კლინიკა „ლანცეტის” დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი გლდანის მკაცრი ტიპის ციხეში გადაიყვანეს

კლინიკა „ლანცეტის" დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი გლდანის მკაცრი ტიპის ციხეში გადაიყვანესკლინიკა „ლანცეტის” დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ფარმან ჯეირანლი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ფარმან ჯეირანლის ადვოკატების თქმით, მსჯავრდებული პირი ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე იხდიდა სასჯელს, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს უფრო მკაცრი ტიპის დაწესებულებაში.

ფარმან ჯეირანლის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა.

„იურისტებისთვის ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
ყველანაირი ნორმის დაცვის გარეშე, 15 აგვისტოს, რუსთავის მე- 16 დაწესებულებიდან გლდანის მე-8 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ის კლასიკური პოლიტიკური დევნილია”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა.

ფარმან ჯეირანლის კიდევ ერთი ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, მსჯავრდებული ბოლომდე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

ამასთან, ადვოკატების თქმით, ფარმან ჯეირანლის აზერბაიჯანში ექსტრადირების პროცედურებს არ ელოდებიან, რადგანაც მსჯავრდებულს ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, ასევე, ფაქტი, რის გამოც ის სასჯელს იხდის, საქართველოში არის მომხდარი.

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გამოძიება პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა. ჯეირანლი წარდგენილი ორი მუხლიდან ერთში, თაღლითობის ბრალდებაში (სსკ-ის 180-ე მუხლი) ცნეს დამნაშავედ.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ან გაყალბებას გულისხმობს, მოსამართლემ ბრალდებული აღნიშნულ ეპიზოდში გაამართლა.

ფარმან ჯეირანლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ფარმან ჯეირანლის საქმეს ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

ინტერპრესნიუსი