იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო

იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყოდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი იუსტიციის სახლში უკვე დაწყებულია, რისთვისაც მან იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული.

„გარდა იუსტიციის სახლისა, ათივე გამგეობაში შესაძლებელია ლიცენზიების მიღება. ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ. იუსტიციის სახლში სპეციალურად გამოყოფილია ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლის თანამშრომელი ემსახურება. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ტაქსის ნებართვა არის უკვე გაცემული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ტაქსები დედაქალაქში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იმოძრავებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან.

„მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. თუკი მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, 200 ლარით დაჯარიმდებიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ეს ქალაქში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ზოგადად ქაოსია და აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ. ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იყო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.