გიგლა ბარამიძე – “მარიხუანის შემდეგ, “ოცნება” ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს”

გიგლა ბარამიძე - "მარიხუანის შემდეგ, "ოცნება" ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს"რატომ დაუწყო “ოცნებამ” ეკლესიას ბრძოლა, რა ვერ გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა, აქვს თუ არა ეკლესიას საერო საქმეებში ჩარევის უფლება, რა გეგმით მოქმედებს ივანიშვილი და რატომ არ უნდა მოდუნდეს ხალხი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
– ერთი კვირის წინ, თქვენ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრეთ, რომ “ოცნება” ეკლესიის გასახლეჩად სხვადასხვა სცენარებს ამუშავებდა. ციანიდის საქმეს თავიდანვე ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია უწოდეთ. “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დღეებში ღიად დაუპირისპირდა ეკლესიას და განაცხადა, რომ სასულიერო პირები იმ საქმეში ერევიან, რაც მათი საქმე არ არის. ბევრმა ეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიასთან დაპირისპირების დაწყებად მიიჩნია, თქვენ რას ფიქრობთ?
– წინა ინტერვიუებში არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ “ოცნებამ” ციანიდის საქმის სახით ქართული ეკლესიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მოაწყო. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადება იყო, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს.
ეკლესიის და საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო “ოცნებამ”, მაგრამ ამას ჩუმად და ნელა ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც ეკლესიამ მარიხუანის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, “ოცნება” ღია ბრძოლაზე გადავიდა.
– რატომ უნდა გამოეცხადებინა “ოცნებას” ეკლესიისთვის ბრძოლა? სასულიერო პირების დიდი ნაწილი 2012 წელს მის მხარეზე იყო.
– 2012 წელს სასულიერო პირებს “ოცნების” მხარე არ დაუჭერია. მაშინ ისინი ნაციონალების რეჟიმის დასრულებას უჭერდნენ მხარს. ხელისუფლებაში ნაციონალების დარჩენა ქვეყანას დაღუპავდა, ამიტომაც დაიკავა ეკლესიამ მაშინ პრინციპული პოზიცია. ქვეყანა დაღუპვისკენ მიჰყავს “ოცნებასაც” და ახლაც პრინციპულ პოზიციაზე დადგა ეკლესია. საგანგებო განცხადებაში საპატრიარქომ მკაფიოდ თქვა, რომ ისინი არ დაუშვებენ საქართველოში მარიხუანის წარმოების დაწყებას.
როგორც ჩანს, მარიხუანის პლანტაციების გაშენება ადრევე იყო ჩაფიქრებული. “ოცნების” ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ეკლესია ამას დაუპირისპირდებოდა და ამიტომაც დაუწყეს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ბრძოლა. ციანიდის საქმეს ეკლესიის და საპატრიარქოს პოზიციები უნდა შეერყია. იმ დონეზე უნდა შეერყია, რომ როდესაც თავიანთი ბინძური საქმეების კეთებას დაიწყებდნენ, სასულიერო პირებს ხალხი გარეთ ვერ გამოეყვანათ.
– ციანიდის საქმემ ეკლესიის ავტორიტეტს დიდი ზიანი მიაყენა. შეძლებს ეკლესია ხალხის გამოყვანას ქუჩაში, თუ “ოცნება” მარიხუანის პლანტაციების გაშენების იდეას უკან არ წაიღებს?
– ამ საკითხზე ეკლესიას ყველა გვერდით დაუდგება და ასეულობით ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში. დაიმახსოვრეთ, მარიხუანის პლანტაციების გაშენება თუ გაუვიდათ, შემდეგი საკითხი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება იქნება. დარწმუნებული ვარ, სათანადო კანონპროექტი უკვე მომზადებული ექნებათ.
ეს რომ ასე არ ყოფილიყო, “ოცნების” მიერ არჩეული სახალხო დამცველი ასეთი ქორწინების დაკანონების აუცილებლობაზე არ ისაუბრებდა. აქამდე ამ თემაზე ხმამაღლა არავის უსაუბრია.
ეკლესიის წინააღმდეგ ბევრი სცენარი ჰქონდათ მოფიქრებული, მაგრამ ერთი და მთავარი – უფალი დაავიწყდათ. უფალმა ქართული ეკლესიის გახლეჩვა არ დაუშვა. მარიხუანის თემამ და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის უტიფარმა განცხადებებმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ერთმანეთთან დაპირისპირებული მეუფეებიც კი ერთ პოზიციაზე დააყენა.
ეკლესიამ და საზოგადოებამ რომ ასეთი პრინციპული პოზიცია დაიკავა ამ საკითხზე, ძალიან კარგია, მაგრამ საბოლოო გამარჯვება თუ გვინდა, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და არ მოვდუნდეთ.
ბიძინა ივანიშვილს მართვის თავისებური სტილი აქვს. იმ საკითხს, რისი გატანაც უნდა, მოულოდნელად გამოაგდებს. ატყდება ამაზე დიდი ამბავი, მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაჭამენ, ხალხი ორთქლს გამოუშვებს და მერე ამ თემას სადღაც მიჩქმალავენ. ცოტა ხანში, როცა ხალხი მოდუნდება, ამ საკითხს მიიღებენ. ასე მოხდა, როდესაც საკონსტიტუციომ მარიხუანის ლეგალიზება მოახდინა. ხალხი ამაზე ძალიან ღელავდა და როგორც კი მოდუნდნენ, გადაწყვეტილება მიიღეს. ასე იქნება ახლაც. და ეს თუ გაუვიდათ, შემდეგი კანონი, რასაც შემოიტანენ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება იქნება.
პოლიტიკურ-სოვდაგრულ-ვაჭრული გაერთიანება “ქართული ოცნება” გადაიქცა ქართველი ერის მტრად. ეკლესია რომ არ დამუქრებოდა, მარიხუანის წარმოების შესახებ კანონის განხილვას თუ დაიწყებთ, 100.000 კაცს გამოვიყვანთ ქუჩაშიო, ეს კანონი პირველი მოსმენით მიღებული იქნებოდა უკვე.
– მარიხუანის თემაზე ეკლესიას მართლაც უნდა დაეფიქსირებინა თავისი პოზცია, მაგრამ რამდენად გამართლებულია, როცა სასულიერო პირები წინასაარჩევნო კამპანიაში ერევიან? სალომე ზურაბიშვილი ეკლესიას კონკორდატის დარღვევაშიც ადანაშაულებს.
– დასავლური ეკლესიებისგან ქართული მართლმადიდებლური ეკლესია განსხვავდება. ის მხოლოდ ეკლესიური საკითხების დამამკვიდრებელი არ არის. ქართული ეკლესია ქართული ეთნოსის გადამრჩენელია და ეროვნულ-პატრიოტულ მოძრაობასაც ხშირად ის წარმართავდა.
ქართული ეკლესია მარტო სახარების კითხვით არ შემოიფარგლებოდა, ჩვენი სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებშიც. აქედან გამომდინარე, ეკლესია ქართველებისთვის მხოლოდ ლოცვების სარიტუალო ინსტიტუტი არ არის. ეკლესიას სრული მორალური უფლება აქვს, რომ თავისი მოსაზრებები მრევლს უთხრას.
თავისი არსებობის მანძილზე საქართველო ხშირად იყო სამთავრობოებად დაშლილი. როცა სახელმწიფო ჩამოშლილი იყო, ამ დროს ქართული გენის და ქართველი ხალხის ერთადერთი გამაერთიანებელი ეკლესია გახლდათ. აი, აქედან გაჩნდა ფორმულა – ერი და ბერი. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა რომ უნდა, საქართველოს ისტორიაც წაიკითხოს და მერე აღარ გაუჩნდება ასეთი აზრები ეკლესიის მიმართ.
– შეიძლება იმიტომ გაღიზიანდა სალომე ზურაბიშვილი, რომ ერთმა ეპისკოპოსმა კანაფის დედოფალი უწოდა, მეორემ – დაფრანგული ქალბატონი. ამის უფლება ჰქონდათ სასულიერო პირებს?
– რატომ არ ჰქონდათ? ვახტანგ გორგასალს, რომელსაც ამხელა დამსახურება აქვს ერის წინაშე, ეპისკოპოსმა ორი კბილი ჩამოუგდო მცხეთაში. სასულიერო პირები რომ საერო პირებს უპირისპირდებიან, ეს ახალი ამბავი არ არის. ასეთი რამ ისლამურ სამყაროშიც მომხდარა.
რატომ უკვირს იმ ქალბატონს სასულიერო პირების ასეთი მკვეთრი რეაქცია? როცა ტერიტორიები დაკარგული გაქვს და ასეთ დროს შენ ქვეყანას ადანაშაულებ ომის დაწყებაში, ეს არასწორია. სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ მისი პროვოკაციაში ცხვირის ჩაყოფა ომის დაწყებას არ უნდა დაუკავშირო. ეს სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ასეთ რამეს დიპლომატი კი არა, ორღობის შტერი არ იტყვის.
ეს ქალბატონი მართლმადიდებელიც არ არის. ამის უფლება, ცხადია, აქვს, მაგრამ ცნობიერებით აშკარად სხვაგანაა გასული და დაანებოს ეკლესიას თავი.
ახლა რაც შეეხევა კონკორდატს. რომ დაუჩემებია ეს სიტყვა, იცის, საერთოდ, რას ნიშნავს?
კონკორდატი ლათინური სიტყვა გახლავთ და ითარგმნება, როგორც თანხმობა. კონკორდატო ნიშნავს – ვარ თანხმობაში. ეს კანონიკური ტერმინი რომის პაპს ეკუთვნის. კონკორდატის მრავალი ფორმა არსებობს. იყო ბოლონიის კონკორდატი, ცნობილია ნაპოლეონის კონკორდატი. ისტორია იცნობს ნაცისტურ გერმანიასთან გაფორმებულ კონკორდატს.
ქართულ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატში არსად წერია, რომ ეკლესიას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევა ეკრძალება. არც იმაზეა საუბარი, რომ ეკლესიას ხელისუფლებისთვის რამე აზრის მიწოდება ეკრძალება.
ამათ კონკორდატი რა ჰგონიათ, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებენ, ეკლესია გატრუნული იქნება და მარტო სანთლებს აანთებს?! ასეთი რამე არსად ხდება.
მოდით, ისიც ვთქვათ, რა არის ეკლესია – ეკლესია მისი მრევლია. პატრიარქმა თუ მრევლის სათქმელი არ უთხრა ხელისუფლებას, მაშინ სად არის ერი და ბერი?!
როდესაც ეკლესია თავის აზრს გამოთქვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს საქმეებში ერევა.
ეკლესია ძალიან ბევრ ქვეყანაში ერევა სახელმწიფოს საქმეებში. ავიღოთ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი. იქ სასულიერო პირები მაღალ თანამდებობებზე სხედან.
ავიღოთ თუნდაც საფრანგეთი. იქ კათოლიკური ეკლესია პირდაპირ ლობირებს პოლიტიკურ ძალებს. ფრანგულ პოლიტიკაში ასევე აქტიურად ერევიან იეზუიტური და ოპუს დეის ორდენები.
სალომე ზურაბიშვილი არც ამის აზრზეა, ან იცის და დენიკინის დროინდელი დაქალები რომ ჰყავს, იმათ არწმუნებს – ევროპაში ეკლესია საერო საქმეებში არ ერევაო.
ეკლესიაზე საუბრის გარდა, მან არაერთი სულელური განცხადება გააკეთა. ყველას სისულელეს ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთზე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება – დაიჩივლა, საქართველოში ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია არ მიდისო.
მინდა მივმართო ამ ქალს და ვუთხრა, რომ თავად არის კლასიკური მაგალითი იმისა რომ საქართველოში ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია არ მიდის. საფრანგეთით შეგვაწუხა და ამ ქვეყნის მაგალითზე მოგახსენებთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება საფრანგეთში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მმართველმა პარტიამ რომ დააფინანსოს. ეს რომ იქ მომხდარიყო, ხომ დაამხობდა ფრანგი ამომრჩეველი ხელისუფლებას თავზე ყველაფერს.
საფრანგეთში ცხოვრობდა, შეგვაწუხა ამ საფრანგეთით და აზრზე არაა, რა ხდება იმ ქვეყანაში. ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ მრჩევლებს რა ვუთხარი, ბიძინა რომ დაარწმუნეს, ეს ქალი კარგი კანდიდატიაო.
ამ ქალმა კიდევ კარგად წაიკითხოს, რას ნიშნავს კონკორდატი. ის სასულიერო პირებს თავის აზრის გამოთქმას არ უკრძალავს. მამაოებმა მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვეს და არ უთხოვიათ, თანამდებობებზე დაგვნიშნეთო. თანამდებობაზე ეს ქალია გადარეული. ისე უნდოდა თანამდებობა, რომ 2009 წელს სისხლიან ვანო მერაბიშვილს ლამის კაბინეტში შეუვარდა, შენი მოადგილე ვიქნებიო. მართალია, ეს შეთავაზება ვანოსგან წამოვიდა, მაგრამ არცერთ ოპოზიციონერს თავში აზრად არ მოსვლია, ამას დათანხმებოდა.
ეკლესიის წინააღმდეგ ათას სიბინძურეს აწყობენ “ოცნების” წევრები. რელიგიურ დღესასწაულებზე უტიფრად მიდიან ეკლესიაში და თავის სიგრძე სანთლებით დგებიან გამოსაჩენ ადგილას. მოვუწოდებ სასულიერო პირებს, არ მიიღონ ეს ფარისევლები ეკლესიაში.
ბიძინა გამალებით ცდილობს, რომ ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი პრეზიდენტად დანიშნოს. რა გარანტია გვაქვს, რომ მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოს საწინააღმდეგო საქმეს არ გააკეთებინენ. ჯერ პრეზიდენტად არ მოსულა და უკვე ღალატობს ქვეყანას, როცა ამბობს, ომი საქართველომ დაიწყოო.
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ინსტიტუტი ისე გააუპატიურა, რომ მომავალი პრეზიდენტი ქელეხებში და ქორწილებში თუ ივლის. ამიტომ ტყუილად იბრალებს, ამას ვიზამ, იმას ვიზამო. არაფრის უფლება არ ექნება, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად ავნებს.
არ ვიცი, რატომ დათანხმდა ივანიშვილი მის კანდიდატურას, მაგრამ სადაც ის თქვა, ხალხი ცუდად როგორ ცხოვრობს, ამდენი მანქანა დადის ქალაქშიო, არც ზურაბიშვილის მხარდაჭერა უნდა გაგვიკვირდეს. ევროპაში ჯართად გადაყრილი მანქანები მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობის საზომად. ეგრე თუ ფიქრობს, მაშინ მარიხუანის კი არა, ყაყაჩოს პლანტაციებიც დასათესი ჰქონია.
ხალხს ატყუებენ, რომ მარიხუანა საზღვარგარეთ უნდა გაყიდონ. ეს სეგმენტი ისეა აწყობილი საზღვარგარეთ, რომ იმ ბაზარზე ფეხს არავინ მოგვაკიდებინებს. “ბორჯომი” გადასარევი მინერალური წყალია, მაგრამ უცხოეთში ვერ დაიმკვიდრა თავი.
დენიკინის დროინდელ დაქალებთან რომ სვეცკაობს ზურაბიშვილი პარიზით, ის მოგვიყვეს, რომელი მინერალური წყალი იყიდება იქ. საფრანგეთში მინერალური წყალი “პერიე” იყიდება, “ბორჯომს” არც კი შეასუნინეს იქ. ასევე მოხდება მარიხუანის შემთხვევაშიც.
როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ გითხარით, რომ უცხოეთში უკვე მოძებნილი ჰყავდათ ფირმები, რომლებსაც ამ ბიზნესში ჩართავდნენ. ახლა პლანტაციების მოწყობა უნდათ და ამით უკვე ბევრი ბიზნესმენი დაინტერესდა.
ვიცი რამდენიმე ბიზნესმენი, რომელიც მზადაა, თავისი ბიზნესი დათმოს იმის სანაცვლოდ, რომ მათ ხელთ არსებულ მიწებზე მოიყვანონ მარიხუნა. ეს ბიზნესმენები ახლა ივანიშვილთან და “ოცნების” სხვა ლიდერებთან მისასვლელ გზებს ეძებენ. ზოგმა ეს გზა უკვე იპოვა.
ხალხი და ეკლესია თუ უკან დავიხევთ, აქ აუცილებლად გააშენებენ მარიხუანის პლანტაციებს. ამ ბიზნესს რამდენიმე ოჯახი ჩაიგდებს ხელში და დაიწყება სისხლიანი გარჩევები. იმისთვის, რომ სიმართლე არავინ გაიგოს, თავიანთ პლანტაციებში მენეჯერებად და მცველებად უცხოელებს გაამწესებენ. ბორდელებშიც ასეა.
ახლა ხომ ყველასთვის ნათელია, თუ რატომ მოუწყო “ოცნებამ” ეკლესიის წინააღმდეგ ოპერაცია, სახელად ციანიდი. მარიხუანის წარმოებისთვის ემზადებოდნენ, იცოდნენ, რომ ეკლესია ამის წინააღმდეგი წავიდოდა და მისი იმიჯის შელახვას შეეცადნენ. ისე უნდა შელახულიყო ეკლესიის იმიჯი, რომ ხალხი გარეთ ვეღარ გამოეყვანათ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა