დედამ და ბებიამ ახალშობილი 1.000 ლარად გაყიდეს

დედამ და ბებიამ ახალშობილი 1.000 ლარად გაყიდესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვისას დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ლაპარაკია 1989 წელს და 1960 წელს დაბადებულ ქალებზე. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან – 1960 წელს დაბადებულ პირთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.

დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას გულისხმობს.