კობა დავითაშვილი – “სააკაშვილს კომპრომატი ჩემზეც ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამე შევუთვალე, რომ არ გამომიქვეყნა”

“ახალი თაობის” კითხვებს კობა დავითაშვილი პასუხობს.
– ბატონო კობა, მარიხუანის თემასთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტი უკიდურესად დიდია. როგორია თქვენი შეფასებები?
– სამწუხაროა ძალიან, რაც ხდება ამ ქვეყანაში. კატეგორიულად მიუღებელია ის კურსი, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა ეს. მე არ ვარ მტერი და ავის მოსურნე ბიძინა ივანიშვილის და არც “ქართული ოცნების”. ბიძინა ივანიშვილს მივიჩნევდი ადამიანად, რომელიც იმსახურებს პატივისცემას მისი საქველმოქმედო საქმიანობიდან გამომდინარე. ხელისუფლებიდან მოგვაშორა მიხეილ სააკაშვილი და ეს კაცი იმსახურებდა მადლობას, მაგრამ რაც ახლა ხდება, არ ვიცი, ამას რა ვუწოდო. საგონებელში ვარ ჩავარდნილი, რა ხდება და რატომ აკეთებს ამას ბატონი ბიძინა?! ახსნა ვერ მომიძებნია. ისეთი ფატალური შეცდომებია ხელისუფლების, რომ მე უბრალოდ ანალიზს ვერ ვაკეთებ.
– მაინც რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ?
– არ ვიცი, მე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. იმიტომ, რომ საღ აზრში, ლოგიკაში, არაფერში არ ჯდება ის, რასაც ესენი აკეთებენ! ეს ყველაფერი კი დაიწყო იმ ავადსახსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
– ყველაფრის თავი და თავი ეს გადაწყვეტილებაა?
– რა თქმა უნდა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლება გადაჭედილია სააკაშვილის დროს დანიშნული მოსამართლეებით, რომლებიც იმართებიან სააკაშვილის მიერ. ხშირად მეუბნებიან, როგორ იმართებიან, ის ხომ წავიდა და აღარ არის ხელისუფლებაში, რითი აშინებს ამ მოსამართლეებსო.
– რითი აშინებს, გაქვთ ამაზე პასუხი?
– აშინებს იმ პირადი ცხოვრების კადრებით, რომლებიც ყველაზე ჰქონდა დაგროვილი ამ კაცს. სხვას რომ არ ვაწყენინო, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზეც ჰქონდა.
– თქვენზე, ბატონო კობა?
– სამწუხაროდ და ბრძოლაში რომ ვიყავით ჩვენ იმ გაერთიანებული ოპოზიციის პერიოდში, შემომითვალა, კობა, შენი პირადი ცხოვრების კადრები მაქვს და ამას გამოვიყენებო.
– რით გაშანტაჟებდათ?
– მეუბნეოდა, გაჩერდი, თორემ პირადი ცხოვრების კადრებს გაგიმჟღავნებ. ძალიან სამწუხაროა, მე ეს არ მახარებს, მაგრამ იმ დროს ეს ჩემთვის გამოსავალი იყო, რომ საქართველოში ცოლქმრული ღალატი კაცის მხრიდან არ ითვლება დიდად გასაკიცხ რამედ…
– ეს არასწორი შეხედულებაა.
– სამწუხაროდ, ასეა… საზოგადოებრივი მორალი ამ ნაწილში ბევრად უფრო შეუბრალებელია ქალის მიმართ, ვიდრე კაცის მიმართ. სააკაშვილს ვუთხარი, რომ სამწუხაროდ მე ეს შეცდომა დავუშვი, ეს მეუღლის წინაშე უკვე მონანიებული მაქვს. შენ შეგიძლია ეს გამოაქვეყნო, მაგრამ ამით ვერაფერს ვერ მოიგებ, ქართველი საზოგადოება ამის გამო შენ მიმართ უფრო უარყოფითად განეწყობა, ვიდრე ჩემს მიმართ. მე მაპატიებენ და შენ არ გაპატიებენ იმას, რომ სხვის თეთრეულში იქექები. ყველა მიხვდება, რომ დღეს თუ კობა დავითაშვილს უკეთებენ ამას ხვალ მე გამიკეთებენ და მას ძველი ამბავი შევახსენე.
– რომელი ამბავი?
– სააკაშვილი რომ მინისტრობიდან წამოვიდა და ვაკეში რომ იყრიდა კენჭს. მაშინ მისმა მოწინააღმდეგემ მის მიმართ სწორედ გამოიყენა პირადი კომპრომატი. ბათუმის რომელიღაცა სასტუმროში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩაწერეს და მაშინ არც ფეისბუქი იყო, არც იუთუბი და კასეტების ფორმით მოხდა ამ კადრების გავრცელება ვაკის რაიონში.
ეს ცნობილი ფაქტია, ბევრს უნდა ახსოვდეს. მაშინ ვაკის ამომრჩეველმა ამას უპასუხა იმით, რომ სააკაშვილის რეიტინგი ამით კი არ დავარდა, მან უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვაკის არჩევნებში. მაშინ ხალხი მიხვდა, რომ თუ ახლა ეს ჩანაწერი გაიმარჯვებს, მაშინ ხვალ ჩვენც ასე მოგვექცევიან. აქედან გამომდინარე მიშას მისი პირადი მაგალითი შევახსენე და ვუთხარი, რომ შენ ამით მეტ ზიანს მიიღებ ხოლო მე პოლიტიკურ სარგებელს ვნახავ-მეთქი და მან ჩემი კადრები აღარ გამოაქვეყნა.
საქართველოში ეს შანტაჟი ჭრის ორ კატეგორია ადამიანებზე.
– კერძოდ?
– თუ ადამიანი არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის და თუ ადამიანი არის ქალი. დააკვირდით, მე გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ. სულ მე მახსენდება 5-6 შემთხვევა, ამ პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება ფეისბუქზე ან იუთუბზე. აქედან ერთი იყო ეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანზე და 4-5 იყო ქალზე. ყველაზე მოწყვლადი კატეგორია ამ შანტაჟისა არიან ქალები და ეს კატეგორია.
– და ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებასთან და ზოგადად მოსამართლეებთან, რითიც ეს თემა დავიწყეთ?
– ახლა მოსამართლეების დიდი ნაწილი ვინ არის? თუ სტატისტიკას გადახედავთ, არის ქალი.
– საით მივდივართ, რომ შანტაჟი მიდის მოსამართლეებზე?
– რა თქმა უნდა! და ნახეთ, რა გააკეთა მერე სააკაშვილმა? მან ეს ასლები, კომპრომატები, როცა მიდიოდა, დაუტოვა ხელისუფლებას.
– რატომ?
– რომ გამჟღავნდებოდა ეს კადრები, თავიდანვე ცხადი იყო.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018