კომპანია “ჯეო ნიუ სტილი“ საპარტნიორო ფონდს დახმარებას სთხოვს

შპს „ჯეო ნიუ სტილი“-ს დამფუძნებელი კახა თუთბერიძე bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათი დეკორატიული აგურების საწარმო შეკვეთების სიმცირის გამო შესაძლოა მალე დაკონსერვდეს. როგორც თუთბერიძე განმარტავს, მან და მისმა პარტნიორმა არაერთხელ მიმართეს საპარტნიორო ფონდს დამხარებისთვის, კერძოდ კი მათი პროდუქციის პოპულარიზაციისა და უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მხარდაჭერისთვის.

კახა თუთბერიძის თქმით, საქართველოს ბაზარზე კონკრეტულად დეკორატიული ფილების თვალსაზრისით ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზეა მოთხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ხარისხის თვალსაზრისით „ჯეო ნიუ სტილი“-ს პროდუქცია ძალიან მაღალხარისხიანია, აგურების რეალიზაციას მაინც ვერ ახერხებენ ინტენსიურად, იქედან გამომდინარე, რომ ბრენდს პოპულარიზაცია სჭირდება, რისი ფინანსური რესურსიც კომპანიას არ აქვს.

„დაახლოებით 3 წელი საწარმოს პირადი სახსრებით ვამუშავებდით, შემდეგ საპარტნიორო ფონდის პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში მივიღეთ დაფინანსება, თუმცა დღეს იმის გამო, რომ ბრენდის გაპიარების ფინანსური საშუალება არ გვაქვს, ქარხნის წარმადობა ძალიან დაბალია. არაერთხელ მივმართეთ „საპარტნიორო ფონდს“ და ვთხოვეთ, რომ მაგალითად ლიკანის სასტუმროში ძალიან მცირე ფართობზე, თუნდაც 5 კვადრატულ მეტრზე, ფოიეში განეთავსებინათ ჩვენი პროდუქცია, მაგრამ კომუნიკაციამ შედეგი დღემდე არ გამოიღო“ – აცხადებს კახა თუთბერიძე.

კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, მათ მიერ წარმოებული დეკორატიული აგურები უფრო იაფი, მაგრამ გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე იმპორტული პროდუქცია, თუნდაც იტალიური დეკორატიული აგურები, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ასეთ ბრენდებს სახელი აქვთ მსოფლიო ბაზარზე მოპოვებული, კონკურენციის გაწევა ამ ეტაპზე ძალიან უჭირთ. კახა თუთბერიძის თქმით ამ ეტაპზე მათ მოლაპარაკებები აქვთ სასტუმრო „რუმსთან“ და სექტემბრის ბოლომდე სასტუმროს ხელმძღვანელობას საკუთარი პროდუქციის ნიმუშები უნდა წარუდგინონ.

კომპანიამ პროდუქციის განთავსების მიზნით სასტუმრო „ამბასადორსაც“ მიმართა, რადგან კახა თუთბერიძის განმარტებით, სწორედ ასეთ ბრენდულ და პრესტიჟულ სასტუმროებში მათი დეკორატიული აგურების განთავსება პოპულარობას მოუტანს მათ ბრენდს და საშუალებას მისცემს გაფართოვდნენ წარმოების კუთხით. როგორც თუთბერიძე bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, აგურების წარმოებისთვის საჭირო დანადგარები და ნედლეულის მარაგი კომპანიას ამ ეტაპზე აქვს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018