გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავეს

გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავესრამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი 4 აგვისტოს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს. ის საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. პანკისის ხეობის სოფელ დუისში მუსა ხანგოშვილს დედა ჰყავს.

პანკისში ყოფნისას მუსა ხანგოშვილსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა. მუსა ხანგოშვილის თქმით, ის ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მეგობრის, თემურ არაბულის სანახავად მივიდა, რომელიც ამჟამად განყოფილების უფროსია. მოგვიანებით ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლომ ხანგოშვილს 2/000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და გაათავისუფლა.

როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მუსა ხანგოშვილი მეორედ, 4 აგვისტოს, გამთენიისას, გურჯაანში დააკავეს. „ის ავტომობილით გზაზე იყო შეჩერებული. სამართალდამცავებმა ვინაობის გადამოწმების მიზნით, მას საბუთები მოსთხოვეს, რაზედაც მუსა ხანგოშვილმა აგრესია გამოხატა და პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადეს შსს-ში.

დაკავებამდე „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში მუსა ხანგოშვილი ადასტურებს, რომ ის რამზან კადიროვთან მეგობრობს და მისი გულისთვის თავსაც მოიკლავს, თუმცა ამბობს, რომ პანკისში კადიროვის დავალებით არ ჩასულა.

რეგინფო