ბათუმში 6.000 ამპულა მორფინი დაკარგვის საქმეზე პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს

ბათუმში 6.000 ამპულა მორფინი დაკარგვის საქმეზე პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებსბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი დაიკარგა. დიდი ოდენობით დაკარგული ნარკოტიკული ნივთიერების საქმეზე პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს.

საქმის მასალების მიხედვით, სპეციალურ მედიკამენტებზე პასუხიმგებელმა ექთანმა ბასილაძემ კლინიკიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი გაიტანა და ქვეყანა, კლინიკის დამფუძნებელ გოჩა ყულიჯანაშვილთან ერთად, დატოვა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ექთანს ნარკოტიკულ ნივთიერება კლინიკიდან უკანონოდ თვეების განმავლობაში გაჰქონდა.

კურიერის მიერ მოპოვებული საქმის ჩვენებაში კლინიკის დირექტორი სამართალდამცველებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ დაკარგული მედიკამენტის შესახებ მხოლოდ გეგმიური შემოწმებისას გაიგო.

საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალს ნარკოტიკული ნივთიერებით ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია ვიტ ფარმა + ამარაგებდა. კომპანია ვიტ ფარმაში ამტკიცებენ, რომ ექთანს ნარკოტიკული ნივთიერება თვეში ორჯერ კლინიკის ხელმძღვანელის ხელმოწერის საფუძველზე მიჰქონდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებში საზღვაო ჰოსპიტალის დირექცია ამტკიცებს, რომ ლეილა ბასილაძე მარტო მოქმედებდა.

ლეილა ბასილაძე პოლიციაში არ მისულა და მიუხედავად იმისა, რომ 6 ათასი ამპულა მორფინის დაკარგვის საქმეზე გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც ექთანი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა, მან ქვეყნის დატოვება მოასწრო.

ლეილა ბასილაძე და გოჩა ყულიჯანაშვილი, კურიერის ინფორმაციით, თურქეთში იმყოფებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება უკვე 5 თვეა, მიმდინარეობს, მათთვის ბრალი დაუსწრებლად ჯერ არ წარუდგენიათ და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა.