ნუკრი ქანთარია – “ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე”

ნუკრი ქანთარია - "ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თუ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით?
– უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ დავაყენებთ, ეს გადაწყვეტილება ერთიანად მივიღეთ. ვის დავუჭერთ მხარს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს, ეს ამ ორ კვირაში გადაწყდება. ჩემი პოზიციაა, რომ რომელიმე კანდიდატს მხარი აუცილებლად უნდა დავუჭიროთ. მმართველი პარტია მთლად შორიდან მაყურებელი გახდეს, სწორი არ იქნება.
– სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით როგორია გუნდში პოზიციები მას შემდეგ, რაც მან ომზე განცხადებები გააკეთა?
– მისი ეს განცხადება კარგად ვერ იყო აღქმული. ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ომს ვერ დავიწყებდით. რასაკვირველია, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ პროვოკაციის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამაშია საქმე. რუსეთი დიდი ხანი ემზადებოდა ამ ომისთვის და საბაბს ეძებდა, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ეს ომი აგვეცილებინა და არანაირი საბაბი არ მიგვეცა. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს ჩვენ დავუწყეთ ომი, ეს ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს ცდება. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს, ეს ომი ჩვენ გადავიტანეთ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხომ არ მომხდარა?!
– თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატის ყველა პოზიცია ამომრჩევლისთვის ცნობილი უნდა იყოს.
– გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტის უფლება-მოსილებებიც ყველასთვის ცნობილია. მაქსიმალურად შეზღუდულია და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს, წინასაარჩევნო კამპანია წარმოვიდგინო. რასაც სჩადიან ოპოზიციონერი კანდიდატები, არ ვიცი, ამას რა დავარქვა.
– ამომრჩეველს ატყუებენ?
– რა თქმა უნდა, ატყუებენ, აბა ადამიანები თავიანთ გასაჭირზე სჩივიან, სოციალურ სიდუხჭირეზე და ვაშაძე და ესენი ჰპირდებიან, დაგეხმარებითო, ეს რა არის?! მითხარით, პრეზიდენტმა აბა გზა როგორ უნდა გაიყვანოს სოფელში თუ ქალაქში?!
კამპანია სრულად რომ შევა ძალაში, თქვენ ნახავთ, როგორი აბსურდული დაპირებები იქნება კანდიდატების მხრიდან. მერწმუნეთ, ეს დაპირებები ნებისმიერ კანდიდატს ჩიხში შეიყვანს. ხალხს გზა, ხიდი, წყალი, გაზი, სოციალური ფონი აღელვებს და ეს ჩივილი აქვს, ამ დროს პრეზიდენტი ვერც ერთ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ქვეყნის გარეთ ის არის სახე, შიგნით კი – არბიტრი და სათადარიგო ფიგურა კრიზისის შემთხვევაში.
მე ვფიქრობ, რომ თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა გააგებინოთ ხალხს, თუ რა შეუძლია ამ პრეზიდენტს, რომ ხალხი არავინ შეცდომაში არ შეიყვანოს! ამ შემთხვევაში თუ რა უფლება-მოსილების პრეზიდენტს ირჩევენ, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.
– ბატონო ნუკრი, დეპუტატ კახა ოქრიაშვილს არ ჰგონია, რომ “ოცნებამ” დავით უსუფაშვილს მხარი დაუჭიროს, რამდენჯერ უნდა დაქორწინდნენ და გაიყარონო. თქვენც გამორიცხავთ, რომ უსუფაშვილის მხრადაჭერის საკითხი დადგეს პარტიაში?
– კონკრეტულად თუ ვის, რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ჩვენ ვთქვით, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს. ჯერ პერსონებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს ორ კვირაში გამოჩნდება და ყველა ერთად გავიგებთ.
– ორ კვირაში?
– შეხვედრა იქნება და ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება.
– რაც შეეხება სასახლეს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს მისი მოცულობა უფლება-მოსილებებთან დაკავშირებით ილუზიას შეუქმნის, რაზეც უსუფაშვილმა თქვა, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფის მინუს მესამე სართულზე ჩავიდესო. სასახლის საკითხზე თუ იყო გუნდში საუბარი?
– ეს არის გადაძახილ-გადმოძახილი. ჭკვიან ადამიანს არ მგონია, ფართობი რამე ილუზიას უქმნიდეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, პრეზიდენტის უფლება-მოსილებებისთვის მისაღები უფრო ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეა. მარგველაშვილიც სწორედ ამ პირობით იყო, მეც კარგად მახსოვს და სხვებსაც, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ის არ შედიოდა.
ჩემი აზრია, რომ ავლაბრის რეზიდენციას სხვა ფუნქცია უნდა მოეძებნოს. ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო სადაა, ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყანაა.
– სალომე ზურაბიშვილს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა?
– გამოჩნდება. მთაწმინდაზე ჩვენ სალომე ზურაბიშვილისთვის მეტოქე არ დაგვიყენებია და ასე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოვიდა პარლამენტში. ვნახოთ, წინასწარ ჩემგან ბეჭდის დასმა რთულია.
– ქალი პრეზიდენტი თქვენთვის მისაღებია?
– სალომეს ბიოგრაფია, მისი თავგადასავალი უინტერესო ნამდვილად არ არის. მას, აქვს თავისი ხასიათი, თავისებურებები, ვნახოთ, როგორ წაიყვანს წინასაარჩევნო კამპანიას, რაც კიდევ უფრო გამოჩნდება ამ ორ კვირაში. ალბათ აქიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება. ისე, სულ რომ არავის მხარი არ დავუჭიროთ, ეს სწორი არ იქნება.
– თქვენი ამომრჩეველი დაიბნევა?
– ერთი, ბუნებრივია, ამომრჩეველი დაიბნევა და მეორე, ერთგვარ ჭორს მიეცემა საფუძველი.
– ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით?
– არა, გადაბარებასთან დაკავშირებით არა, მაგრამ ძალიან ბევრ ჭორს ექნება საფუძველი, რაც არ უნდა მოხდეს. თითქოს, ჩვენ ჩუმად ვართ და ვიღაცას ვაძლევთ კარტ-ბლანშს, მოგების საშუალებას – ეს არ უნდა დავუშვათ. მით უფრო არანაირი გაფიქრებაც კი არ უნდა მოხდეს ხალხის მიერ, რომ ესენი არიან ან ნაცები ან მათი განაყოფი “ევროპული საქართველო”.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა