რუსებმა აფხაზებს პრემიერი გაგულია პროქართული განწყობების გამო მოუკლეს? – რას ნანობს სერგეი შამბა

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერი გენადი გაგულია უცნაურ ვითარებაში დაიღუპა. იმ ავტოსატრანსპორტო შემთხვევამ, რომელსაც გაგულია ემსხვერპლა, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, ის თბილისთან დაახლოებას ცდილობდა და კრემლმა სწორედ ამიტომ მოიშორა.
აღსანიშნავია, რომ 70 წლის გენადი გაგულიამ წელს მესამედ დაიკავა აფხაზეთის პრემიერის პოსტი. სხვა აფხაზი ლიდერებისგან განსხვავებით, ის ქართველების მიმართ აგრესიულად განწყობილი არ იყო.
მედიაში უკვე ჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ გაგულია ავტოავარიის შედეგად არ დაღუპულა და საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მას სიკვდილში ვიღაც “დაეხმარა”.
სანამ ამ ეჭვებზე მოგახსენებდეთ, საინტერესოა თავად ავტოსაგზაო შემთხვევაც.
ის მაშინ მოხდა, როცა დამასკოდან დაბრუნებული აფხაზთა დელეგაცია სოჭიდან სოხუმში მიემართებოდა. გუდაუთის რაიონის სოფელ მიუსერასთან ვაზ-21099 მარკის ავტომობილი სამთავრობო კორტეჟიდან მაინცდამაინც პრემიერის მანქანას დაეჯახა. ავარია პოლიციის საგუშაგოსთან მოხდა. ვაზ-21099-ის მძღოლი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და თან არანაირი საბუთი არ გააჩნდა.
ავარიის დროს, გაგულიას გარდა, მანქანაში მისი მძღოლი და პირადი მცველი იმყოფებოდნენ. არცერთი მათგანი სერიოზულად არ დაზარალებულა. მართალია, ისინი საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ იქიდან ძალიან მალე გამოუშვეს.
გამოცემა “კავკაზპლიუსი” ვარაუდობს, რომ პრემიერის გადარჩენა შესაძლებელი იყო, მაგრამ მას საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ვიღაც დაეხმარა, რომ მომკვდარიყო.
– საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გენადი ლეონიდეს ძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მის გარდა არავინ დაზარალებულა, – განაცხადა მთავრობის პრესამსახურის უფროსმა დიანა ზანთარიამ მედიასთან საუბარში.
გენადი გაგულია საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, ამის შესახებ აფხაზეთის ხელისუფლება დეტალურად არ საუბრობს, რაც სერიოზულ ეჭვებს აჩენს.
ეჭვის საბაბი აფხაზებს ნამდვილად აქვთ. გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა პრეზიდენტის პოსტზე მყოფი სერგეი ბაღაფში. ის ოპერაციის გასაკეთებლად ისრაელში აპირებდა წასვლას, მაგრამ რუსებმა დაარწმუნეს რომ ოპერაციის გაკეთება მოსკოვში ჯობდა. ისიც დათანხმდა და ოპერაციის შემდეგ გონზე ვეღარ მოვიდა.
ოპერაციამდე ბაღაფში თურქეთში იმყოფებოდა. მაშინ მოსკოვი და ანკარა ასე ღრმად არ იყვნენ ერთმანეთთან ჩახუტებული. აფხაზებს თურქეთში დიდი და გავლენიანი დიასპორა ჰყავთ, როგორც ამბობენ, ბაღაფში იქ მოკავშირეს ეძებდა.
მას ქართველებთანაც ჰქონდა კავშირები და თბილისთან ცდილობდა სიტუაციის დალაგებას, რაც კრემლისთვის მიუღებელი იყო და, როგორც აფხაზები ამბობენ, მან ამიტომაც ვერ “გადაიტანა” ოპერაცია.
არც ის უნდა დავივიწყოთ, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი პრეზიდენტად არჩევა. კრემლი ღიად უჭერდა მხარს რაულ ხაჯიმბას, მაგრამ აფხაზებმა მას უარი უთხრეს და, დიდი ზეწოლის მიუხედავად, მაინც ბაღაფში აირჩიეს.
ბაღაფშმა პრემიერის პოსტზე ალექსანდრე ანქვაბი დანიშნა, რომელიც პროქართულად ითვლება. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას მას შს მინისტრის პოსტი ეკავა. მართალია, ის საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ადამიანის სახე არასდროს დაუკარგავს და უამრავი ქართველი გადაარჩინა.
ბაღაფშის გაპრეზიდენტების შემდეგ, ანქვაბს შვიდჯერ მოუწყვეს ტერორისტული აქტი, მაგრამ შვიდჯერვე გადარჩა. რუსული პრესა მაშინ აქტიურად წერდა, რომ ამ ტერაქტების უკან ხაჯიმბა იდგა. ხაჯიმბა კი პირდაპირ კრემლს წარმოადგენს.
ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნები ანქვაბმა მოიგო. კრემლის ფავორიტი ხაჯიმბა ისევ დამარცხდა. რუსეთი მიხვდა, რომ შვიდტერაქტს გადარჩენილ ანქვაბს ამ გზით ვერ მოიშორებდა და ალიკ აუფეთქებელს (ასე ეძახიან ანქვაბს აფხაზები) გადატრიალება მოუწყო.
ხაჯიმბას ხალხის მიერ გარშემორტყმული პრეზიდენტის რეზიდენციიდან ის რუსმა სამხედროებმა გამოიყვანეს. რამდენიმე დღე ანქვაბი გუდაუთაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ, საიდანაც მოსკოვში გადააფრინეს.
რაღაც დროის შემდეგ, ანქვაბი სოხუმში დაბრუნდა და დეპუტატად იყარა კენჭი. არჩევნები მოიგო და ახლა აქაური სახალხო კრების წევრია, ხაჯიმბა კი მესამე ცდაზე გაიყვანა კრემლმა პრეზიდენტად.
რუსების დავალებით, ახლა ხაჯიმბა ცდილობს, რომ აფხაზებს უცხოელებზე მიწების მიყიდვის კანონი მიაღებინოს. აფხაზები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ერთი თვის წინ ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა “ახალ თაობასთან” საუბარში თქვა, რომ კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რათა აფხაზეთის მთავრობას რუსეთი სრულად აკონტროლებდეს.
გამოცემა “კავკაზპლიუსი” თვლის, რომ გაგულია კრემლის კონტროლიდან გამოსული იყო და ამიტომაც დაიღუპა. გამოცემის აზრით, გაგულიას მკვლელობით ის აფხაზი ჩინოსნები გააფრთხილეს, ვისაც არ უნდა, რომ ბოლომდე რუსეთის ყურმოჭრილი მონა იყოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაგულია სამჯერ დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერად. ამ თანამდებობაზე ორჯერ არძინბამ დანიშნა, მესამედ კი ეს პოსტი მიმდინარე წლის 24 აპრილს ხაჯიმბამ ჩააბარა.
საინტერესოა, რომ მისი მეორე ვადით პრემიერობისას დაიწყო საუბარი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე. ამ რკინიგზის გახნას დღემდე დაუღალავად ითხოვს სომხეთი.
ეს საკითხი პირველად დღის წესრიგში 2003 წლის 7 მარტს, ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს დადგა. ამ შეხვედრას გენადი გაგულიაც ესწრებოდა.
რაღაც დროის მანძილზე აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი დაკონსერვებული იყო. სომხურმა მხარემ ეს საკითხი გასულ წელს გაააქტიურა. ამ თემაზე ერევანმა თბილისთანაც დაიწყო მოლაპარაკებები.
გავრცელებული ინფომაციით, სწორედ რკინიგზის თემის გააქტიურების გამო დაინიშნა გენადი გაგულია მესამეჯერ პრემიერად. “კავკაზპლიუსის” მტკიცებით, ამ საკადრო ცვლილების შემდეგ სომხურმა ლობიმ ძალიან გაააქტიურა რკინიგზის გახსნის თემა.
– რუსეთის მიერ კონტროლირებადი, მაგრამ უკიდურესად ჩლუნგი ხაჯიმბას ნაცვლად, სომხურ ლობის სურდა, ისეთ ადამიანთან ჰქონოდა ურთიერთობა, რომელიც უკვე იცნობდა რკინიგზის საკითხებს. სომხური ლობისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თემაზე აფხაზებიდან ემუშავა იმ პირს, ვისაც ქართველების სისხლში ხელი გასვრილი არ ჰქონდა და ქართველების გაღიზიანებას არ გამოიწვევდა. ამიტომაც მოიყვანეს პრემიერად პენსიაზე გასული, 70 წლის გაგულია, – წერს გამოცემა.
მართალია, ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერად სომხურმა ლობიმ სასურველი კანდიდატი დაანიშნინა სოხუმს, მაგრამ სომხეთში აირია ვითარება. ზურგჩანთამოკიდებულმა პაშინიანმა სომხური მაიდანი მოაწყო და თავად დაიკავა პრემიერის თანამდებობა.
ნიკოლ პაშინიანი რატომღაც ანტირუს პოლიტიკოსად ითვლება. მისი გაპრემიერების შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი დროებით გააჩერა. საქართველოს ხელისუფლებამაც უარი თქვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაზე და სომხურმა ლობიმ სასურველ შედეგს ამ ეტაპზე ვერ მიაღწია.
– ის ამოცანა, რისთვისაც პრემიერად მოიყვანეს, გაგულიამ ვერ შეასრულა. ეს წარუმატებლობა მისგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდება. თავისუფლად შეეძლოთ, ის მშვიდად გაეშვათ პენსიაზე, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ გაგულია მიხვდა, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მისი ხალხი, – მიიჩნევს “კავკაზპლიუსი”.
გამოცემის ანალიტიკოსების მტკიცებით, გაგულია შეეცადა, თავისი ხალხი ამ ჩიხიდან გამოეყანა.
– გაგულია აცნობიერებდა, რომ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საქართველოსთან საერთო ენის გამონახვა იყო, რასაც მას არც კრემლი აპატიებდა და არც – სომეხი ნაციონალისტები, – აღნიშნავს გამოცემა.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აფხაზეთის პრემიერის პოსტზე ყოფნისას მას არცერთი ანტიქართული განცხადება არ გაუკეთებია. მას შემდეგ, რაც გაგულიამ მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროების ფაქტებმა აშკარად იკლო.
აგვისტოს თვეში აფხაზებმა რუსების მიერ აღიარების 10 წლისთავი იზეიმეს. სოხუმის გარდა, საზეიმო ღონისძიება მოსკოვშიც გაიმართა. საზეიმო მიღებას გაგულიაც დაესწრო.
მედიის ინფორმაციით, ის რუსეთის ვიცე-პრემიერებს ვიტალი მუტკოს და ალექსეი გორდეევს შეხვდა. გაგულიამ რუსულ მხარეს მოსთხოვა, რომ 2019 წლისთვის დაგეგმილი პროექტებისთვის დროზე გამოეყოთ თანხა, რასაც რუსული მხარე გაუღიზიანებია.
“კავკაზპლიუსი” დარწმუნებულია, რომ გაგულია პროქართულმა განწყობებმა შეიწირა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მხცოვანმა პრემიერმა დამასკოში დაუშვა საბედისწერო შეცდომა.
– ამ ადამიანს ბევრი ინფორმაცია ჰქონდა და ნებისმიერ დროს შეეძლო ეთქვა, რომ მისი ხალხი იღუპება. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის აფხაზურ დელეგაციასთან ერთად სირიაში გაემგზავრა. სირიის მთავრობაში ყველა რუსეთის მარიონეტი არ არის. არაა გამორიცხული, გაგულია მათ დაელაპარაკა, არაბულ ქვეყნებთან დაკავშირება ითხოვა. არაბული ქვეყნები აფხაზებს ქართულ მხარესთან დიალოგის დაწყებაში უნდა დახმარებოდნენ. ამას გაგულიას კრემლი არ აპატიებდა, – მიაჩნიათ ანალიტიკოსებს.
დამასკოდან ჩამოსული გაგულია ავარიაში დაიღუპა. შესაძლოა, კავკასიელი ანალიტიკოსები შეფასებებში აჭარბებენ, მაგრამ ბევრი რამე ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.
….
ამასობაში აფხაზეთში სიტუაცია მძიმდება. აფხაზური სეპარატიზმის მამებიც კი აღიარებენ, რომ ისინი საქართველოს შემადგენლობიდან იმიტომ არ გამოსულან, რომ ასეთი აფხაზეთი მიეღოთ.
ამ თემაზე ძალიან ხშირად საუბრობს აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი სერგეი შამბა.
მისი “გალობანი სინანულისანი” ამჯერად აფხაზეთში შექმნილ რთულ კრიმინოგენურ ვითარებას ეძღვნება. შამბა ნანობს, რომ თავის დროზე მათ ქართველების აწიოკებას არ შეუშალეს ხელი.
– ომის შემდეგ ვლადისლავ არძინბასთან და ზურაბ აჩბასთან ხშირად მისაუბრია ამ თემაზე. ზურიკი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ქართველები იძარცვებოდნენ. ის ამბობდა, დღეს ქართველებს ძარცვავენ, ხვალ რუსებს და აფხაზებს მიადგებიან, მერე უკვე აფხაზებამდე მივლენ.
ასეც მოხდა, ჯერ ძალიან მდიდარი ადამიანების გატაცება დაიწყეს ფულის გამოძალვის მიზნით, მერე არც ისე მდიდრებს იტაცებდნენ. ახლა 200.000 რუბლის გამო სჩადიან ყაჩაღობას, მერე 20.000 და 10.000-ზეც დავლენ, – ამბობს შამბა.
მისი თქმით, აფხაზეთში მკვეთრად მოიმატა სუიციდის ფაქტებმა. აფხაზური სეპარატიზმის მამა ამბობს, რომ აფხაზი ახალგაზრდები თავს იმიტომ იკლავენ, რომ გამოსავალს ვერ პოულობენ.
შამბას თქმით, აფხაზეთში ძალიან მძიმე ვითარებაა და რესპუბლიკა უფსკრულის პირას დგას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გამორჩეული სეპარატისტი აფხაზეთის აწმყოს დასტირის. ის ანტირუსული განცხადებების გაკეთებას ჯერ ერიდება, მაგრამ ბევრიც აღარ უკლია.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018