თელავში ღვარცოფია, ახმეტაში სოფლები დაისეტყვა – სტიქია კახეთში

თელავში ღვარცოფია, ახმეტაში სოფლები დაისეტყვა - სტიქია კახეთშისეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა.

სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი.

როგორც იოსებ ქარუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული და შებამისი ტექნიკა მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

„ძლიერი სეტყვა იყო, ახლაც წვიმს. რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, თუმცა ყველაზე რთული სიტუაცია სოფელ ქისტაურშია, სადაც სეტყვა და ქარი იყო. ასევე ხეებია წაქცეული და მოძრაობას აფერხებს. ადგილზე ვართ და ტექნიკა მუშაობას მალე დაიწყებს. ზარალის რაოდენობაზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

თელავში კი სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა პრობლემები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შექმნა. ადგილობრივებს არც ელექტროენერგია მიეწოდებათ.