საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ისრაელს თელ ავივში მოუგო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად, ისრაელში ითამაშა.

დაპირისპირება ქართველი კალათბურთელების აქტიურობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ჩვენებმა 26-23 მოიგეს, მეორეს დასაწყისში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, და როდესაც დიდ შესვენებამდე სამნახევარი წუთი იყო დარჩენილი, ცხრა ქულის უპირატესობით – 42-33 იგებდნენ. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 12 ქულიანი უპირატესობით – 49-37 მოიგეს.

შეხვედრის მესამე მეოთხედში მასპინძლები გააქტიურდნენ, ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წინ გასვლაც მოახერხეს. პერიოდის დასრულებამდე სამნახევარი წუთით ისრაელი ანგარიშში წინ გავიდა 57-55.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 15 ქულით წააგო. ისრაელმა 31 ქულა გააკეთა, რომლის საპასუხოდაც საქართველომ მხოლოდ 16 ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის დაწყებამდე ისრაელი 3 ქულით დაწინაურდა – 68-65.

ბოლო მეოთხედი ძალზე დაძაბული გამოდგა. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა მასპინძლები მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ.

შეხვედრის დასრულებამდე სამნახევარი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა – 77-76. ზუსტად ერთ წუთში საქართველო ქულით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა მეტოქეს  სამქულიანით უპასუხეს და კვლავ წინ გავიდნენ.

დაპირისპირების ბოლო წუთზე გოგა ბითაძემ მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და მასპინძლები მასზე დაჯარიმდნენ. ლიმიტი ამოწურული იყო, ბითაძემ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და საქართველო 2 ქულით დააწინაურა.

ისრაელს აუცილებლად შედეგიანი იერიში სჭირდებოდა, თუმცა გიორგი ცინცაძემ მეტოქეს ბურთი ყველაზე საჭირო დროს მოპარა, რასაც შენგელიას მორიგი ქულები მოჰყვა – 85-80.

საბოლოო ჯამში შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა და ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა მოიგეს.

ქართველთა შორის ყველაზე მეტი, 22 ქულა თორნიკე შენგელიამ მოაგროვა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელიც უდავოდ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო. მის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება და ერთი ჩაჭრა იყო.

პირველი არხი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018