ზაალ ანჯაფარიძე – ”მარიხუანის თემა „ოცნების“ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს – მისი წინასაარჩევნოდ შემოტანა წამგებიანი იყო”

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, მარიხუანის თემა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს პარტიის საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტის იდეის გაჟღერება მმართველი პარტიისთვის სტრატეგიულად არასწორი იყო, – ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძემ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ეხება მარიხუანას კულტივაციასა და სამედიცინო მიზნით ექსპორტს, საზოგადოების ნაწილმა და საპატრიარქომ მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს, რამაც საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ მმართველი გუნდი იძულებული გახდა კანონპროექტზე მუშაობა დროებით შეეჩერებინა, თუმცა პარლამენტში მისი ინიცირება მოხდა.

– მმართველ გუნდში შეიმუშავეს კანაფის კულტივაციისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტი, რასაც მოჰყვა მწვავე რეაქცია საზოგადოებასა და საპატრიარქოში. იყო აქციებიც. მართალია, ,„ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით გააჩერა, მაგრამ პარტიის რეიტინგზე გავლენას არ იქონიებს და რამდენად გამართლებული იყო წინასაარჩევნოდ ასეთი ინიციატივის გაჟღერება?

– ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ წინასაარჩევნოდ მომგებიანი არ იყო. იმის გათვალისწინებით თუ რა დამოკიდებულება არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. ხელისუფლება იმდენად არის დარწმუნებული იმაში, რომ ფართო საზოგადოებრივი პროტესტისთვის ხალხი მზად არ არის, რომ წავიდა ამ ნაბიჯზე.

გრძელვადიან პერსპექტივაში და საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი ეს უარყოფითად იმოქმედებს პარტიი’ს რეიტინგზე.

– რატომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი ამ მიმართულებით? გრძელვადიან პერსპექტივაზე მმართველ გუნდში არ ფიქრობენ?

– ალბათ ფიქრობენ, რომ ეს თემა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა და ვითარება გადაიფარება სხვა თემებით და პარალელურად ააგორებენ სათანადო საინფორმაციო კამპანიას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილებს, დავასაქმებთ ხალხს, შემოსავალი გაუჩნდება… ამაზე საუბრობდა ფინანსთა მინისტრი თავის ცნობილ გამოსვლაში. მოჰყავდა არგუმენტად ცხრილები და გრაფიკები და ამის გამართლებას ცდილობდა.

პერსპექტივაში მეც და ნებისმიერ იმ ადამიანს აწუხებს ეს საკითხი, ვინც ამ პრობლემებს იცნობს, მაგრამ იმ საპროტესტო აქციებზე გამოსასვლელად მას სჭირდება რაღაცა სტიმული. ასეთი სტიმული უნდა ყოფილიყო ეკლესიის მოწოდება, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ეკლესიის მიდგომა ძალიან მალე შეიცვალა პატრიარქის საკვირაო ქადაგების შემდეგ და ეს პროტესტიც ჩაცხრა.

სავარაუდოდ, კომუნიკაცია შედგა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და საპატრიარქოს შორის და აქცენტები შერბილდა.

– აუხსნეს პატრიარქს, რომ არ არის საფრთხე თუ რას ვარაუდობთ?

– მე ვერ გეტყვით, რა აუხსნეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავდაპირველად რა მუხტიც იყო ეკლესიის და მღვდელმთავრების წარმომადგენელების მხრიდან, იყო ვარაუდი, რომ დაიწყებოდა აქტიური პროტესტი. პატრიარქის ქადაგებამ ეს გაანეიტრალა.

შეიძლება პატრიარქი სწორადაც მოიქცა. არავინ იცის, საპროტესტო მუხტი რაში გადაიზრდებოდა.

– ფიქრობთ, რომ პატრიარქი მოერიდა, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მისულიყო?

– შესაძლოა, ასეც იყოს. არ არის გამორიცხული.

– თქვენც მიიჩნევთ, რომ პატრიარქის ქადაგება რბილი იყო?

– ყოველ შემთხვევაში, განსხვავდებოდა თავდაპირველი იმ ხისტი პოზიციისგან, რასაც აფიქსირებდა ეკლესია და მღვდელმთავრები. ჩვენ ხომ ყველამ მოვისმინეთ, რომ იგეგმებოდა საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს უკვე ნიადაგი გამოეცალა აქტიური პროტესტის გამართვას.

– რამდენად გამართლებული იყო „ოცნების“ მოქმედება სტრატეგიის თვალსაზრისით? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპატრიარქოს უკან დგას მრევლი, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს.

– როცა შსს-მ მთავრობის სახელით წარმოადგინა კანონპროექტი, ამით ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა. მან ეს გააკეთა ფართო საზოგადოებრივი განხილვების გარეშე. პოსტაფაქტუმ დაიწყეს რაღაც კონფერენციები და შეხვედრები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს იმის თვითდაჯერებულობა, რომ ის იმდენად ფლობს სიტუაციას, რომ ამ საპროტესტო აქციების განეიტრალებას შეძლებს.

კი, ხელისუფლებამ ამწუთიერი ტაქტიკური მოგება მიიღო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი საკმაოდ ტრადიციონალისტულ-კონსერვატიული განწყობების მქონე სეგმენტია, რომელიც ასეთ ნაბიჯებს არ მიესალმება.

კანონპროექტის შემოსვლა ემსახურება ძალიან გავლენიანი ბიზნესჯგუფების ინტერესებს. ამავე დროს, ხდება მისი შეფუთვა, რომ ქვეყანა მიიღებს შემოსავალს, გამყარდება ლარი, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და მოექცევა მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. სახელმწიფო საერთოდ რას აკონტროლებს ეფექტურად, რომ ამ სფეროს გაკონტროლება შეძლოს?!

– ხომ არ იქონია გავლენა მმართველ გუნდზე საპატრიარქოს თავდაპირველმა მწვავე რეაქციამ და ამიტომ ხომ არ გადაწყვიტეს კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერება?

– მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის სავარაუდო კომპრომისი, რომელიც მიღწეულ იქნა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის _ აი, ჩვენ შევაჩერებთ კანონპროექტის მიღებას, რაც უკავშირდება კანაფის კულტივაციის სამრეწველო რელსებზე გადაყვანას. ამით მოიგეს საპატრიარქოს გული და ეს არის კომპრომისი.

საპატრიარქომ შეიძლება თქვას, რომ ხელისუფლებამ მოგვისმინა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ ჩვენ ყური ვუგდეთ საპატრიარქოს რჩევებს და დროებით გადავდეთ. ეს არის ორივესთვის მომგებიანი პოზიციები, მაგრამ პროცესი ამაზე არ შეჩერდება და ალბათ რაღაც დროის შემდეგ, როცა არჩევნები ჩაივლის და სხვა თემებით გადაიფარება ეს ყველაფერი, ეს პროექტი გავა.

– ფიქრობთ, რომ ამ პროექტის განხილვა მაინც არჩევნების გამო გააჩერეს?

– არჩევნების გამოც და საპატრიარქოს პოზიციის გამოც. საერთოდ, ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოებასთან კომუნიკაცია მისი აქილევსის ქუსლია. მას არ უყვარს საზოგადოებასთან კომუნიკაცია ასეთ სენსატიურ საკითხებზე.

ამ კანონპროექტის ასეთი სახით წარდგენა ვინც მოიფიქრა, შესაძლოა, ამასაც ემსახურებოდა, რომ, მოდით, ჩვენ პროექტს შემოვიტანთ, საზოგადოების რეაქცია გავტესტოთ, ვნახოთ, რა რეაქცია იქნება და იმ წინააღმდეგობის მიხედვით ვიმოქმედოთ.

– კანონპროექტის იდეის გაჟღერებამდე მმართველ გუნდს ექნებოდა თუ არა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან?

– რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იქნებოდა. ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი მის ზურგს უკან ვერ გადაწყდებოდა! როგორც მინიმუმ, ინფორმირებული იქნებოდა.

– ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებზე იქონიებს გავლენას სალომე ზურაბიშვილის რეიტინგზე?

– არ მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. თუმცა, ოპონენტები ამას აუცილებლად გამოიყენებენ. შესაძლოა ამის გამო, ხმების რაღაც რაოდენობა „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს, მაგრამ სერიოზულ ელექტორალურ დანაკარგს არ ვვარაუდობ.

– „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც ეწინააღმდეგება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობას. გამორიცხავთ, რომ ეს კანონპროექტი თუნდაც სალომე ზურაბიშვილისთვის ზიანის მოსატანად შეგნებულად გააჟღერეს?

_ ვერ გეტყვით. ეს „ქართული ოცნების“ შიდაპოლიტიკური სამზარეულოს საქმეა. ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს, მაგრამ ფაქტია, ვინც დგას ამ კანონპროექტის უკან, მას ძალიან ეჩქარება და სურს მისი გატანა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018