პაატა ზაქარეიშვილი – “მაპი უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი”

პაატა ზაქარეიშვილი - "მაპი უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი"გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფასებს.
– ბატონო პაატა, რამდენად მნიშვნელოვანი ვიზიტია და რა მისიით იმყოფებოდა მერკელი საქართველოში?
– ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ორი აზრი არ არსებობს ამაში, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ხოლმე გადამეტება რაღაც მოვლენების და მერე გული გვწყდება, დრო გადის და თითქოს ის შედეგები არ დგება, რასაც ველოდით. ვიზიტი არის კავკასიაში და არა საქართველოში, ამის ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტი კავკასიაში და თანაც იქ სადაც ორ ქვეყანას შორის დღემდე არის საომარი მოქმედებები, სომხეთში და აზერბაიჯანში. ამას თავისთავად არსებითი მნიშვნელობა აქვს.
– მარტო საქართველოში რომ ყოფილიყო, ამას სხვა დატვირთვა ექნებოდა?
– მარტო საქართველოში რომ ყოფილიყო ვიზიტი, ეს უფრო გამოკვეთილი და გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა. ვიზიტი ძალიან კარგია, მაგრამ არსებითად არაფერი შეიცვლება. სტატიაც კი დაიბეჭდა, საქართველო უფრო უყვარს მერკელს თუ რუსეთიო? სასაცილოა ეს ყველაფერი. მერკელს უყვარს გერმანია, მორჩა და გათავდა!
– კავკასიაში ვიზიტს წინ უძღოდა შეხვედრა პუტინთან.
– კავკასიაში ვიზიტი დაგეგმილი იყო დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს და ისიც ლაპარაკობდა ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე. პუტინთან შეხვედრა კი დაიგეგმა მოულოდნელად.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– აშკარად ჩანდა, როცა მოვიდა გეგმიური ჩასვლის დრო კავკასიაში, იმ დროისთვის შემონახული ჰქონდა პუტინთან შეხვედრა. რატომ შემონახული? იმიტომ, რომ შეუძლებელია პუტინის მოქმედებების განსაზღვრა, ამიტომ როცა მოვიდოდა დრო მერკელის კავკასიაში ჩამოსვლისა, სწორედ მაშინ იყო საჭირო იმდროინდელ მოსკოვთან შეხვედრა, რათა გაერკვიათ, რა ვითარებაა დღეს რუსეთის დამოკიდებულებაში კავკასიასთან. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მერკელს სჭირდება გერმანიის ინტერესების დაცვა. მერკელს სჭირდება ევროკავშირის ინტერესების დაცვა.
– ასევე მათ სჭირდებათ რუსეთთან კარგი ურთიერთობები?
– რა თქმა უნდა, სჭირდებათ, მაგრამ უფრო ეშინიათ!
– გაზის და ნავთობის გამო?
– რა თქმა უნდა და ვისიც გეშინია, იმას ანგარიშს უწევ. პუტინთან შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. იქ ილაპარაკებდნენ საქართველოს შესახებ, უკრაინაზეც ილაპარაკებდნენ, გაზზეც, აბსოლუტურად ყველფერზე.
მან პუტინთან მოაგვარა ურთიერთობა ჩრდილოეთ მიმართულებაზე გაზისა, იქ დაალაგა სიტუაცია, რომ უკრაინას არ დააზარალებდა ეს შემოვლითი გაზსადენი. ახლა ჩამოვიდა, აზერბაიჯანის გაზი რომ მიიღოს, რათა მეტად იყოს დაცული გერმანიის და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება. ეს არის გერმანიის მთავარი ამოცანა.
– საქართველო რას იხეირებს ამ ყველაფრისგან?
– თუ საქართველოს ტერიტორიაზე გავა ეს გაზსადენი გარანტირებულად, საქართველო უზრუნველყოფილი იქნება გაზით და ენერგეტიკით. ჩვენ გაზს გავატარებთ და აქედან მივიღებეთ გარკვეულ დივიდენდებს.
– ეს ვიზიტი პოლიტიკურად არაფერს ცვლის?
– ვინმეს ჰგონია, რომ ამ ვიზიტით კონფლიქტები მოგვარდება?! არაფერიც არ მოგვარდება. მოგვარების გზები საქართველოს ხელშია. საქართველომ უნდა გაანძრიოს ხელი, ვერც ევროპა და ვერც მერკელი ამაში ვერ დაგვეხმარებიან. არავის არ მოსწონს რუსეთის მოქმედებები საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ეს ეკონომიკური სანქციები ამოქმედებულია რუსეთის წინააღმდეგ, პუტინი ამას არ იმჩნევს. რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიაზე ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია პუტინისთვის, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც ის იღებს ეკონომიკური სანქციებიდან.
– მთავარი კითხვა, რაც დაისვა მერკელის მისამართით, იყო ნატო და ევროკავშირი, თუმცა მან დიპლომატიურად აუარა გვერდი პირდაპირ პასუხებს. თქვენ რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?
– ძალიან კარგდ აიცილა მან ეს კითხვები, მნიშვნელოვანია ამ საკითხის წამოწევაც. ფაქტია, რომ გერმანია ჯერჯერობით ვერ ხედავს საქართველოს ნატოში, მითუმეტეს ევროკავშირში. ქართველები უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჩვენთვის გაცილებით იოლია ნატოში გაწევრიანება, ვიდრე ევროკავშირში. ამიტომ პრიორიტეტები უნდა დავალაგოთ ძალიან მკაფიოდ. ზოგადად ნატოსა და ევროკავშირზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ კონკრეტულ ნაბიჯებზე.
– რა ნაბიჯებს გულისხმობთ?
– მაგალითად, 2020 წელს იქნება ნატოს სამიტი. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ნატოში ტარდება სტრატეგიული შეხვედრები. წინა იყო 2010 წელს ლისაბონში. სწორედ 2020 წლისთვის უნდა მოვემზადოთ კარგად და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო მოხვდეს მათ შემდგომ ათწლიან გეგმაში, როგორც მაპის მიმღები სახელმწიფო! დროებით გვერდზე გადავდოთ სხვა ტერმინები და მაპი დავიმახსოვროთ. მაპი უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი!
– ანუ მაპის გარეშე არაფერი გამოვა? მაპზე უკეთესიც ხომ მივიღეთ, ესეც გვახსოვს.
– ყოველი სამიტის წინ ვიღაც გამოჩნდება, გვეტყვის, რომ მაპის გარეშე შეგვიშვებენ ნატოში, ყველანი აღტაცებულები დავფრინავთ ჰაერში, ჩაივლის სამიტი და გვეტყვიან, რომ არავითარ შემთხვევაში, მაპის გარეშე არ იქნება ნატო! მთელი ჩვენი ენერგია დღეს უნდა გადავიტანოთ ნატოზე. ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ჩვენი ენერგია. ვიფიქროთ მაპზე და შემდეგ ნატოზე!
– მოგვცემენ მაპს?
– მათ გაუჭირდებათ, ჩვენ გვითხრან მაპზე უარი. ნატოზე უარის თქმა უფრო იოლია მათთვის, მაპზე უარს ვერ გვეტყვიან. აი, ამაზე უნდა ვიმუშაოთ! ნატო ძალიან შორს არის, რა დროს ნატოა, გვესმის განცხადებები. აი, მაპი ძალიან ახლოს არის. 2020 წელი, სამიტი და მაპში გაწევრიანების აუცილებლობა. ვიმუშაოთ ამაზე და ძალიან გაუჭირდება როგორც გერმანიას, ისე სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, კონკრეტულ წინადადებებზე გვითხრან უარი.
ევროკავშირი უფრო რთული და შორეული თემაა, ამიტომ ჯერ ის ავიღოთ, რაც ასე ახლოს არის. მივიღოთ მაპი და მერე ვილაპარაკოთ უფრო რთულ და გრძელვადიან გეგმებზე!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა