სოსო ცინცაძე – “ბიძინა ივანიშვილმა ხარაკირის გაკეთება გადაწყვიტა – “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა თავისი თავი”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს როგორ აფასებთ?
– ბიძინა ივანიშვილმა ხარაკირის გაკეთება გადაწყვიტა. შექმნილ სიტუაციას, რომ ვაანალიზებ, მართლაც სხვა ახსნა არ აქვს. რა პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს იმ რეალობას, რომელიც გვაქვს, რომელიც დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მარიხუანის პლანტაციების გაშენების სურვილით დასრულდა.
რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი, ვერ გეტყვით, არ ვგულისხმობ კანაფის კულტივაციას და შემდეგ ექსპორტზე გატანას, ზოგადად ვსაუბრობ. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ყველაფერი უკუშედეგის მომტანია. ვცდილობ, კორექტული ვიყო. ასეთ მოქმედებებზე მიდიან ან მაშინ, როდესაც ძალიან დიდია რწმენა, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეგვრჩება, როგორც ეს წინა ხელისუფლებას ჰქონდა ან ამ ნაბიჯებზე სრულიად შეგნებულად მიდიან.
– შეიძლება სულაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს მიზეზი?
– ეს ითქვა მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, მაგრამ მისმა დაბრუნებამ გუნდი ვერ გააერთიანა. არადა გვითხრა, რომ ერთ-ერთი მიზეზიც, რატომაც დავბრუნდი, გუნდის გაერთიანება იყოო. ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ მოხდა დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებული ამბავი, გუნდიდან გაშვება. ტკივილგამაყუჩებელი დაავადებას ვერ არჩენს, ის მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს.
– ივანიშვილის დაბრუნებამ სიტუაცია მხოლოდ დროებით დაარეგულირა?
– რასაკვირველია. გუნდში დაპირისპირება მაინც არის. ყველა პრინციპულ საკითხში მათ განსხვავებული ხედვები აქვთ და პოზიციების შეჯერებას ვერ ახერხებენ. იგრძნობა, რომ გუნდში პანიკაა. ახალგაზრდები არიან, რომლებიც არ აპირებენ ერთ-ორ წელიწადში პოლიტიკიდან წასვლას, 20-30 წელი კიდევ აპირებენ პოლიტიკაში ყოფნას.
– ბოკერიამ თქვა, შარშანდელივი თოვლივით გაქრებიანო.
– როგორც მისი ბევრი კოლეგაა, რომელთა გვარები დღეს აღარავის ახსოვს და თუ ახსოვს, ძალიან ცუდ კონტექსტში.
კიდევ ერთი ნიუანსია. ამ უმრავლესობაზე შიშის ფაქტორი არ მუშაობს, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან. ამიტომაც იყო ის წინა საპარლამენტო უმრავლესობები მონოლითური და არ იშლებოდა. ამათ იციან, რომ არავინ არ დახვრეტს და განსხვავვბული აზრის გამო ციხეში არავინ გაუშვებს. ეს ფაქტორიც მუშაობს.
მმართველ გუნდიში არსებული ვითარება, ქვეყანაში შექმნილი პრობლემები, ხორბლის 3 ათასი შემომტანი უმუშევარი რჩება, პატარა პრობლემაა “იბერიას” და “ომეგა” ჯგუფის ირგვლივ წარმოშობილი პრობლემა?! ინფლაცია, ეს ყველაფერი გროვდება.
– ასეთი პრობლემები გროვდება და არჩევნებზე აისახება.
– რასაკვირველია! ასეთი პრობლემები გროვდება და წყალს უყენებს ხელისუფლებას. ხომ ვიცით, ჭიქა წვეთებით ივსება, მაგრამ ეს უკვე ნიაღვრად იქცა – ვგულისხმობ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს სხვადასხვა მიმართულებით.
ხელისუფლებას ერთი პატარა ფონიჭალა ვერ გაუკონტროლებია და პლანტაციების გაკონტროლებას როგორ აპირებს, ძალიან საინტერესოა! აკაკი ზოიძე წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მამალ ტყუილს გვეუბნება. იმ პლანტაციებში ადამიანები ხომ დასაქმდებიან, ყველა გამოიტანს ერთ ჯიბე კანაფს და გარეთ გაყიდის, ან როდესაც ეცოდინებათ, რომ კანაფის პლანტაციაში მუშაობს ესა თუ ის პირი, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.
– აღნიშნული კანონპროექტი შეჩერებულია.
– კი, თუმცა, გვითხრეს, რომ უკან არ დაუხევიათ. მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვსწავლობ, რა არის უკან დახევა, კომპრომისი. როგორც ჩანს, აღიარება არ უნდათ. არადა უფრო ჭკვიანური იქნება თუ იტყვიან: არ მოეწონა საზოგადოებას, უკან ვიხევთ!
– ივანიშვილმა დაიხია უკან თუ უმრავლესობამ?
– ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინს. ეს რასაკვირველია ხუმრობით, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ პარტიაში ერთ-ორ ადამიანს ერჩია – აჯობებს უკან დავიხიოთ, თორემ ეკლესიის, ხალხის რისხვაას ვეღარ გადავურჩებით. ეკლესიას აქამდე ძალიან ბევრ სოციალურ უსამართლობაზე ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, მაგრამ დღეს ეკლესიას წითელი ხაზი გადაალახინეს, განა თავად გადალახა, გადაალახინეს. ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ვერ გაჩუმდებოდა. არადა ეს პირდაპირ მათი მოვალეობაა. ყოველი ადამიანი, ამ გზას შემდგარი, დაკარგული ცხვარია ეკლესიისთვის.
– ვადამდელ არჩევნებს რომ დავუბრუნდეთ.
– როდესაც ასეთი მძაფრია კრიზისი, მაშინ ხშირად ვადამდელი არჩევნები გამოსავალი არის. ამ დროს ხელისუფლება აცხადებს ვადამდელ არჩევნებს და ახალ ლეგიტიმაციას იღებს, რომ გააგრძელოს. თუმცა, მე არ მგონია, რომ ახლა ვადამდელი არჩევნები გამოსავალი იყოს.
– რატომ?
– რაღაცნაირად იგრძნობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა თავისი თავი. თუ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მე დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ვადამდელი არჩევნები კიდევ უფრო გააბოროტებს ხალხს, ისეთი სოციალური ფონია ქვეყანაში შექმნილი.
კარგად მახსოვს, შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, სარფში წავიდა, ეს რა ვნახე, მთელი რკინა თურქეთში გააქვთ, მაგრამ ვერ შევაჩერებ, რადგან ამით ხალხი ორ კაპიკს შოულობსო. ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ შევარდნაძემ იცოდა, რა ქვეყანას მართავდა. თუ ხელისუფლებამ არ იცის, რა ხალხს, რა ქვეყანას მართავს, მაშინ მისი საქმე წასულია, როგორც იმ ქვეყნის საქმეა იმ წუთში ცუდად.
სწორია, როდესაც კალაძე ამბობს, რომ გარევაჭრობა არ უნდა იყოს, როდესაც შუა ქუჩაში დგას მანქანა და პროდუქტს ყიდის, ის უნდა დავაჯარიმოთ, მაგრამ სანამ შენ მას ალტერნატივას არ შესთავაზებ, თანაც რეალურ ალტერნატივეს, ამის არათუ მორალური, სამართლებრივი უფლებაც არ გაქვს, როგორც სახელმწიფოს. ამას ვერ აცნობიერებენ. ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა ძირეულ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, ამის ანალიზს ვერ აკეთებენ.
აკრძალვა მხოლოდ უკუშედეგის მომტანი იქნება თავად ამ ხელისუფლებისთვის, ძირეული რეფორმა კი – შედეგის.
ამას ვერ ხვდებიან. კურსი ჯარიმებზე აქვთ აღებული, მაშინ როდესაც პენსია ვერ გაუზრდიათ, ეს კი აცოფებს ადამიანებს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018