„ელიავას ბაზრობამ თავისი თავი ამოწურა“

მერიამ ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმაზე ტენდერი გამოაცხადა. „კომერსანტი“ დაინტერესდა ბიზნესმენების და ურბანისტების პოზიციით იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ელიავას ტიპის ბაზრობა ქალაქის შუაგულში და თუ არა, რა უნდა იყოს მის ნაცვლად?

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე განმარტავს, რომ   „ქალაქის ცენტრში ელიავას ტიპის ბაზრობა არ უნდა იყოს და ქალაქის ცენტრს ეს ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია მეორე საკითხიც – უნდა გაკეთდეს მრავალფაქტორული ანალიზი , განისაზღვროს ვადები, როდის და როგორ უნდა გადავიდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -სად?  მისი მტკიცებით, ურბანისტიკა ყველა ამ კითხვას გასცემს პასუხს.

როგორც ვარდოსანიძე განსაზღვრავს, მსგავსი ფუნქციის ბაზრობა  ქალაქიდან მოწყვეტილი ძალიან არ უნდა იყოს. სასურველია, მისი მეტროს ზონაში განთავსება, რადგან ხალხს მისვლა გაუადვილდეს.

როგორც ვარდოსანიძე აცხადებს, ელიავას ბაზრობის მოშლა საკმარისი არ არის. მისი განცხადებით, აუცილებელია მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის რეკულტივირება, მიწის საფარის გაჯანსაღება,რადგან ეს  ტერიტორია ზეთებით არის გაჟღენთილი.

გარდა ამისა,  აუცილებელია გათვალისწინებული იყოს კერძო საკუთრების თემები. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში რეკრაციული მიმართულება პრიორიტეტული გახდეს.

„დღეს თბილისს საქალაქო ცენტრის განვითარების პრობლემა აქვს. საუბარი მაქვს, პირობითად,  თბილისურ მანჰეტენზე. მაღალსართულიანი კორპუსები ქაოტუარადაა განლაგებული,“-განმარტავს ვარდოსანიძე.

ბიზნესმენი მინდია გადაევი აცხადებს, რომ  აღნიშნულ ქეისში უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი. პირველი- ფუნქციონალურად რა შეიძლება იყოს კარგი და მეორე – კერძო საკუთრების უფლება.

„ამ ადგილს პატრონი ჰყავს და ამის უგულებელყოფა არასწორია. არ აქვს მნიშვნელობა რა გვინდა და რა იქნებოდა კარგი. არსებობს კერძო საკუთრება და მისი უფლება არის უზენაესი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაზე დათანხმდნენ მესაკუთრეები. თუ მათთან შეთანხმება ვერ მოხდა, ჩვენს აზრს რა მნიშვნელობა აქვს? მერიას კომპენსაციის გადახდა შეიძლება ძვირად დაუჯდეს. თუ მესაკუთრეებთან გარკვეული შეთანხმება არსებობს,მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ფუნქციურად მისი არსებობის განხილვა,“-აცხადებს გადაევი.

მისი განცხადებით, აუცილებელად გასაგებია აძლევენ თუ არა  არსებულ მესაკუთრეებს ალტერნატიულ ადგილს ან კომპენსაციას. ასეთ შემთხვევაში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე იდეალური იქნება რეკრაციული ადგილის მოწყობა. თუმცა, ეს მესაკუთრეების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

მისი  მოსაზრებით, ელიავას ბაზრობის არსმა თავისი თავი ამოწურა. საზოგადოება სხვა ტიპის ალტერნატივებს ითხოვს, მაგალითად, „დომინოს“ და „გორგიას“ ტიპის ჰიპერმაკეტებს.

ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, სავაჭრო ცენტრი „დიდუბის“  დირექტორი სერგი რუსაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ადგილზე ცივილური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და რაც მთავარია, არ დაირღვეს კერძო საკუთრება.მისი განცხადებით,ელიავას ტერიტორია ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომელიც თანამედროვეა და რომელიც მთავრობის და სახელმწიფოს ხედვებს დააკმაყოფილებს.

„აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ  8 წლის განმავლობაში თბილისის მერია არანაირ პროექტს არ გვიმტკიცებს. ეს საკითხი  იმიტომაა გაჭედილი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი ყველა მხარესთან უნდა იყოს შეთანხმებული და ყველა მხარისთვის მისაღები.საკრებულომ რომ მომთხოვოს ჰონკონგის აშენება, არ ავაშენებ. საკრებულოში ორმხრივი განხილვა უნდა იყოს, სადაც მესაკუთრეებსაც მოუსმენენ “.

როგორც სერგი რუსაძე  განმარტავს, თუ შეთავაზებული პროექტი არ იქნება მისაღები, „ელიავას ბაზრობის“ ადმინისტრაცია სასამართლო დავას დაიწყებს.

„არსებობს მსოფლიო ქარტია, უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ადამიანის და კომპანიის უფლებას იცავს. იქაც წავალთ თუ შევხედავთ, რომ ვიჩაგრებით. თუმცა, ჯერ მერიის მხრიდან, კახი კალაძის მერობის პერიოდიდან გამომდინარე,  დაჩაგრულად არ ვგრძნობთ თავს. ველოდებით, ახალი მერი რა ნაბიჯებს გადადგამს. რაც შეება ყოფილ მერს, დავით ნარმანიას, ძალიან უკმაყოფილოები ვართ მისი პერიოდით. მთელი 5 წელი „სითი ინსტიტუტის“ სასარგებლოდ  პროექტები გააჭიანურა.

„მთელი მზიური  გაჩეხეს  „სითი ინსტიტუტმა“ და მისმა დამფუძნებლებმა და კორპუსებად გადააქციეს, სპორტის სასახლე რომ არ ჩანს და მის უკან ისე ახლოსაა კორპუსები რომ მეზობლები ერთმანეთს უყურებენ“-აცხადებს რუსაძე.

მისივე განმარტებით, ელიავას ბაზრობა 180 ჰექტარს მოიცავს და   80/000-მდე ადამიანია დასაქმებული.

თბილისის მერიამ ,,ელიავას ბაზრობის“ სამომავლო განვითარების გეგმის შემუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები ტვირთავს და აფერხებს საგზაო მოძრაობას, იგნორირებულია მდინარესთან კავშირის შესაძლებლობა, არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს დაკარგული აქვს თავდაპირველი ფუნქცია, აღინიშნება ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები რაც ასევე საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.

bm.ge-ს ინფორმცაიით, ამ პრობლემებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ ტერიტორიის კვლევა და სამომავლო განვითარების გეგმის შემუშავება, ,,გადაუდებელ აუცილებლობას“ წარმოადგენს. დოკუმენტში ცალსახად მითითებული არ არის, გადავა თუ არა ,,ელიავას ბაზრობა“ სხვა ტერიტორიაზე, სამაგიეროდ აღნიშნულია, რომ გეგმამ უნდა უზრუნველყოს ,,ერთი მხრივ არსებული ფუნქციური მრავალფეროვნების შენარჩუნება და მეორეს მხრივ ტერიტორიის პოტენციალის ზრდა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და თანაბრად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, სარეკრეაციო, სამრეწველო და სხვა გამოყენებით“, – ნათქვამია დოკუმენტში. კვლევა 3 ძირითად მიზანს მოიცავს: ტერიტორიის მრავალფუნქციურობის შენარჩუნება და მისი განვითარება, არსებული მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება და პოტენციური სარეკრეაციო სივრცეების იდენტიფიცირება.

კვლევის ფარგლებში, დადგინდება ტერიტორიაზე განაშენიანების შეზღუდვის რეგლამენტი და პირობები, შემუშავდება ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და მისი გავლენა მომიჯნავე უბნებში ცხოვრების ხარისხზე, აღიწერება ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების საკუთრების ფორმები, ასევე საბინაო ფონდი, შეფასდება არსებული საზოგადოებრივი სივრცის მდგომარეობა და გაკეთდება საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის ანალიზი. ,, ტერიტორიის ფუნქციური ზონირება და სამშენებლოდ განვითარების პარამეტრები განსაზღვრული უნდა იქნას მას შემდეგ, რაც კვლევის საფუძველზე დადგინდება სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ ტერიტორიის განვითარების მინიმუმ ორი სცენარი უნდა წარმოადგინოს, რომლებიც უნდა განიხილონ დამკვეთთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, საიდანაც საუკეთესო შეირჩევა. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების წარდგენა 25 სექტემბერს დასრულდება.

კომერსანტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018