გია ხუხაშვილი: ‘სალომე ზურაბიშვილი ათამაშებს იარაღს, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში გაირტყას, რასაც ვერ ვიტყვი”

გია ხუხაშვილი: 'სალომე ზურაბიშვილი ათამაშებს იარაღს, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში გაირტყას, რასაც ვერ ვიტყვი''სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს „ქართული ოცნების“ ტრადიციას, რასაც პოლიტიკური მაზოხიზმი ჰქვია, ათამაშებს იარაღს, რომელიც შეიძლება ხან ფეხში გაირტყას და ხან ისეთ ადგილებში, რასაც ვერ ვიტყვი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და არა საქართველომ, არის მცდელობა, საზოგადოებრივი განწყობის კვალდაკვალ, საკითხთან მიმართებაში მისი ადრინდელი პოზიციის კორექტირება მოახდინოს.

„პოლიტიკოსები კორექტივებს აკეთებენ საზოგადოებრივი განწყობის კვალდაკვალ. ეს ჩვეულებრივი ამბავია საარჩევნო კამპანიის დროს. შეცდომის აღიარება არავის უყვარს, ამას ურჩევნია რაღაც დააკორექტიროს და იმედი იქონიოს, რომ ყველას სჭირს ამნეზია და არ ახსოვს, გუშინ რას ამბობდა ზურაბიშვილი. ის ამბობდა, რომ „ჩვენ ჩვენი მძინარე მოსახლეობა დავბომბეთ ცხინვალში“ და არა იმას, რომ შეიარაღებული დაპირისპირება იყო ორ მხარეს შორის. დღეს მისი რიტორიკა იყო ის, რომ კონტრშეტევა განეხორციელებინა, გაეხსენებინა ბნელი 9 წელი და სააკაშვილის დანაშაული. სააკაშვილმა რომ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ არ არის ხელისუფლებაში. ზურაბიშვილი ამბობს, რომ წარსულში ნუ ვიქნებით, მომავალში გავიხედოთო, უბედურება ზუსტად ამაშია, რომ სააკაშვილი წარსულია და ზურაბიშვილს კი უნდა ჩვენი მომავალი იყოს, თან ისეთი მომავალი, რომელიც ფაქტობრივად, თავისი რიტორიკით საერთაშორისო სასამართლოებში იძლევა თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ჩვენებებს. როგორც კი ის პრეზიდენტი გახდება, მისი თითოეული ფრაზა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნება გამოყენებული. ვფიქრობ, დღევანდელი გამოსვლით მან თავი კიდევ უფრო დაიზიანა. აჩვენა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით წინ და უკან იფარფატოს.

ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი ქვეყნის ადვოკატია პირველ რიგში და მიშა რომ ცუდია, ამის სათქმელად საკუთარი ქვეყანა დააზარალო, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არის პოლიტიკური მაზოხიზმი. სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს „ქართული ოცნების“ იმ ტრადიციას, რასაც პოლიტიკური მაზოხიზმი ჰქვია. საქართველოს ისტორია მიშადან „ოცნებამდე“ არის, თუ როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე, იმაზე, თუ როგორც შეუძლია ზურაბიშვილს იარაღი ათამაშოს და ხან ფეხში გაირტყას და ხან ისეთ ადგილებში, რასაც ვერ ვიტყვი. ახლა ეს მოცემულობა გვაქვს. ის ახლა არ არის თავისი ქვეყნის ადვოკატი. ის ჰააგის სასამართლოში გამოჩნდა როგორც „პროკურორი“, ის ფაქტობრივად, არის ქართული მხარის მოწინააღმდეგე. ეს უკვე გაფორმდა და უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს. რუსეთს უკვე ჩანიშნული აქვს ეს განცხადებები. საერთაშორისო სამართლის ენაზე სახელმწიფო მეთაურის მიერ გამოთქმული ყველა ფრაზა არის დადასტურებული ფაქტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველომ დაბომბა მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს არის პოლიტიკური სიბრიყვე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ზურაბიშვილი ბნელ ძალებზე მუშაობს, მაგრამ მან დაარღვია პოლიტიკური ეთიკა და მისი გამონათქვამები იქნება თავისი „კლიენტის“ – საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენებული. ეს არის პრობლემა, რომელიც აღარ დაიხურება, რაც არ უნდა თქვას. მან გაისროლა ეს სიტყვა, რუსეთმა ჩაიწერა და ამას გამოიყენებენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ შეწუხდა და ცდილობს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში კორექტივები შეიტანოს, რაც შეუძლებელია.

„დღევანდელი განცხადება ტოვებდა დაწერილი ტექსტის წაკითხვის შთაბეჭდილებას, მაგრამ ყველაფერს ვერ დაუწერენ, ეს შეუძლებელია. მე რომ სულელურ კითხვებს მისვამენ, სხვას რატომ არ უსვამენო? – კითხულობს. სხვას იმიტომ არ უსვამენ, რომ ის სხვა ხელისუფლებაში არ არის. მას უნდა მის საარჩევნო კამპანიაში მიშა სააკაშვილზე ვილაპარაკოთ? კი, ბატონო, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ მასთან გვაქვს საქმე და არა მიშა სააკაშვილთან, რომელიც ამ ქვეყნის წარსულია. ზურაბიშვილს ხომ უნდა, რომ მომავალი იყოს? მომავალში რომ ვიყურები, ამიტომ არ ველაპარაკები მიშა სააკაშვილზე. მე მისი პრობლემა მაწუხებს, არადა მას აქვს პრობლემა ლოგიკური აზროვნების“, – განაცხცადა გია ხუხაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს, დღეს საკუთარი შტაბის გახსნაზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო-რუსეთის ომი ცხადია, რუსეთმა დაიწყო.

“რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? ამაზე მე არასდროს მითქვამს, ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.