შენობა, ესეც ვარძიის ხედის დამახინჯების ხარჯზე.

შენობა გადახურულია, კარ-ფანჯარა ჩადგმული აქვს და ახლა ამ შენობის კორექტირება უნდა დაიწყონო, – ასე მითხრეს სააგენტოში.

ვარძიისთვის ძალიან სოლიდური თანხაა გამოყოფილი და ახლა ამ თანხის “ეფექტური ათვისება” მიმდინარეობსო, – კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს. არ ვიცი ეს “ქართუმ” გამოყო, სახელმწიფომ, თუ ორივემ ერთად, მაგრამ ის ვიცი, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს.“- წერს ნინო მიქიაშვილი.