“სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, კითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ”- მაჩალიკაშვილი

"სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, კითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ"- მაჩალიკაშვილიპანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თმირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეის შემდეგ სუს-ის შენობაში შესვლას არ აპირებს.

“დღეის შემდეგ გამოკითხვაზე მოსვლას აღარ ვაპირებ. ცირკში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ. დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თავის გამასხარავებას.

ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე. იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ. თუ უნდათ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე აღარ შემიძლია აღარც ფიზიკურად და არც მორალურად. თუ უნდათ დამაკავონ, მე ეს მირჩევნია, ვიდრე ამ შენობაში ვიარო,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.