გია ხუხაშვილი: “ოცნება” ძალიან ახლოსაა იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება”

გია ხუხაშვილი: "ოცნება" ძალიან ახლოსაა იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გია, ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი ვითარება რაზე მიანიშნებს, რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიასთან იყოს ბმაში?
– არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მწყობრი კამპანიის ნაწილი იყოს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თვითდაზიანება. ამას შეიძლება პოლიტიკური მაზოხიზმი ვუწოდოთ და მეტი არაფერი. ეს არის ქაოსი, რომელიც მომდინარეობს ხელისუფლებიდან, რის უფლებასაც აძლევს თავის თავს არა იმიტომ, რომ საკუთარ ძალებშია დარწმუნებული, არამედ იმიტომ, რომ ოპონენტების სისუსტეშია დარწმუნებული.
ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს, ასე იცელქოს და იცუღლუტოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ასე უსასრულოდ გაგრძელდეს. ნორმალური, კონკურენტული არჩევნების პირობებში ეს ყველაფერი სუიციდის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ არსებული ალტერნატივიდან გამომდინარე იმხელა უპირატესობა აქვთ, რომ ცუღლუტობის რეზერვი ძალიან დიდია.
– ქაოსი ახსენეთ, ამ ქაოსის დასალაგებლად ხომ დაბრუნდა ივანიშვილი? ის ვერ ფლობს სადავეებს თუ შეიძლება შექმნილი ვითარება აწყობდეს კიდეც?
– ბიძინა ივანიშვილმა ერთი პრობლემა გადაწყვიტა – პარტიის შიგნით დაწყებული დაპირისპირება. მის დაბრუნებას ერთგვარი სტრატეგიული დატვირთვა ჰქონდა. გარკვეულწილად შიდა დისციპლინის აღდგენა მან შეძლო. მე ვფიქრობდი, რომ მეორე ეტაპზე უფრო შორს წავიდოდა და პარტიული წესრიგის შემდეგ, სახელმწიფო წესრიგის დამკვიდრებას დაიწყებდა, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით მას ნაბიჯები არ გადაუდგამს.
– რატომ?
– ვერ გეტყვით. რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო გაუგებარი ხდება ეს ყველაფერი.
– ახსნას ვერ უძებნით?
– ვერა.
– პარტია “ქართულ ოცნებას” ეს ყველაფერი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად ავნებს?
– რა თქმა უნდა, ავნებს! ერთი ის არის, პარტია რესურსებსა და მოწინააღმდეგეების სისუსტეზეც დგას. ამიტომ, გარკვეული პერიოდი “ქართულ ოცნებას” საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორც კი მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება (არა კომპრომიტირებული და დისკრედიტირებული) “ქართული ოცნების” საქმე ძალიან ცუდად წავა.
სანამ ნაციონალური მოძრაობა იქნება “ოცნების” მთავარი ოპონენტი, დღეს რასაც ვუყურებთ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ასეთი ამოუწურავიც არ არის, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს.
– რამდენად გამოჩნდება რეალური ალტერნატივა?
– მე ვერ გეტყვით, როდის და რამდენ ხანში გამოჩნდება, მაგრამ სრულიად კანონზომიერია, როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, მიწოდებაც ხდება. ასე რომ, გამოჩნდება პოლიტიკური ცენტრი, ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჩაანაცვლებს.
“ოცნების” მოქმედების ვადა ალტერნატივაზეა დამოკიდებული. პარადოქსულია, მაგრამ მის ინტერესებშიც არის, შეიქმნას. თუ რეალური ალტერნატივა არ გაჩნდება, მაშინ პროცესი რევოლუციური გზით განვითარდება, რადგან “ქართული ოცნება” ძალიან ახლოს არის იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება.
– ფიქრობთ, რომ წყალგამყოფი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება?
– შესაძლებელია. წესით, მოვლენების ლოგიკა გვკარნახობს, რომ უნდა იყოს კიდეც. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ საზოგადოებაზე და მეორე მხრივ თავად პოლიტიკოსებზე. ძლიერი ალტერნატივის შექმნაც დამოკიდებულია საზოგადოებაზეც და პოლიტიკურ სპექტრზეც.
– გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია ეს ალტერნატივა “ოცნების” გუნდის შიგნით შეიქმნას?
– ამას ნამდვილად გამოვრიცხავ, რადგან გუნდის შიგნით საერთოდ ლიდერები არ არიან. გუნდის შიგნით ყველა ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებს. არავის, არც ერთს არ აქვს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი.
– არ ფიქრობთ, რომ კალაძეს შეიძლება ამ მიმართულებით ჰქონდეს ამბიციები?
– კი, ნამდვილად შეიძლება ამბიციები ჰქონდეს, ეს ამბიციები კალაძეს დღესაც აქვს, მაგრამ მე პრაქტიკულ შესაძლებლობაზე ვსაუბრობ.
– თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში.
– ასეთია მოცემულობა. ამას უკვე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ აკეთებს. საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ ლამის ჯიხურის ჩადგმის ბიზნესიც ივანიშვილმა გადაწყვიტოს. ასეთი გაგებაა, რომ ყველაფერი ივანიშვილის დონეზე “ლაგდება”.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რეალობას შეესაბამება, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში რეალობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აღქმას. სამწუხაროდ, დღეს აღქმა ასეთია, რაც არის ბიძინა ივანიშვილის პრობლემა. მეტიც, “ოცნების” პოლიტიკური ელიტა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვექტორი ივანიშვილისკენ გადაწიოს.
ბოლო ფარულ ჩანაწერებშიც ხომ ეს გვესმის?! ეს არის ივანიშვილის პირადი პრობლემა, რაც მას საბოლოო ჯამში ძალიან დიდ პრობლემად ექცევა. ეს თაღლითები როდესაც გადაწყვეტენ, რომ მას შეახოცონ ბოლომდე ხელი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ხალხს საწერ კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან, ყველაფერს ივანიშვილს დააბრალებენ.
– ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე გუნდი. შესაძლებელია, რომ ამ პრობლემას აცნობიერებს კიდეც და ამ კონტექსტში თქვა?
– მხოლოდ გაცნობიერება არ არის საკმარისი. მოქმედებებია საჭირო. თუ ის არ იმოქმედებს, მაშინ ეს ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა