აფხაზი ვეტერანები სომხური სკოლების დახურვას მოითხოვენ

აფხაზი ვეტერანები სომხური სკოლების დახურვას მოითხოვენბოლო ხანს ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პროცესები ვითარდება. მათი მთავარი განმაპირობებელი აფხაზი მოსახლეობის უკმაყოფილებაა. აფხაზები აცნობიერებენ, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგანან. “მარჩენალი” რუსეთის მიერ პროვოცირებულმა “აღიარებამ” და ომში “გამარჯვებამ” აფხაზები გააღატაკა და რაოდენობრივად შეამცირა, ხაჯიმბას კორუმპირებულმა რეჟიმმა კი ხალხისათვის ეკონომიკურადაც არაფერი გააკეთა. ცალკე თემაა ადგილობრივი ქართველების დისკრიმინაციის გაძლიერება.
1992-93 წლების ომში დაინვალიდებული აფხაზი ვეტერანების მიმართვა სხვადასხვა მოთხოვნას შეიცავს.
მიმართვის ავტორები არ ახსენებენ კაზაკებს, რომელთა მონაწილეობა 30 სექტემბერს დანიშნულ აღლუმში მათმა თამამებრძოლებმა ცოტა ხნის წინ გააპროტესტეს. რამდენიმე დღის წინ ომის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შთამომავალ კაზაკებს არა აქვთ აფხაზეთის ეროვნულ დღესასწაულებში მიღების უფლება. კაზაკები წარმოადგენენ რუსეთს, რომელიც კავკასიის დაპყრობისას უამრავ ჩრდილოკავკასიელს, მათ შორის, აფხაზს ხოცავდა ან უცხოეთში ასახლებდა.
ბოლო წერილში აფხაზი ვეტერანები საუბრობენ ვეტერანების ზუსტი სიის შემუშავების აუცილებლობაზე. მათი თქმით, ბრძოლებში მონაწილეობისათვის მედლებითა და ორდენებით ბევრი ისეთი პირია დაჯილდოებული, რომელსაც ომში მონაწილეობა არ მიუღია. ასეთი ყალბი ჯილდოები გასაუქმებელია. ვეტერანების მონაცემებით, სოხუმის ბრძოლაში სხვადასხვა ეროვნების 289 კაცი მონაწილეობდა, სტატისტიკის თანახმად, ეს ციფრი 660-ია.
– 1992-93 წლების ომის ინვალიდები, სამშობლოში მივიწყებული არიან იმ დროს, როცა მთავარი ყურადღება მიმართულია იმათზე, ვინც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, – აღნიშნავენ ავტორები.
მათი აზრით, გაუგებარია, რატომ არ ხდება აფხაზი ხალხის გმირების სახელის უკვდავყოფა.
ომის მონაწილეების მიმართვა აფხაზების ეროვნულ საკითხებს ეხება:
– რესპუბლიკაში არ ხდება სახელმწიფოებრიობის, აფხაზური კულტურისა და დემოგრაფიის პროგრამების განხორციელება. არ რასებობს ეროვნული იდეოლოგია. ახალგაზრდობაში არ მიმდინარეობს ეროვნული კულტურის “აპსუარა”-ს მორალური კოდექსის პროპაგანდა, აფხაზური ენის სათანადო სწავლება.
ვეტერანები მოითხოვენ კვოტების შემოღებას იმიგრანტებისათვის და აფხაზეთში უკანონოდ მყოფების გაძევებას. მათი ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში აფხაზეთის მოქალაქეობა უკანონოდ მიიღო დსთ-ს ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა.
მათი აზრით, მთავრობამ უნდა შეზღუდოს დიასპორების სკოლები და ეკლესიები.
ეს მოთხოვნა სომხურ მოსახლეობას ეხება. მიმართვის სხვა ნაწილში ავტორები ღიად მიუთითებენ, რომ სომხურ დიასპორას აფხაზეთში სომხური სკოლები და ეკლესიები აქვს. ამ კონტექსტში ვეტერანები სვამენ სომხეთის მხრიდან აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” აღიარების საკითხს:
– მოვითხოვთ, დამუშავდეს სომხეთის მიერ აფხაზეთის ცნობის საკითხი. სომხებს აფხაზეთში უზარმაზარი დიასპორა ჰყავთ. ის უზრუნველყოფილია სომხური სკოლებითა და ეკლესიებით.
როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან ენგურსგამოღმა გადმოდიან აფხაზეთის წარმომადგენლები, რომლებიც უფასოდ სარგებლობენ სამედიცინო სერვისებით. აფხაზი ვეტერანები აცხადებენ, რომ უნდა შეიზღუდოს აფხაზეთიდან “საქართველოს რესპუბლიკაში” თავისუფალი გადმოსვლა სამკურნალოდ და აქ საქონლის შესყიდვა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა