”ვეფხია ბაქრაძე ამბობს, რომ თამარ გამრეკელაშვილმა პირველმა მოუქნია დანა” – ბრალდებული ჩვენებას ცვლის

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის მტკიცებით, ის მკვლელობის მომენტში გამრეკელაშვილისგან თავს იცავდა.

ბრალდებულს მისი ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ახალი პოზიცია აქვს და დამამძიმებელი გარემოებების გარდა, არც განზრახ მკვლელობის ნაწილს აღიარებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულის ადვოკატმა, თეიმურაზ მაგრაქველიძემ განუცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა გაიწია ბაქრაძისკენ დანით, თუმცა ბრალდებულმა მოკლულს დანა წაართვა, მკვლელობა კი ხელჩართული ჩხუბის დროს ჩაიდინა. ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თქმით, დანაშაული მოკლულისა და მისი დედის მიერაა პროვოცირებული.

“დანაშაულის ჩადენისას არც განზრახვა არ ყოფილა და არც სისასტიკე. რაც მოხდა, მოკლულის დედის დამსახურებაა. ფულს ართმევდა მუდმივად ვეფხია ბაქრაძეს დედამისი, ასევე ღალატობდა… მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი. კაცი წყობიდან გამოიყვანეს და შეუქმნეს პირობები, რომ ასე მომხდარიყო”, – განაცხადა თეიმურაზ მაგრაქველიძემ.

ადვოკატის მტკიცებით, დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ არ მომხდარა.

“ბავშვები ცალკე ოთახში გაიყვანა. გამორიცხულია, მკვლელობის მომენტში ბავშვები იქ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება დანას, მან წინა დღეს აიტანა სახლში დანა, რადგან რაღაცისთვის სჭირდებოდა. ეს დანა აიღო თავდაპირველად იმ გოგომ. რომ მიემართებოდა მისკენ, ვეფხია ბაქრაძემ წაართვა მას ეს დანა. ამის შემდეგ ამბობს, რომ ჩხუბით და ძიძგილაობით აღმოჩნდნენ სააბაზანოსთან და ამის შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვსო. გონზე რომ მოვედი, მერე წავედი სახლიდანო”, – აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

თეიმურაზ მაგრაქველიძის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძეს აღიარებითი ჩვენება ზეწოლით და ძალადობით მიაცემინეს.

“ცემა-ტყეპით რა დააწერინეს, კაცმა არ იცის. ის ახალ ჩვენებას მისცემს სასამართლოს და იტყვის სიმართლეს, რაც იყო”, – განაცხადა მაგრაქველიძემ და აქვე დასძინა, რომ სასამართლოში დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი, წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვის დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018