„განათლების სისტემა უნდა დაინგრეს!”-“გირჩის” ახალი ინიციატივა

„განათლების სისტემა უნდა დაინგრეს!"-"გირჩის" ახალი ინიციატივა“გირჩის” ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის ახალ ინიციატივას აანონსებს. პარტია ამჯერად განათლების სისტემის ნჯღრევას აპირებს. მათ უკვე მოფიქრებული აქვთ რამდენიმე იდეა, რომლის განხორციელებსაც სასკოლო განათლებაში აპირებენ. კერძოდ, კი მათი ეს იდეები კერძო სკოლებს შეეხება. შესაძლოა მათ თავად გააკეთონ კერძო სკოლა, საიდანაც დაიწყებენ განათლების სისტემის რყევას. ამ იდეაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ არიან.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, აღნიშნული ინიციატივის შესახებ მედიასთან მეტ-ნაკლებად ვრცლად პირველად ჩვენთან საუბრობს. მისი თქმით, იდეას დღეს აანონსებს, ხოლო დეტალებზე კიდევ უფრო ვრცლად მოგვიანებით ისაუბრებენ.

აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსისაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს.

– დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ვრცელი ინტერვიუ გქონდათ ჩვენთან, მაშინ მითხარით ასეთი ფრაზა, რომ სისტემა, რომელიც დამპალია უნდა არყიო და ანჯღრიო. არყიეთ მარიხუანაზე და შედეგი დადეთ, არყიეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით და აქაც არის წინგადადგმული ნაბიჯები. რას აპირებთ სხვა მიმართულებით? იგივე ეკონომიკასთან დაკავშირებით გაქვთ ხოლმე ხედვები, იგივე განათლებაც ახსენეთ… რა გეგმები გაქვთ ამ თვალსაზრისით?

– ეკონომიკასთან მიმართებაში ისეთი შედეგი ვერ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ მთავრობის ხარჯების მოცულობა მთლიანი ეკონომიკის ზომასთან მიმართებაში შემცირდეს. რასაც მივაღიწეთ არის ის, რომ მთავრობის მოცულობა არ გაზრდილა. ვერ დავიბრალებ, რომ ეს მთლიანად „გირჩის“ დამახურებაა, მაგრამ „გირჩი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ამ მხრივ. ნაწილობრივ ჩვენი დამსახურებაა ისიც, რომ სამინისტროების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია, ბევრად მეტია მანდ გასაკეთებელი. რაღაც იდეები გვაქვს რაც უნდა გაკეთდეს.

ახლა ამ წუთას, რაზეც ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ განათლების სისტემაა. გვინდა, რომ განათლების სისტემის ნჯღრევა დავიწყოთ. ისე, როგორც მანამდე ვანჯღრევდით ნარკოპოლიტიკაზე არსებულ სისტემას, ან სავალდებულო სამსახურზე.

– გაქვთ იდეები ამ თემაზე?

– კი. ზუსტად როგორ ფორმას მივცემთ ამაზე ალბათ მერე ვისაუბრებთ, ჯერ კიდევ რაღაცებზე ვფიქრობთ, მაგრამ მთავარი იდეა არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გააკეთოს ისეთი სკოლა როგორიც მას სურს. მოქალაქეებს კი უნდა ჰქონდეთ ისეთი უფლება, რომ საკუთარი შვილები მიიყვანონ ისეთ სკოლაში, როგოორიც მათ სურთ. თუ ადამიანი აკეთებს სკოლას და თუ არსებობენ მშობლები, რომლებსაც საკუთარი შვილები მიჰყავთ ამ სკოლაში და ენდობიან მას, სახელმწიფოს საქმე არ არის, რომ ჩაერიოს ამ ადამიანების ურთიერთობაში. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო არ უნდა არეგულირებდეს ამ საკითხებს.

– კერძო სკოლებზე საუბრობთ და არა საჯაროზე, ასეა?

– დიახ. კერძო სკოლები დღესაც არსებობენ, მაგრამ სახელმწიფო იძახის როგორი უნდა იყოს სკოლა, რამდენი საათი უნდა იყოს გაწერილი, რა ასაკის ბავშვი უნდა შევიდეს, როგორ უნდა იჯდნენ კლასებში და ა. შ. ჩვენ ვიძახით, რომ ეს სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის. მე შემიძლია გავაკეთო განსხვავებული სკოლა და მათ შორის ავაწყო თანამედროვე მეთოდებით და ვიპოვო მშობლები, რომლებიც მზად არიან საკუთარი შვილები მოიყვანონ ამ სკოლაში.

– ანუ, რეგულაციებს არ უნდა ექვემდებარებოდეს?

– დიახ. მე თუ მინდა, რომ განათლება მივიღო და მასწავლიდეს ვიღაცა და მასაც უნდა რომ მასწავლიდეს, ეს ჩვენი საქმეა და სახელმწიფოს საქმე საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ამ მიმართულებით მინდა ვიბრძოლოთ და მგონია, რომ ამას მოვიგებთ. მგონია, რომ ცენტრალიზებულ, ინფიცირებულ საშინელ მონსტრს, რომელსაც განათლების სისტემას ვეძახით, რაც სინამდვილეში ბავშვებისთვის ციხეა, ამას დავანგრევთ.

– ამ თემაზეც აპირებთ დაუმორჩილებლობის აქციებს?

– ფორმა მოფიქრებული გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. ამის ნაწილი შეიძლება იყოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება იყოს დაუმორჩილებლობის აქტიც. შეიძლება სკოლის გაკეთებაც იყოს. შეიძლება ყველაფერი იყოს, არც ამას გამოვრიცხავ. თქვენ ხართ პირველი მედიასაშუალება ვისთანაც ამ თემაზე მეტ-ნაკლებად ვრცლად ვსაუბრობ. ჩათვალეთ, რომ ვაანონსებ. „გირჩი“ აპირებს ფოკუსირება მოახდინოს, ამაზე და განათლების არსებული სისტემა დავშალოთ. როგორც მინიმუმ გამოვხრათ და გავაჩინოთ თავისუფალი სივრცეები. რაც იმის საშუალებას მისცემს მოზარდების რაღაც ნაწილს მაინც, რომ ნორმალური ადამიანური განათლება მიიღოს და ისე არ დაიკარგოს, როგორც იკარგება დღევანდელი განათლება გავლილი 99%.

– ამის პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში?

– კი. ჩვენ რასაც გავაკეთებთ საერთაშორისო პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული. ბევრგან არის ასეთი სისტემა. მაგალითად, აშშ-შია ასეთი თავისუფალი სტილის სკოლები. მათ შორის არის ე.წ. Home სკოლები. შეიძლება რამდენიმე მცირე ჯგუფი იყოს, რომელსაც სახლში ასწავლიან. დიდი უნივერსიტეტები თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობას სწორედ Home სკოლებს ანიჭებენ. პრაქტიკა აჩვენებს რომ ესენი უფრო წარმატებულები არიან.

– საუნივერსიტეტო განათლებაზე არ გაქვთ იდეები?

ჩვენ გვგონია, რომ სასკოლო განათლებას თუ კარგად გაივლის ახალგაზრდა, მერე თავად გაარკვევს, სად წავა და სად გააგრძელებს სწავლას. ძირითადი პრობლემა მგონია, რომ საშუალო განათლებაში გვაქვს. მანდ ხდება ბავშვებში კრეატიულობის, ცნობისმოყვარეობის და თავისუფლების სურვილის ჩაკვლა და განათლებისადმი ზიზღის გაჩენა.

ipress.ge