რისთვის ჩადის პუტინი ბაქოსა და ერევანში?

“ახალი თაობა” წერდა, რომ რუსეთის ფედერაცია საგრძნობლად გააქტიურდა სამხრეთ კავკასიაში – მარტო სექტემბერში, ერთმანეთის მიყოლებით, რუსეთში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი.
25 სექტემბერს კრემლის მეთაური თავად ეწვევა კავკასიას. პუტინი ამ დღეს ბაქოში ჩავა, შემდეგ კი ერევანშიც გადაფრინდება.
ითქმება თუ არა სადაო მთიან ყარაბაღზე ახალი ამ ვიზიტისას, უცნობია. მიმომხილველების აზრით, პუტინს რთული შეხვედრა ნიკოლ პაშინიანთან მოელის. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთს ერთგულებას ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგაც ეფიცება, ერევანს, სავარაუდოდ, მოსთხოვენ პასუხს იმ განცხადებები გამო, რომლებიც არ შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთთან, აგრეთვე წევრობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონულ ორგანიზაციაში.
ითვლება, რომ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები ამჟამად უპრეცედენტოდ მჭიდრო და მეგობრულია. მოსკოვი და ბაქო აღრმავებენ ეკონომიკურ, სამხედრო თანამშრომლობას, ქმნიან სატრანსპორტო მარშრუტებს. პერსპექტიულად ითვლება სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთ-სამხრეთი”. ამ გზით აზიის ტვირთები მოხვდება ევროპის ბაზარზე.
ენერგეტიკის საკითხებში რუსეთთან თანამშრომლობს გერმანიაც, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა კრემლი მკაცრად გააკრიტიკა და მძაფრი გამოსვლისას საქართველო ახსენა.
ანგელა მერკელის თქმით, მოსკოვი ახდენს სიტუაციის დესტაბილიზაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფაქტობრივად ყველა საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც არ შედის ევროკავშირსა და ნატოში, იტანჯება რუსეთის მიერ პროვოცირებული კონფლიქტებით. მაგალითად, საქართველოს ჩამოჭრეს “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი, მოლდოვას დნესტრისპირეთის პრობლემა აქვს, უკრაინას – აღმოსავლეთ უკრაინისა, სომხეთსა და აზერბაიჯანში საქმე გვაქვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან.
აქამდე მთიანი ყარაბაღის თემა ყოველთვის ცალკე განიხილებოდა. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ საკითხებს კი ხშირად ერთად ახსენებდნენ.
არ არის გამორიცხული, გერმანიამ ან ევროკავშირმა მეტი ყურადღების დაუთმონ ამ კონფლიქტებს. ანგელა მერკელმა აღიარა, რომ რუსეთი ღიად იჭრება იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
თუ ევროპის ლიდერები ასე თვლიან, მაშინ ხელი უნდა შეუწყონ ასეთი სახელმწიფოების დაცვას და მათ მიღებას ევროკავშირსა და ნატოში.
ფრანგი ანალიტიკოსი მონგრენიე განმარტავს სანქციებში მოყოლილი რუსეთის ქმედებებს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
იგი აღნიშნავს, რომ დასავლელი დამკვირვებლები ყურადღების ფოკუსირებას ახდენენ რუსეთის ცუდ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე. ისინი ვერ აცნობიერებენ რუსეთის დიდ სტრატეგიას. შიდა პრობლემების მიუხედავად, მოსკოვი უარს არ ამბობს თავის საერთო სტრატეგიაზე. მოსკოვის საბოლოო მიზანია თავისი ძალაუფლების გავრცელება ევრაზიაში. ამის მისაღწევად ის აგრესიულად მოქმედებს სირიაში. ამავე ამოცანებს ემსახურება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ახალ სატელიტებად გადაქცევა, ასევე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების არდაშვება, აქტიურობა ბალკანეთში.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018