სააკაშვილი – “სალომე ზურაბიშვილის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, არ მისცეთ მას საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება!”

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველო 2008 წლის ომის დაწყებასა და საკუთარი ტერიტორიების დაბომბვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფაა ყოველი ქართველი გმირის და რუსეთის აგრესიის თითოეული მსხვერპლის და ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ლოგიკას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მსგავსი განცხადებებით საფუძველი ექმნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას.
„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი საკუთარი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ვილაპარაკოთ. ეს არის ერთი-ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი. შეადარეთ ახლა ამ ქალის ნალაპარაკევი და მეთიუ ბრაიზასი, რომელიც მაშინ იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენთის მთავარი წარმომადგენელი და ზედმიწევნით იყო საქმის კურსში. რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი.

მე მინდა ვუთხრა ყველას, მინდა ვუთხრა დღეს ქუთაისში ძალით მიყვანილ ხალხს: ამ ქალის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე, ამ ქალის გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას. თუ ჩვენ თვითონ არ დავაკანონეთ, რუსეთი ამას თვითონ ვერასდროს დაიკანონებს. ეს არის კლასიკური ღალატი საქართველოსი, მტრის კლასიკური სქემა.“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ყველა პატრიოტის ვალია, რომ მსგავსი მოღალატეობრივი პოზიციის მქონე პოლიტიკოს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება არ მიეცეს.

„ყველა ქართველ პატრიოტს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მოვუწოდებ, არ დაუშვას ამ ქალის მიერ თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი საქართველოში, პრეზიდენტად არჩევაზე აღარ ვსაუბრობ. ეს არ არის ჩვეულებრივი დემოკრატია, არ უნდა მივცეთ ქვეყნის მოღალატეს კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება. ეს არის ჩემი მოწოდებაც და ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პატრიოტული ვალი. მეც ყველანაირად ჩავერთვები ამ თქვენს კამპანიაში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018