“ნინო გვენეტაძე მგლებმა შეჭამეს!”

"ნინო გვენეტაძე მგლებმა შეჭამეს!"“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
– ბატონო გელა, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას?
– გაურკვეველ სიტუაციაში არიან ხელისუფლებაც და საზოგადოებაც იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და იმ მესიჯების მერე, რასაც აგზავნიან ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები თუ არასამთავროები საზოგადოების მისამართით.
– რა მესიჯებზე საუბრობთ?
– მათი განცხადებებიდან გამომდინარე გაჩნდა განცდა, რომ დღეს თუ არა ხვალ არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაისჯება და ამას მოჰყვება ის, რომ აღარც გასაღება დაისჯება.
– გასაღების დაუსჯელობაზე არ ყოფილა საუბარი.
– მართალია, არავინ ამბობს, რომ გასაღება არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ როდესაც მოხმარებაზე საერთო ლიბერალიზაციას აცხადებ, ეს მოხმარება გასაღება-გავრცელების გარეშე არ არსებობს, ხომ?! ციდან ხომ არ იყრება ეს ნარკოტიკები, ამიტომ, ბუნებრივია, ეს მოლოდინია და გადაწყვიტეს ნარკომოვაჭრეებმაც, რომ მათთვის სანატრელი ხანა დადგა და არავინ არაფერს აღარ შეუზღუდავს.
– ამ დროს რას აკეთებს სამართალდამცავი უწყება?
– პოლიციაც დაბნეულია, თუმცა ის კვლავ დგას თავის პოზიციაზე, რომ დღეს მოქმედი კანონი უნდა შესრულდეს. დღეს მოქმედი კანონით კი მოხმარება-გავრცელება ისჯება. აქედან გამომდინარე, ამ ორმა შემადგენელმა გამოიწვია ის, რომ ბოლო ხანებში 99 ნარკომოვაჭრე დააკავეს.
უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლება, რომ შეიძლება მოხმარებისთვის არ დავაკავოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ლეგალიზაციას.
– როგორია ბოლო პერიოდის სტატისტიკა, რამდენად იმატა ნარკოდანაშაულმა ქვეყანაში?
– ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად რამაც იმატა, ეს არის ოჯახური ძალადობის ფაქტები. რაც შეეხება ნარკოტიკებს, ძნელია თქმა, იმატა თუ იკლო. აქ საუბარია იმაზე, გამოვლენა რამდენად მოხდა და დაკავება, თორემ მე ვფიქრობ, რომ ეს სტატისტიკა მეტ-ნაკლებად ერთიდაიგივეა. სიტუაციის გაუმჯობესება რომ არ ხდება, რომ არ იკლებს მოხმარება, სწორედ ეს არის საგანგაშო. კურიოზია, სიგარეტის მოწევა იკრძალებოდეს და ნარკოტიკის მოწევა იყოს დაშვებული.
– დღეს უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. პრეზიდენტმა უარი თქვა, წარედგინა კანდიდატურა. რატომ დაიხია მარგველაშვილმა უკან?
– ეს პრეზიდენტის ვალდებულება იყო, წარედგინა თავისი კანდიდატი. უფლება კი არა, არამედ ვალდებულება! მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პასუხისმგებლობიდან გაქცევაა.
– რას იტყვით არასამთავრობო ორგანიზაციებზე?
– პასუხისმგებლობიდან გაქცევაა არასამთავრობოების მხრიდანაც, რომლებსაც ძალიან ეადვილებათ ხოლმე კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, რომ მაშინ მათ აეღოთ პასუხისმგებლობა და მათ დაესახელებინათ, ისინიც გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას. არცერთი მხარე რომ არ გაქცეოდა პასუხისმგებლობას, ძალიან ადვილად იყო შესაძლებელი, რომ შეეჯერებინათ კარგი კანდიდატურა და ეს წარმოეჩინათ ისე, როგორც პრეზიდენტის კანდიდატურა.
– იყვნენ კარგი კანდიდატები?
– თავისუფლად შეეძლოთ კარგ კანდიდატზე შეჯერება, არსებობს ასეთი კანდიდატები. იგივე ვინც დასახელდა, გაიჟღერა რამდენიმე კანდიდატმა, რომლებიც სავსებით მისაღები იქნებოდნენ თავისი ბიოგრაფიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ ვერ გაბედა ვერავინ რატომღაც და ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. შიში იმისა, რომ მერე მე მომთხოვენ პასუხს ამან რომ არ გაამართლოს. კი ბატონო, მეორე მხარეც არის, მგლების ხროვაში უნდა მოხვდეს ის ადამიანი.
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?
– დიახ. ანა დოლიძემ გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკა უწოდა ამას და მეტ-ნაკლებად სწორი შეფასებაა იმიტომ, რომ იმ მგლების ხროვაში მოხვედრა არაა მარტივი საქმე. ხომ ვნახეთ არა, ნინო გვენეტაძე შეჭამეს მგლებმა! ეს ფაქტია.
– ვერ გაუძლო?
– ვერ გაუძლო ამ ბრძოლას და გამოვიდა ისე, რომ ამ მგლებმა შეჭამეს. მგლების საჭმელად რომ მიუშვან, ალბათ ერიდებიან ისინიც, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ასევე ძალიან ძნელია, დაითანხმო კანდიდატები, ამ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში რომ მიიღონ მონაწილეობა.
– მაშინ გამოდის, რომ შიგნით სასამართლო სისტემაში არ არის ჯანსაღი სიტუაცია.
– რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი სიტუაცია და ესეც ხელისუფლების ბრალია. არა იმიტომ, რომ ეს მოსამართლეები დატოვა, არამედ იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით დატოვა და არ შეცვალა მისი დაკომპლექტების წესი!
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ფაქტიურად კოტე კუბლაშვილის მიერ დაკომპლექტებული. კორპორატიული, რაღაც მაფიოზური დაჯგუფება შეიქმნა და ამის დაშლა იყო საჭირო. ერთი ხელის მოსმით ვერ გაუშვებდნენ ყველას, მაგრამ შეეძლოთ კანონი მიეღოთ ისეთი, რომლის მიხედვითაც დაკომპლექტების წესი შეიცვლებოდა და იქ ეს სიტუაცია არ იქნებოდა, რაც დღეს არის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა