გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

გეგმური აცრები სავალდებულო ხდებაპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

“წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი – მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა გამოხატეს კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა პედიატრებმა

“ჩვენ ინიციატივას მივესალმებით. მაქსიმალურად შევეცდებით მის განხორცილებას მხარი დავუჭიროთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მშობელი უნდობლად მოგვმართავს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის ამაღლება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის აუცილებლობის მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იტყვის საკუთარი შვილის აცრაზე. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის გამოუყენებლობა ფაქტობრივად დანაშაულია“, – განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ