ჩხუბი წერეთლის გამზირზე – დაშავდა პოლიციელი

ჩხუბი წერეთლის გამზირზე - დაშავდა პოლიციელიხმაური და დაპირისპირება იყო წერეთლის გამზირზე – გვიან ღამით „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, პატრულის თანამშრომელი დაშავდა.საბოლოოდ სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი წერეთლის გამზირზე, გვიან ღამით პატრულირების დროს, „დინამო-არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა რ.შ. და თ.ძ. არ დაემორჩილნენ პატრულ-ინსპექტორების – ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება რ. შ. და თ. ძ. მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 – ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

პოლიციამ, ასევე, დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი პირი. 1989 წელს დაბადებული გ. ბ., 1979 წელს დაბადებული ჯ. ნ., 1984 წელს დაბადებული თ.ს. მათ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.