სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის ახალი წესები ამოქმედდა -სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება

2018 წლის 1 სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები შეიცვალა.
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. ამასთან, ცვლილებები შედის ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესშიც.

„მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული  ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან“, – აღნიშნულია კოდექსში.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ამ ტიპის სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ სანქციის ოდენობა წლიურად 98.55%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მაშინ როცა სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლო და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018