„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა” – ირაკლი კობახიძე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ.

“კომერსანთან” ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხის შემცველია და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაძლოა სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოს მიმართ არ დასრულებულა და ის ამ დრომდე გრძელდება.

კობახიძის განცხადებით, საქართველომ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა. ეს არის აგრესიული პოლიტიკა, არა პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი ხედვა. ჩვენი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ღონე უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა საუბარია მშვიდობიან ზომებზე იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება თავდაცვის მინისტრიც. ლევან იზორიას განცხადებით, ის მისწრაფებები, რომელიც სახელმწიფოს აქვს ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი.

„ეს არის თანამედროვე სამყაროში თითოეული ერის სუვერენული არჩევანი. მათშორის ჩვენი ერის სუვერენული არჩევანი ვიყოთ ღირსეული წევრი ცივილიზებული სამყაროსი,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

დიმიტრი მედვედევი საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებს. ის ასევე კვლავ ამტკიცებს, რომ 2008 წელს ომი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოხდა და რუსეთი პროცესში მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო.

რუსთავი 2

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018