კორცხელის საქმეზე ბრალდებულებს ფულადი ჯარიმები დააკისრეს

კორცხელის საქმეზე ბრალდებულებს ფულადი ჯარიმები დააკისრესკორცხელის საქმეზე ბრალდებულები ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი გიგაურს 4000 ლარის, ნოშრევან წურწუმიას – 5000, კობა ტყეშელაშვილს – 6000, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7000 ლარის.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე აღნიშნა, რომ სპორტსმენებს სასჯელი შეცვლილი მუხლით – 125-ის პირველი ნაწილით შეფარდათ, რაც ცემას გულისხმობს.

თავდაპირველად ოთხს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მეორე ნაწილის ა” ქვეპუნქტით, ვლადიმერ გეგეშიძეს კი ამავე მუხლის მესამე ნაწილით.

შოთა ბიჭიას განმარტებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ამ მუხლის შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განხილვები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხა 102 მოწმე. საქმეში არსებული მასალები შეადგენს რვა ტომს.

განაჩენამდე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს პროკურორმა და ადვოკატმა. ნუგზარ ჯიქიძის თქმით, სპორტსმენთა ბრალეულობა მტკიცებულეების გამოკვლევის საფუძველზე დგინდება. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ადვოკატი. ის ირწმუნება, რომ კადრების უმეტესობა დამონტაჟებულია.

კორცხელის საქმეზე ექვსი სპორტსმენი იყო ბრალდებული. ერთი, გიორგი ტყემალაძე, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოშიც მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებით. მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

ლაივპრესი