ვაისი – ”კაშიას ირგვლივ ნეგატიური ფონი ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლატვიის გუნდების შეხვედრას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, დღეს ჟურნალისტებთან გუნდის მომზადებისა და გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„გურამ კაშია ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ მას სრულ ნდობას ვუცხადებთ, ის ნამდვილი პროფესიონალია. რაც მთავარია, კაშია საქართველოს ნაკრებს სჭირდება. ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით მას მხარს უჭერს. სიმართლე გითხრათ, გურამის ირგვლივ არსებული ნეგატიური ფონი ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია,“ – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

მატჩი ეროვნულ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. პარალელურად რადიკალური და ჰომოფობიური განცხადებით ცნობილი პირები სტადიონთან შეკრებას და LGBT დროშის დაწვას აპირებენ.

გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018