თორნიკე შარაშენიძე – “დღეს დიალოგი აფხაზებს უფრო სჭირდებათ”

თორნიკე შარაშენიძე - "დღეს დიალოგი აფხაზებს უფრო სჭირდებათ"საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სერგეი შამბას განცხადებაზე საუბრობს.
– ბატონო თორნიკე, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ყოფილმა პრემიერმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს და დროა, დიალოგზე და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი. რა გზავნილი შეიძლება ეს იყოს და რატომ მაინცდამაინც ახლა?
– ამ დღეებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ შამბასნაირი რამდენიმე ნორმალური პოლიტიკოსი მათ ჰყავთ, ვინც ხვდება, რომ აფხაზები რეალურად გაქრობის საფრთხის წინაშე დგანან. ეს საფრთხე რეალურია, მითუმეტეს ხაჯიმბას პოლიტიკის პირობებში, როდესაც ის წინააღმდეგობას ვერ უწევს, ანქვაბისა და ბაღაფშისგან განსხვავებით.
შამბას ეს განცხადება პრაგმატულად ძალიან სწორია. სწორი ნაბიჯი იქნება ქართველებთან დიალოგი, რადგან ამ დიალოგმა რუსებს შეიძლება რაღაც დათმობისკენ უბიძგოს. ამ დათმობით აფხაზებმა შეიძლება მეტი მიიღონ, ვიდრე დღეს იღებენ, მაგალითად, უფასო ჯანდაცვას.
აფხაზური საზოგადოება ჯერ არ არის იმ ეიფორიიდან გამოსული, რასაც ისინი განიცდიან რუსეთისგან და 4 სახელმწიფოსგან მიღებული აღიარებით. თუ გამოვლენ ამ ბურანიდან და მიხვდებიან, რომ ჩვენთან დიალოგი მათ უფრო სჭირდებათ, მერე უნდა დაველაპარაკოთ.
– შეიძლება ეს უფრო მოსკოვისთვის გაკეთებული განცხადებაა?
– ზუსტად მათ შორის, რომ მოსკოვი დააშინონ, მაგრამ არ მგონია ასე მარტივად დაშინდეს პუტინი, მაგრამ შამბამ ამ განცხადებით გამოაჩინა, რომ ცოტა უფრო გაბედულია და ცოტა უფრო ეშმაკი პოლიტიკოსია, ვიდრე სხვები.
– საერთო მომავალზე საუბრობს შამბა. ეს რას ნიშნავს, როგორ შეიძლება გავიგოთ?
– არ ვიცი, შამბას გულში რა უდევს.
– შეიძლება აღიარების უკან წაღებაზე იყოს საუბარი? ამ კონტექსტში გკითხეთ.
– შამბამ პირდაპირ თქვა ორი თანასწორუფლებიანი ქვეყნის ურთიერთობაზე. რამდენად სჯერა მას, რომ ქართველები ამაზე წავალთ, ეს სხვა ამბავია. შეიძლება სულაც არ სჯერა, მაგრამ სხვანაირად ვერ ილაპარაკებს.
– როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?
– ხელისუფლებაში შეიძლება ერთი-ორი ჭკვიანი ადამიანი არის და ფიქრობს, რა უნდა ქნას, შეიძლება აქტიურ ნაბიჯებზეც ფიქრობდეს, მაგრამ რამდენად შეიძლება ახლა აქტიური ნაბიჯები გადაიდგას, ეს სხვა ამბავია, შეიძლება არც არის საჭირო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება, აქტიური პოლიტიკა აწარმოოს.
– რატომ?
– პასიურია ამ საკითხში. ძალიან ფრთხილია. ეშინია, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს. ყველა პრემიერს ეშინია, რომ იმ ერთ კაცს არ მოეწონოს, რაც ძალიან ბევრ საკითხში აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას.
– მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და გლობალური საკითხია, რომ ალბათ მოლაპარაკებებში მარტო არ იქნება ქართული მხარე. უნდა ჩაერთონ თუ არა ჩვენი პარტნიორები?
– არა, არ ვფიქრობ, ეს საჭირო იყოს. ერთი-ერთზე უნდა გაიმართოს მოლაპარაკება, ქართველები და აფხაზები უნდა დასხდნენ და ილაპარაკონ. გვერდით ევროკავშირი რომ დავისვათ, ეს რას მოგვცემს? ჩვენ და აფხაზებს კულტურულად ბევრი საერთო გვაქვს, არ მგონია, მაინცდამაინც რთული იყოს ეს საუბარი, ამიტომ სხვა არ გვჭირდება.
– პოზიციების გასამყარებლად, მაგალითად, ამერიკა იყოს ჩართული…
– არა, ამერიკელების გამოჩენა აფხაზებს დაძაბავს. აფხაზებს ჰგონიათ, რომ საქართველოში ამერიკელები პოლიციელები არიან. ამიტომ ვამბობ, ჩვენი ნდობა რატომ უნდა დავკარგოთ და სხვები რატომ უნდა დავისვათ გვერდით.
– შამბა ამბობს, რომ მას თბილისში ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, შეიძლება მთავრობის გარეთ იყოს ასეთი პირი მოძებნილი, ვინც ჩავა სოხუმში?
– რასაკვირველია, დიალოგი ცუდი არასდროს არ არის. რატომღაც ჩვენთან დამოკიდებულება არის, რუსს როგორ შეხვდი და როგორ დაელაპარაკე?! უნდა შეხვდე და დაელაპარაკო კიდეც! როდესაც საფრთხე მოდის, მაშინ პირიქით, მეტი უნდა ელაპარაკო, რომ ეს საფრთხე თავიდან აიცილო. მე ვერ ვხედავ ცუდს იმაში, რომ შეხვდე რუსს, აფხაზსს, ოსს და ელაპარაკო. აბა რა უნდა ვქნათ, რა არის ალტერნატივა?! ჩვენს სიმართლეში რომ დავაჯეროთ, ხომ უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ პოზიცია გვაქვს არჩეული – არ ველაპარაკებით არავის, რადგან მართლები ვართ! თუ მართლები ვართ, მაშინ უნდა დაველაპარაკოთ და ჩვენს სიმართლეში დავაჯეროთ.
– აფხაზებთან მომლაპარაკებელი გვყავს?
– კი, გვყავს, ბევრნი არიან, ვინც აფხაზებს კარგად იცნობენ.
– თავის დროზე ირაკლი ალასანიამ შამბა თბილისში ჩამოიყვანა, თუმცა, დიდი გარღვევა არ იყო.
– დიახ, ვიღაც-ვიღაცეებს რაღაცეები დააბრალეს, ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზული პერსპექტივა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მაშინ იყო ხალხი, მაგალითად, ოქრუაშვილი, ვინც სულ იარაღზე იყურებოდა. ეს არ იყო სწორი.
თუ აფხაზები რეალურად გაიაზრებენ, რომ მათ მართლაც გაქრობის საფრთხე ემუქრებათ, მაშინ დიალოგი შეიძლება.
– სოციალური მდგომარეობაც ძალიან მძიმეა.
– რასაკვირველია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩვენთანაც არის სიღარიბე, მაგრამ ჩვენთან ასე თუ ისე ჯანდაცვის პრობლემა მოგვარებულია. აფხაზეთში ნორმალური ჯანდაცვა არ არსებობს. კრიმინალი, როგორც ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი იტყოდა, “შესანიშნავ” მდგომარეობაშია. ნარკომანია, იზოლაცია, რომელშიც არიან, ეს ყველაფერი მათ კარგ მომავალს ნამდვილად არ უქადის, მაგრამ ჯერ ამ ყველაფერს ე.წ. დამოუკიდებლობის ეიფორია წონის.
– პუტინმა შამბას შეიძლება ამ განცხადების გამო თითი დაუქნიოს?
– შამბა არაფერს წყვეტს ოფიციალურად. მთავარი მაინც აფხაზების გამოფხიზლებაა და ბურანიდან გამოსვლა. სანამ ამას ვერ მიხვდებიან, მანამდე აფხაზებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
– წავუყრუოთ ამ განცხადებას?
– არა, მოდი, ასე ვთქვათ, ბურთი არის მათ მხარეს. დღეს დიალოგი მათ უფრო სჭირდებათ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა