ხომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, 4 დღეა, რადარებიდან გაქრა

ხომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, 4 დღეა, რადარებიდან გაქრახომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, 4 დღეა, რადარებიდან გაქრა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერთან ბოლო კავშირი 14 აგვისტოს შედგა, მას შემდეგ გემისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ არაფერია ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, ხომალდ “პანტელენას” განაში ორ პორტს შორის შიდა რეისი უნდა შეესრულებინა.

ერთ-ერთი ვერსიით, ნავთობისა და ქიმიური ნივთიერების გადასატანად განკუთვნილი ტანკერი მეკობრეების ხელში აღმოჩნდა.

ხომალდის რადარებიდან გაქრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება და ადასტურებს, რომ გემზე კომუნიკაცია გაწყდა.

„პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს გაწყდა კავშირი. ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO,“- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განმარტება ბათუმში მოქმედ დამსაქმებელ კომპანიაში გაკეთდა. „იალქანის“ წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ გემი მეკობრეების ხელში აღმოჩნდა.